გელა წულაძე ქართველ თანამედროვე ხელოვანთა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. არტისტი, რომელიც მამით ქართველი, დედით კი ფრანგია, თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აღნიშნულ ერებთან როგორც ღრმად ემოციურ, ასევე მნიშვნელოვან შემოქმედებით კავშირსაც ამყარებს. 1980-იან წლებში საფრანგეთში მოღვაწე ხელოვანი დღეს საქართველოს კულტურულ ძვრებში აქტიურად მონაწილეობს, რასაც მის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ბათუმში არსებული არაერთი სკულპტურაც ადასტურებს. WHERE, Liberté, ველოსიპედი, ლოკოკინა - ეს იმ ნამუშევართა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართველი ხელოვანის თანაავტორობით შეიქმნა და დღეს ბათუმის ზღვისპირა ატმოსფეროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გელა წულაძის შემოქმედება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით, გამოსახვის პრიმიტივისტული ფორმებითა და სიყვარულის შესახებ გულწრფელი მანიფესტაციით გამოირჩევა.

 

 

„არც ერთი დღე წერტილის გარეშე!“ - ეს თქვენი ცხოვრების დევიზია. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? 

 

ხატვა 8 წლის ასაკში დავიწყე. მამა პროფესიით ფსიქოთერაპევტი იყო. ერთ დღეს კაბინეტში დამიბარა და მისი პირადი ასისტენტობა შემომთავაზა. მითხრა, რადგანაც “მხატვრობ”, მოდი, დამეხმარე და ჭერზე ერთი შავი წერტილი დამიხატეო. მამა ამ წერტილს პრაქტიკაში ყოველთვის იყენებდა, რადგან ეს იყო წერტილი, რომელსაც პაციენტები ჰიპნოზის მდგომარეობაში შეჰყავდა. ასე რომ, ჩემს პირველ წერტილზე ბევრი ქვეცნობიერი გაიხსნა. მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია დავასრულე და ძიება დავიწყე იმის შესახებ, თუ რა დამეხატა, მამას მიერ გადმოცემული ეს საჩუქარი - კოლექტიური ქვეცნობიერი - გამახსენდა და ამის შესახებ დავიწყე მოყოლა. დროთა განმავლობაში დევიზი დაფუძნდა: “არც ერთი დღე წერტილის გარეშე”, სადაც წერტილი ყოველდღიური შრომის დაფიქსირებას აღნიშნავს.

 

 

რა მოვლენამ გაგიღვივათ ხელოვნებისადმი ინტერესი თავდაპირველად?

 

ძალიან შორეული წარსულია, მიჭირს გახსენება. ალბათ მაინც ფერების სიყვარულმა.

 

 

გახსოვთ თქვენი პირველი ნამუშევარი? 

 

ჩემი პირველი ნამუშევარი ასახავს ზღვის პირას მოსეირნე ველოსიპედისტს, რაც ახლა ბათუმში ჩემი ყოველდღიური რუტინის ანარეკლია.

 

 

Dot Comma Experience თქვენი საავტორო ფილმია. რა იდეების მატარებელია ნამუშევარი?

 

Dot Comma Experience ის ფილმია, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების 30 წელს მივუძღვენი. ფილმის ჩვენება პარალელურად სამ ქალაქში მიმდინარეობდა - პარიზში, მოსკოვსა და თბილისში. პარიზში Dot Comma Experience-ის ხილვის საშუალება მსურველებს პომპიდუს ცენტრის გასწვრივ, დიდ კედელზე, თეთრი ღამეების ფარგლებში 2009 წელს ჰქონდათ. რაც შეეხება მოსკოვს, ფილმის ჩვენება მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობდა, სადაც ასევე ჩემი ნამუშევრები, ზეთის საღებავებით შესრულებული 18 ნახატიც იყო გამოფენილი. ეს ნამუშევრები ფილმში კადრებად გვხვდება. თბილისში კი ფილმი კლუბ 33ა-ში აჩვენეს.

 

Dot Comma Experience-ის მთავარი იდეა ასეთია: წერტილში მთელი გალაქტიკა აისახება, ხოლო მძიმე დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებს აერთიანებს. თუმცა აქ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი წერტილისა და მძიმის პირდაპირი ინტერაქციაა. ფილმის მსვლელობისას დგება მომენტი, როდესაც აღნიშნული ორი მოცემულობა ერთმანეთს ერწყმის და საბოლოოდ ისინი ერთ მთლიანობად იქცევა.

 

 

როგორია ნამუშევრის შექმნის პროცესი?

