როგორც მუსიკის ისტორია იყოფა პერიოდად სტრავინსკიმდე და სტრავინსკის შემდეგ, ისე შეგვიძლია გამოვყოთ ფოტოგრაფიაში ეპოქა რიჩარდ ავედონამდე და მისი გავლენიანი შემოქმედების შემდეგ. ავედონმა  ახალი სიტყვა თქვა პორტრეტების სამყაროში, დეკადების მანძილზე მისი ნამუშევრები ამშვენებდა ისეთი ჟურნალის ყდებსა და ფურცლებს, როგორიცაა: Vogue, Harper’s Bazaar, New Yorker და სხვა.



1923 წელს ნიუ-იორკში დაბადებულმა რიჩარდ ავედონმა მიატოვა დევიტ კლინტონის საშუალო სკოლა და მეორე მსოფლიო ომის დროს შეუერთდა სავაჭრო საზღვაო ქვეითებს. 1944 წელს გათავისუფლებისთანავე იპოვა სამსახური რამდენიმე ჟურნალში, მათ შორის, Harper’s Bazaar-ში, სადაც დაიბეჭდა მისი ნამუშევრები. 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ავედონი იღებდა ფოტოებს Harper’s Bazaar-ში მიმდინარე ყველა პროექტისთვის. ის იყო ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი, ვისაც ჟურნალში უმუშავია.



სამოდელო ბიზნესში ადგილი დაიმკვიდრა ცირკში მოდელ დოვიმას ფოტოსესიის შემდეგ. ცირკის ფონზე Dior-ის სამოსში გამოწყობილი მოდელი და სპილოები იმ დროისთვის პროგრესულ იდეად ითვლებოდა. ფოტოს უნიკალურობამ ნამუშევარი სიმბოლურ გამოსახულებად აქცია და ავედონსაც პირველი დიდი სიტყვა ათქმევინა მოდის სამყაროში.




1949 წელს ჟურნალმა Life ფოტოგრაფს შესთავაზა ფოტოების სერიის შექმნა, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა ნიუ-იორკის ყოველდღიურობა. ფოტოებს დაეთმობოდა მთელი ნომერი, ხოლო ავედონი ამ ნამუშევრებისთვის ჯამში 25000 დოლარს მიიღებდა. ქუჩაში გასულმა ფოტოგრაფმა გადაიღო ასობით ფოტო, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვიტა ამ პროექტზე უარი ეთქვა. ის ფიქრობდა, რომ ექცეოდა იმ ტრადიციის გავლენის ქვეშ, რომელიც დაამკვიდრეს ელენ ლევიტმა, პოლ სტრენდმა და უოლკერ ევანსმა.



„უბედურება იმაში იყო, რომ როცა ქუჩაში გამოვედი, უბრალოდ ვეღარ შევძელი ვერაფერი. არ მომწონდა ჩვეულებრივი, სრულყოფილი ადამიანების ცხოვრებაში დაუკითხავად შეჭრა. ისეთი აგრესიული საქმე ჩანდა... თანაც, მე აუცილებლად უნდა ვაკონტროლო ყველა ელემენტი გადაღების პროცესში და ამ დავალების დროს აღმოვაჩინე, რომ არ შემეძლო მეკონტროლებინა თაიმს სქვერი“, - აღნიშნავს ფოტოგრაფი.





ჟურნალების პარალელურად ავედონი მუშაობდა პორტრეტების არაერთ წიგნზე. 1959 წელს მან ითანამშრომლა ტრუმან კაპოტესთან წიგნზე, რომელიც ასწლეულის ყველაზე ცნობილ და გავლენიან ადამიანებს ასახავდა, უფრო კონკრეტულად: ბასტერ კიტონს, გლორია ვანდელბინტს, პაბლო პიკასოსა და ექიმ ჯ. რობერტს. ამავე პერიოდში ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უღებდა პაციენტებს ფოტოებს. მათი ცხოვრების სასტიკი რეალობა თამამი კონტრასტი იყო მის სხვა ნამუშევრებთან. წლების შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა მუშათა კლასის ამერიკელებს და აღბეჭდა მათი ცხოვრება. 



1965 წლის აპრილში ავედონმა დატოვა Harper’s Bazaar და ხელი მოაწერა Vogue-ში მილიონიან კონტრაქტს. ჟურნალში ის ისევ დიანა ვერილენდის ხელმძღვანელობით საქმიანობდა, მან უზრუნველყო  ფოტოგრაფი დაეცვა ცენზურისაგან და მისცა სრული თავისუფლება. 1973-1988 წლებში, როცა ანა ვინტურმა ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანამდებობა დაიკავა, “ვოგის” თითქმის ყველა ყდაზე ავედონი მუშაობდა.





