თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს ციფრულ ფორმატში 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ექვსი დღის განმავლობაში გაიმართება, უკვე დაიწყო. მათთვის კი, ვინც მთელი წელიწადი დეკემბრის ამ დღეებს ელოდება, Hammock Magazine TBC კონცეპტთან ერთად ფესტივალის ყველაზე საინტერესო რვა ნამუშევარს გაგაცნობთ.
“Druk / თრობა”
Thomas Vinterberg
ალკოჰოლის კულტურა, უცხო ექსპერიმენტი და სკოლის ოთხი მეგობარი, რომლებიც გადაწყვეტენ, სისხლში ალკოჰოლის დონე ერთ კონკრეტულ ნიშნულზე შეინარჩუნონ. “თრობის” მთავარი ფიგურა დანიელი მსახიობი მადს მიკელსენია. რუტინით დაღლილი შუახნის მასწავლებლების ისტორია და მათი ექსპერიმენტი კი ერთთავად დრამისა და კომედიის ელემენტებს აერთიანებს. მოქმედი გმირის სიტყვებით, სისხლში ალკოჰოლის 0.5%-ით მეტი კონცენტრაცია ადამიანს ამსუბუქებს, ზრდის მის კრეატიულობასა და ამცირებს უარყოფით ტალღებს. ფილმში “თრობა” სწორედ ეს მდგომარეობაა ასახული.
“Undine / უნდინე”
Christian Petzold
ზღაპრული მითოსის მოტივზე აგებული ამბის პერსონაჟი - უნდინე ისტორიკოსია და ბერლინის ურბანულ ცვლილებაზე ლექციებს კითხულობს. საყვარელი ადამიანისგან მიტოვებულ უნდინეს თითქოს ანტიკური მითი ეწევა, თუმცა პერსონაჟი ფორმულირებულ გზას თავადვე ცვლის, მითოლოგიური წყლის ფიგურას კი თანამედროვე ზღაპრის გმირად აქცევს. ფილმი საერთაშორისოდ აღიარებულ გერმანელ რეჟისორს, ქრისტიან პეტცოლდს ეკუთვნის. წყალქვეშა სამყარო და ფენტეზის ჟანრობრივი მახასიათებლები თავს განსაკუთრებულად “უნდინეს” ვიზუალში იჩენს, შინაარსით კი ფილმი ადამიანურ კავშირს, წყლის ძალასა და გერმანულ ლეგენდას ეხება.
"Summer Of ‘85 / 1985-ის ზაფხული"
Francois Ozon
ოთხმოციანები, ნორმანდის ზღვისპირა კურორტი და ზაფხულის არდადეგები - ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ოზონი ამჟამად თექვსმეტი წლის ალექსეის ახალგაზრდულ შეგრძნებებსა და მისთვის აქამდე უცნობ სურვილებს შეისწავლის. სიუჟეტური ხაზის უცნაური განვითარება, თინეიჯერის გადაწყვეტილებები, დანაკარგი, დაძაბულობა და ხშირი იუმორი - “1985-ის ზაფხული” ნოსტალგიური ელემენტებით დატვირთული, ოზონისთვის დამახასიათებელი თემატიკის მქონე ამბავია.
"Modell Olimpia / მოდელი ოლიმპია"
Frédéric Hambalek
შვილის შემაშფოთებელი აკვიატების ჩასახშობად დაბნეული დედა უცნაურ გეგმას ადგენს. ასეთი მოკლეა გერმანელი რეჟისორის, ფრედერიკ ჰამბალეკის სადებიუტო ნაშრომი - “მოდელი ოლიმპიას” დახასიათება. მინიმალისტური მიდგომა და სიუჟეტის ერთ სივრცეში განვითარება ფილმის წამყვანი ელემენტებია. მცირე შეფასების მიუხედავად, გამორჩეულად აღინიშნა რეჟისორის ინდივიდუალური ხედვა.
“Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა”
Hong Sangsoo
სამხრეთკორეელი რეჟისორის, ჰონგ სანგ-სუს ნამუშევრები ხშირად გრძელი, ყოველდღიური დიალოგით გამოირჩევა, ამ მხრივ გამონაკლისი არც მისი უახლესი ფილმია. სანამ ქმარი ბიზნესშეხვედრაზეა წასული, გამი სეულის სხვადასხვა კუთხეში თავისი მეგობრების მონახულებას გადაწყვეტს, თუმცა მათთან ურთიერთობისას თავს უცნაურად გრძნობს, თითქოს რაღაც რიგზე არაა.
"Apples / ვაშლები"
Christos Nikou
შუახნის არისი, ნამუშევრის მთავარი მოქმედი გმირი, აუხსნელი ამნეზიისა და მენტალური პრობლემის მსხვერპლი ხდება, ამ სირთულესთან საბრძოლველად კი გადაწყვეტს ახალი, ექსპერიმენტული მკურნალობის მონაწილე გახდეს. “ვაშლები” ბერძენი რეჟისორის, ქრისტოს ნიკოუს სადებიუტო ნაშრომია.
“Roads Not Taken / უვალი გზები”
Sally Potter
ოცდაოთხი საათი მამა-შვილის, ლეოსა და მოლის ცხოვრებიდან, მშობლის ქაოსური ემოციური მდგომარეობა და შვილის მცდელობა, სიტუაცია სტაბილურად მართოს. ნამუშევარი ინგლისელ რეჟისორს, სალი პოტერს ეკუთვნის. ემოციური სიუჟეტი და მუდმივი დაძაბულობა ამბის წამყვანი მახასიათებლებია.
“I Am Greta / მე ვარ გრეტა”
Nathan Grossman
დოკუმენტური ფილმი “მე ვარ გრეტა” 15 წლის აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის მცდელობას აღწერს. მცდელობას, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ისაუბროს ისეთ პრობლემებზე, როგორიც კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობაა.
დაწერე კომენტარი