ჟურნალი Hammock დილის კონცეპტის მხარდაჭერით ახალ რუბრიკას - დილის საკითხავს იწყებს, რომელშიც კვირის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ სიახლეებს შემოგთავაზებთ. წარმოგიდგენთ პირველ სტატიას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი გამორჩეული ღონისძიებები და სიახლეებია გაერთიანებული.

Aachoo!! - Banksy-ის ახალი ნამუშევარი 




ბრიტანელი არტისტი Banksy, რომელიც სატირული ჟანრის, შავი იუმორით დატვირთული ქუჩის ხელოვნებითა და გრაფიტითაა ცნობილი, კორონავირუსის პანდემიას თავისი შემოქმედებით კიდევ ერთხელ ეხმიანება. საკუთარ აბაზანაში შესრულებული ვირთხის ილუსტრაციებისა და ჯანდაცვის მუშაკებისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით შექმნილი ნამუშევრის, Game Changer-ის შემდეგ, არტისტმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამგვერდზე ახალი ნამუშევარი Aachoo!! გამოაქვეყნა. ნამუშევარი არტისტის მშობლიურ ქალაქში, ბრისტოლში გამოჩნდა, რომელიც ცნობილ ციცაბო ქუჩაზეა განთავსებული. ვეილ სტრიტზე მდებარე 22 გრადუსით დაქანებული შენობის კედელზე გამოსახული ქალი ისეთი სიმძლავრით აცემინებს, რომ პირიდან კბილები, ხოლო ხელებიდან ჯოხი და ჩანთა უვარდება. Aachoo!! Banksy-ის მიერ COVID19-ის პანდემიის თემატიკაზე შესრულებული ჯერჯერობით ბოლო ნამუშევარია. 

e.a.s.s. Art Book Fair / ე.ა.ს.ს. ხელოვნების წიგნის ბაზრობა




ელენე აბაშიძის მიერ დაფუძნებული კურატორული პროექტი E.A. Shared Space, რომელიც თანამედროვე ხელოვნების არტისტთა გამოფენებს, ეკრანიზაციებს, სხვადასხვა შეხვედრებსა და კოლექტიურ სესიებს უზრუნველყოფს, 24-31 დეკემბრის ჩათვლით ხელოვნების წიგნის ბაზრობას მართავს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ დამოუკიდებელ გამომცემლობას შეუძლია. გალერეა ხელოვნების წიგნის ბაზრობის ღონისძიებაზე, რომელიც საგამოფენო სივრცის საკითხავ ოთახში გაიმართება, ნებისმიერი სახის მცირე პრესას, პუბლიკაციებს, წიგნებს, ზინებს, სამიზდატებსა და პლაკატებს წარმოადგენს. Art Book Fair-ზე მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით E.A. Shared Space-ს ელექტრონულ მისამართზე - [email protected]



რუსუდან ხიზანიშვილი: ROOMS & BEINGS - AT 68 PROJECTS



Galerie Kornfeld-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო საგამოფენო სივრცე projects68 წელს ქართველი ხელოვანის, რუსუდან ხიზანიშვილის პირველ სოლო გამოფენას  წარმოადგენს, სახელწოდებით ROOMS & BEINGS. რუსუდან ხიზანიშვილი, რომლის შემოქმედებაც როგორც ქართულ კულტურულ ელემენტებს, ისე თანამედროვე სამყაროს დისკურსებს ირეკლავს, ბერლინში გამართულ გამოფენაზე 2020 წელს თბილისში შექმნილ ნამუშევრებს სთავაზობს დამთვალიერებელს. 


გამოფენა ROOMS & BEINGS თემატურად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს - პირველი ნაწილი საკრალური ტრანსფორმაციების თემის ირგვლივ შექმნილ ნამუშევრებს გულისხმობს, ხოლო მეორე ნაწილში ეს გარდაქმნები თეატრალური სცენისთვის დამახასიათებელი ინტერაქციით ურთიერთქმედებს ოთახთან. ეს ორი თემა არტისტისთვის ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან ადამიანი და მისი იდენტობა ინტერესის ცენტრალური საგანია. თვითმყოფადობის საკითხები, კავშირები ბიოლოგიასთან, კულტურული მეხსიერება, მითები და ქალის სხეული რუსუდან ხიზანიშვილის ამ ნამუშევრის კვლევის საგანია, რომელიც მის უნიკალურ ვიზუალურ ენაში ითარგმნება. გამოფენა 2021 წლის 9 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რომლის ნახვაც ონლაინ projects68-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

Nikakoi - Makoto feat.Luna997 


რამდენიმე დღის წინ შემოქმედებითმა გაერთიანება LTFR-მა, რომელიც სხვადასხვა საინტერესო, გამორჩეული ჟღერადობის მქონე ქართველი ხელოვანებისგან შემდგარი კოლექტივია, ახალი მუსიკალური კომპოზიცია გამოაქვეყნა. Makoto ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი დუეტის, Kayakata-ს წევრის, მაქსიმე მაჩაიძის, იგივე Luna997-ის და Nikakoi-ს, იგივე ნიკა მაჩაიძის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის მოსმენაც LTFR-ის Youtube-ის გვერდზეა შესაძლებელი. 

გაჩა ბაქრაძე - Obscure Languages 



Obscure Languages - ასე ჰქვია მუსიკოსისა და
ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის, გაჩა ბაქრაძის ახალ ალბომს, რომელიც ესპანურ ლეიბლ Lapsus Records-ზე 2021 წლის 22 იანვარს გამოიცემა. დაანონსებული ალბომი მუსიკოსის წინა ნამუშევრის, World Color-ის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც 2018 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური პლატფორმის, Pitchfork-ისა და XLR8R-ის წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის სიაში ლეგენდარული არტისტების ალბომების გვერდით გამოქვეყნდა. Obscure Languages სრული ვერსიის გამოსვლამდე მსმენელს შესაძლებლობა აქვს იგი წინასწარ შეუკვეთოს, ხოლო gacha.bandcamp.com-ზე ალბომში შესული ორი კომპოზიციის მოსმენაა შესაძლებელი.