 

შექმნისაკენ ყოველთვის სიცოცხლის იდუმალება მიბიძგებს და წინასწარ არასდროს ვიცი რომელი მიმართულებით გადავწყვეტ წასვლას. წარმოდგენილ ნახატსაც კი არ ვქმნი, რადგან იგი პროცესში დამოუკიდებლად იბადება და ამ შემთხვევაში მე მხოლოდ გამტარის როლი მეკისრება.

 

 

თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ განათლების მიღება ჯერ პარიზის დეკორატიული ხელოვნების უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში გააგრძელეთ. ძირითადად რა სახის შემოქმედებით კრიზისებს აწყდებოდით 1980-იანი წლების საქართველოში და შეცვლილია თუ არა დღეს სიტუაცია?

 

80-იანი წლები პარიზში გავატარე, შემოქმედებითი ძიების პერიოდი კი 70-80-იან წლებს მოიცავს. იმ დროს ადამიანები, შეიძლება ითქვას, ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობდნენ. საბჭოთა კავშირის ეპოქაში სამხატვრო აკადემიის სწავლება ჯერ კიდევ სეზანის სკოლასა და რენესანსზე იყო გაჩერებული. თავისუფლება არ არსებობდა. დღეს კი სულ სხვა მოცემულობაა და ამ მხრივ ახალგაზრდები თავისუფალ შემოქმედებას უკვე ეჩვევიან.

 

1990-იანი წლები ნიუ-იორკში, სასტუმრო “ჩელსიში” გაატარეთ, რომლის კედლები და ავეჯი ქართული კალიგრაფიით გაამრავალფეროვნეთ. მოგვიყევით ამ ნამუშევრების შესახებ.

 

Chelsea Hôtel ჩემთვის აღმოჩენა იყო, რადგან იქამდე არ მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისიდან უამრავ დიდ შემოქმედს ეცხოვრა იმ სასტუმროში, სადაც მეც ვცხოვრობდი. ჯეიმს ჯოისი, მარლენ დიტრიხი, ედით პიაფი, ენდი უორჰოლი, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი, ბობ დილანი, ჯენის ჯოპლინი, ჯულიან შნაბელი და მე. 

 

სასტუმროს ოთახებს ძირითადად იქ მცხოვრები ხელოვანები ხატავდნენ. ეს თავად მათ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც ერთ-ერთ ოთახს ჩემი ინიციატივით ქართული კალიგრაფიებიც დაემატა. ოთახი 631, რომელშიც მე ვცხოვრობდი, იაპონელი მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრებით უკვე სავსე იყო და შესაბამისად, ქართული კალიგრაფიები დავამატე იქ, სადაც თავისუფალი ადგილი გამოვნახე.

 

 

ფიროსმანი თქვენი შთაგონებაა. ამას თქვენი სერია სულის ვარიაციებიც (Variations of the Soul) ადასტურებს. საინტერესოა, როგორ ხედავთ სამყაროს, რომელსაც ცნობილი ქართველი მხატვარი გთავაზობთ?

 

ფიროსმანი არის ქართული თანამედროვე ხელოვნების წამომწყები. იმდროინდელი მხატვრობისათვის იგი იყო პირველი ნოვატორი და ამავდროულად, ფოტოგამჟღავნების თანამედროვე პრინციპით, ფოტოგრაფიის კონკურენტიც. მან შავ მუშამბაზე დაიწყო ხატვა, რომლის საშუალებითაც სინათლე პირდაპირ ამოჰყავდა ნახატზე, ხოლო სიბნელის საჩვენებლად შავი მუშამბის ფონს იყენებდა. პოლაროიდების არსებობამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ფიროსმანი მხატვრობას სწორედ აღნიშნულის ეფექტს აძლევდა და ამ კუთხით, იგი იმ ეპოქის პოპ-არტისტადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მაშინ, როცა ადამიანებს რუსული კლასიციზმისაგან თავი ჯერ კიდევ ვერ დაეღწიათ, ფიროსმანი მათ ახალ ხედვას სთავაზობდა, რომელიც დასავლურ ფერწერასაც უწევდა კონკურენციას და ამავდროულად, თბილისის დუქნებში დასავლურ-აღმოსავლურ საზღვარსაც ავლებდა. ფიროსმანის შემოქმედებითი მანერა იმდროინდელი ფერწერის თანამედროვე სახე იყო.

 

 

სულის ვარიაციების სერიაზე მუშაობის იდეა ბუნებრივად დაიბადა და იგი, რა თქმა უნდა, ფიროსმანს ეძღვნება. ნიკალას მსგავსად, ჩემს სერიაში შესული ნამუშევრებიც მუშამბაზეა შესრულებული, რომელიც ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, ძირითადად, მაგიდის გადასაფარებლად გამოიყენება. ამ სერიაში სულის იდეა აბსტრაქციის ნაწილია.