„არ აქვს მნიშვნელობა რად ვთვლი საკუთარ თავს, და მაინც, ჩემი თავი პორტრეტების ფოტოგრაფად მიმაჩნია“, -  ავედონის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უჭირავს შავ-თეთრ პორტრეტებს, რომლებმაც მონუსხა მთელი მსოფლიო. მან გადაიღო მერლინ მონრო, ბობ დილანი, ჩარლი ჩაპლინი, ჯორჯია ო'კიფი, ენდი უორჰოლი; გამოუშვა პორტრეტების სერია The Beatles, რომლის პირველი სერიაც შედგებოდა ჯგუფის ხუთი ფსიქოდელიური პორტრეტისაგან; გადაიღო წამყვანი პოლიტიკური ფიგურების პორტრეტები - პრეზიდენტ ეიზენჰაუერისგან დაწყებული, მარტინ ლუთერ კინგით დამთავრებული.  





სხვა ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, ავედონის პორტრეტები ყოველთვის არ იყო ხელოვნურად იდეალური და აბსოლუტურად რეალურ სახეებს აღბეჭდავდა. მას ნაკლებად აინტერესებდა როგორ ხედავდნენ ვარსკვლავები საკუთარ თავს. მარტივად რომ ვთქვათ - რა უფლება აქვს ტექსტს მიბრძანოს, როგორ დავწერო, ან ვაშლმა მითხრას, როგორ დავხატო?! ამიტომაც, დაუვიწყარია 1958 წელს გადაღებული კოკო შანელის პორტრეტი, დიზაინერმა არასოდეს აპატია ავედონს ამ ერთი კადრით მისი ასაკის გამოაშკარავება. 




1981 წელს რიჩარდ ავედონმა ისევ აალაპარაკა კაცობრიობა - შექმნა კიდევ ერთი დაუვიწყარი პორტრეტი - ფეხმძიმე მსახიობი ნასტასია კინსკი - ის ორი საათი იწვა სტუდიის ცივ ბეტონზე უზარმაზარ ბირმულ პითონთან ერთად, როცა პითონმა ენა გამოყო მსახიობის ყურთან, ფოტოგრაფმა იდეალური კადრი დაიჭირა. სურათი დაიბეჭდა როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი  და გაიყიდა ორ მილიონზე მეტი ასლი.





1992 წელს ავედონმა, როგორც ფოტოგრაფმა  მუშაობა დაიწყო New Yorker-ში, ეს იყო პირველი შემთხვევა ჟურნალის 67-წლიან ისტორიაში. ჟურნალთან თანამშრომლობის ფარგლებში მან გადაიღო შარლიზ ტერონი, ჰილარი კლინტონი და კრისტოფერ რივი. ავედონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსიუჟეტი მისივე პოსტაპოკალიფსური მოდის იგავ-არაკია ბატონსა და ქალბატონზე - 1995 წელს გადაღებულ ფოტოზე ვხედავთ ნაჯა აურმანსა და ჩონჩხს. 



რიჩარდ ავედონის ფოტოებმა დაამკვიდრა ნარატივის ახალი, არატრადიციული ფორმები; უგულებელყო გაცვეთილი, სტატიკური კადრები და ისინი ჩაანაცვლა ენერგეტიკით; უარი თქვა უემოციო მოდელებსა და ფოტოგრაფიის სტანდარტულ ტექნიკაზე. მისი ყოველი კადრი მოგვითხრობს ამბავს, ისტორიას ქალის ელეგანტურობასა და სილაღეზე. მან აჩვენა მოდელები, რომლებიც იცინოდნენ და ხტებოდნენ კიდეც ობიექტივში.  



„მოძრაობის ძალაუფლება მისავე მოულოდნელობაშია. თქვენ არ იცით რას აპირებს ქსოვილი, რას აპირებს თმა... გარკვეულწილად შეგიძლიათ გააკონტროლოთ ის, თუმცა ამავდროულად, მზად იყოთ სიურპრიზისთვისაც. თქვენ ხვდებით, რომ როცა მე კადრს ვიღებ, წამებით ადრე ვაანალიზებ სიტუაციას, სხვანაირად კი ძალიან დავიგვიანებ“.



ავედონი ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა სამოსის ყოველი დეტალის ჩვენებაზე. მას სჯეროდა, რომ დამთვალიერებელი სურათის დანახვისთანავე თავად შეთხზავდა ისტორიას სამოსზეც და მოდელზეც. მისი წამყვანი ქალბატონები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ გახვეული რაიმე სახის დრამაში, ფოტოგრაფს წინასწარ ჰქონდა შეთხზული ისტორია მათზე. მის ნამუშევრებში ვხედავთ დიდ ქალაქში დაკარგულ ქალბატონს, რომელიც მარტოსულია; ვხედავთ ქალბატონს, რომელიც ჰისპანო-სუიზასში ატარებს დროს ჯენტლმენებთან; ვუყურებთ მოწყენილ ქალს, რომელიც უარს ამბობს ყველა მამაკაცზე.  



2004 წელს 81 წლის  ამერიკელი ლეგენდა, ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი - რიჩარდ ავედონი New Yorker-ისთვის ფოტოსესიის დროს გარდაიცვალა.