Untitled Gallery - I had left my home early in the morning

უსახელო გალერეა  29 თებერვლიდან ლილიტ მატევოსიანის გამოფენას - “დილას ადრე დავტოვე სახლი” მასპინძლობს. გამოფენის შესახებ ვკითხულობთ: ბავშვობის მოგონებებზე, საოჯახო არქივებზე და ფოტოებზე დაყრდნობით ხელოვანმა პროექტი ნამუშევრად გარდაქმნა, როგორც ავტობიოგრაფიული ვიზუალური მოგზაურობა იმ ადგილებში, რასაც ერთ დროს  სახლი ერქვა. წარმოდგენილი ნამუშევარი არის წარსულის დოკუმენტური კვლევა პირადი ისტორიის პრიზმის გავლით - ეს არ არის ვინმე კონკრეტული ადამიანის ოჯახის ისტორია, არამედ არის ამბავი კავკასიის რეგიონში მცხოვრები მთელი თაობის, რომელიც იძულებული გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეეცვალა ადგილსამყოფელი უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად.




Mutant Talk Series

Mutant Radio  პანელური დისკუსიების სერიას Mutant Talks წარმოგვიდგენს, რომლის ფარგლებშიც მოდერატორები სტუმრებთან ერთად მუსიკასთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. პირველი სერია, რომელიც 24 თებერვალს Fabrika-ში გაიმართება, ელექტრონული მუსიკის სივრცეში გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება.




თბილისის არქიტექტურული კვირეული

2020 წლის თბილისის არქიტექტურული კვირეულის ფარგლებში 28 თებერვალს სასტუმრო Rooms Hotels-ში  კონფერენცია გაიმართება, სადაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ არქიტექტურის სხვადასხვა მიმართულებებში წამყვანი უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება გაიზიარონ.




BASSIANI / HOROOM: FAST FORWARD NIGHT

28 თებერვალს BASSIANI 2015 წელს დანიაში დაფუძნებულ პლატფორმას, FAST FORWARD PRODUCTIONS-ს მასპინძლობს, რომელიც ადგილობრივი სცენის ინოვატორ არტისტებს აერთიანებს. როგორც ღონისძიების შესახებ ვკითხულობთ,   სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პლატფორმის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უსაფრთხო საცეკვაო სივრცის შექმნა იყო. სექსიზმის, რასიზმის, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, FAST FORWARD-მა ერთგვარი ინკლუზიური სივრცე შექმნა, რომელიც საერთო ღირებულებების და ფასეულობების მქონე ადამიანებს აერთიანებდა.




DECODER X SPIRAL: FJAAK / TRYM / REMCO BEEKWILDER

DECODER წარმოგიდგენთ SPIRALI-ის  მეორე ტექნო სერიას, რომლის ფარგლებშიც თბილისს დუეტი Fjaak ეწვევა.  FJAAK-თან ერთად სცენა დაეთმობა საფრანგეთის ახალი თაობის ტექნო სცენის წამყვან ფიგურას - Trym-ს. SPIRAL-ის ტექნო სერიის მესამე წარმომადგენელი კი  ჰოლანდიელი არტისტი Remco Beekwilder-ია, რომელიც აგრესიული ტექნო სეტებით გამოირჩევა.




ბალიშის კაცუნა -  მუსიკისა და დრამის თეატრი 

27 და 28 თებერვალს მუსიკისა და დრამის თეატრში 2017 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარებული "ბალიშის კაცუნა" გაიმართება.  სანამ სპექტაკლს დაესწრებით, მარტინ მაკდონას პიესის ქართული დადგმის შესახებ შთაბეჭდილების შექმნა თავად თეატრის მიერ გამოქვეყნებული ამ პატარა ნაწყვეტითაც შეგიძლიათ:

გაგიტარებიათ ერთი ჩვეულებრივი საღამო თეატრში საკუთარ თავში და ბალიშში ჩაძირულს?! გიფიქრიათ ოდესმე, საიდან მოდის თქვენი ბავშვობის ამდენი ტრავმა?! აღმოგიჩენიათ, რომ საყვარელმა მშობლებმა მხოლოდ მსხვერპლად გაგზარდეს, ან უარესი - ზოგი თქვენგანი - მჩაგვრელადაც?! იცოდით, რომ 6 ადამიანის მკვლელი შეიძლება იყოს უდანაშაულოც?! შეგიმჩნევიათ, როგორ გიჭირთ სიახლეებთან შეგუება და როგორ გაღიზიანებთ ადამიანები - სხვისგან გამორჩეულები და განსხვავებულები?! მიხვდით ბოლო-ბოლო, რომ ღმერთი მხოლოდ იმიტომ უნდა გიყვარდეთ, რომ მას ჰყავს რჩეული და ერთ მშვენიერ დღეს ეს რჩეული შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ?! და საერთოდ, იცოდეთ - „ჰეფი-ენდი“  დიდი ტყუილია! ბედნიერი დასასრული ცხოვრებაში არ არსებობს!



ნამე

საქართველოს კინოთეატრებს რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ “ნამეს” პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და მას შემდეგ არაერთ მსოფლიო დონის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.