 

 

თქვენ ბათუმის სახელოვნებო სცენის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ხართ, რასაც თქვენი მნიშვნელოვანი წამოწყებები და ქალაქის ქუჩებსა თუ ზღვის სანაპიროსთან არსებული არაერთი ნამუშევარი ადასტურებს. რა ემოციური კავშირია ბათუმსა და გელა წულაძის პიროვნებას შორის?

 

მოკლედ გიპასუხებთ: ბათუმი აღმოჩნდა ჩემთვის სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორ ხალხთან და თავისუფლად შეიძლება, რომ პირიქითაც ითქვას.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tsouladze (@guelaxi)

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tsouladze (@guelaxi)

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tsouladze (@guelaxi)

 

თქვენს ნამუშევრებში გულის ფორმის გამოსახულებები ხშირად დომინირებს. რა კონცეფციას ატარებს ეს შემოქმედებითი მანერა?

 

ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი ეძებს ცხოვრებაში და თუ ენერგია, ენთუზიაზმი და რწმენა გაქვს, მას ხელს აღარ უშვებ. ეს სიყვარულია.

 

 

დაახასიათეთ თქვენი შემოქმედება რამდენიმე სიტყვით

 

მოჩვენებების აღმოჩენა.

 

 

როგორ ფიქრობთ, გამოსახვის როგორ ფორმას უნდა მიმართოს თანამედროვე მხატვრობამ?

 

დღეს აღარ გვჭირდება ქრონიკა, რადგან დღეს ფერწერა შინაგანი სიღრმისა და უხილავის გამოხატვაა.

 

 

ხელოვანები, რომელთა ნამუშევრებს თქვენსას ამსგავსებთ?

 

Henri Matisse, Julia Schneider და Aki kurida.

 

 

პანდემია ადამიანებზე, განსაკუთრებით ხელოვანებზე, უარყოფითად აისახა. როგორ უმკლავდებით ამ რთულ პერიოდს?

 

პანდემიის დროს ბათუმში, ჩემს სახელოსნოში, რომელიც 39-ე სართულზე მდებარეობს, პატარა სკოლა გავხსენი იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სწავლის გასაგრძელებლად დაბრკოლებებს აწყდებიან. სკოლა სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდას იღებს - ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მაგალითისათვის, სკოლაში გაწევრიანება 12 წლის მოზარდსაც შეუძლია და 30 წლის ზრდასრულსაც. სწავლების კონცეფცია ძირითადად ახალგაზრდებზე და მათ მხატვრულ განვითარებაზეა კონცენტრირებული. სკოლის პარტნიორია Peter Nobel, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი ნობელის ოჯახის წარმომადგენელია. იგი ის ერთ-ერთი კოლექციონერია, რომლის კოლექციის კონცეფცია გაზეთებზე შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. მისი კოლექცია მე-20 საუკუნის ცნობილი მხატვრებისა თუ ფოტოგრაფების 1600 ნამუშევარს უყრის თავს და მათ შორის ჩემი ნამუშევრების ხილვაცაა შესაძლებელი, რომლებიც გაზეთებზე 40 წლის წინ შევასრულე. ჩემი სახელოსნოს ახლად გახსნილი სკოლაში მოწაფეებს გაზეთებზე ხატვასაც ვთავაზობ და ამ ნაბიჯით ნობელის იდეას ვუერთდებით.

 

 

ამ მომენტში რა პროექტზე მუშაობთ?

 

უკვე დიდი ხანია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობ და განხორციელებისათვის კიდევ დიდი დრო ესაჭიროება. მსურს, რომ თბილისსა და ბათუმში ილია ზდანევიჩის სახელობის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი დავაარსო. ილია ზდანევიჩთან უშუალო შეხება ბავშვობაში მქონდა და შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრების თითოეული ეტაპი უმნიშვნელოვანესი სიახლეებით იყო სავსე. მაგალითად, ფიროსმანის აღმოჩენა, მისი ნამუშევრების შეძენა და ამ გზით ნიკალას უნიკალური საგანძურის ჩვენთვის დატოვება. ილია ზდანევიჩმა დააარსა “41 გრადუსი”, რომელიც საქართველოში პირველ ავანგარდულ ჯგუფს წარმოადგენდა. აღსანიშნავია მისი კოლაბორაციები შანელთან, პიკასოსთან, მიროსთან, ჯაკომეტთან და ა.შ. განსაკუთრებით ბოლო ათი წელიწადია, რაც ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან მის აქტიურ პროპაგანდას ვეწევი და მისი სახელობის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასაც სიმბოლური სახე ეძლევა.

 

 

რას ურჩევდით დამწყებ ხელოვანებს?

 

გაუძლონ პირველ 50 წელს.