Left Bank ახალი ქართული მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სულ ცოტახნის წინ გაიხსნა, თუმცა ყურადღება მალევე მისი მრავალფეროვანი და განსაკუთრებული კონცეფციით მიიპყრო. თბილისის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოციალური კლუბი ღამით მუსიკალურ წვეულებებს, ხოლო დღისით სხვადასხვა სახისა თუ ფორმატის დისკუსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობს ქართველ საზოგადოებას და არა მხოლოდ. ამასთან, Left Bank-ის ვებგვერდზე ქართველი მკითხველისთვის შექმნილ ბლოგსაც აღმოაჩენთ, სადაც სოციალურად და კულტურულად მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატიებია განთავსებული. თავად Left Bank-ის სივრცე, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეულ შენობაშია განთავსებული, მისი ადგილმდებარეობის გამოც ხდება მიმზიდველი, რაც თავის მხრივ ქალაქის დეცენტრალიზაციის იდეაზე მიუთითებს. კლუბის დაარსების იდეა  ოთხ მეგობარს ეკუთვნის, რომელთაც დიდი ხნის ნაფიქრი 2020 წლის 17 ოქტომბერს რეალობად აქციეს. ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს Left Bank-ის დამფუძნებლებთან, რომლებიც კლუბის კონცეფციისა და გეგმების შესახებ ვრცლად გვიყვებიან.

 

 

როდის და როგორ გაჩნდა Left Bank-ის შექმნის იდეა? 

 

Left Bank-ში დიდი ხნის მეგობრები ვართ გაერთიანებული და ალბათ თითოეულს გაუჭირდება კონკრეტული მომენტის გახსენება, როდის გაჩნდა ეს იდეა.  თუმცა ჩვენს ურთიერთობას  ყოველთვის ფონად მიჰყვებოდა მსგავსი ტიპის სივრცის შექმნის სურვილი, რომელსაც 2016-2017 წლებში უფრო კონკრეტული ფორმა მივეცით და დავიწყეთ უკვე ამ იდეაზე მუშაობა.

 

 

იდეიდანაც ჩანს, რომ Left Bank არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ სოციალური კლუბიცაა, რომელიც სხვადასხვა მრავალფეროვან ღონისძიებასა თუ პროგრამას მოიაზრებს, მისი კონცეფციის შესახებ რომ გვესაუბროთ უფრო ვრცლად…

 

სივრცის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იყოს ღია და გახსნილი ნებისმიერი საინტერესო პროცესის თუ მოვლენისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში და მის გარეთ მიმდინარეობს. მეტი დრო  დაეთმოს როგორც მუსიკალურ ღონისძიებებს, ისე კინოჩვენებებსა თუ სხვადასხვა სახის დისკუსიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც სახელოვნებო თემატიკის ფორმატი, ასევე მოიაზრებდეს სოციალურად აქტუალურ თემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან ვცდილობთ, ვთარგმნოთ მნიშვნელოვანი ტექსტები, რომლებიც შემდეგ ჩვენს ბლოგზე თავსდება, რაც გარკვეულ სინთეზს ქმნის მუსიკალურ ტერიტორიასა და ინტელექტუალურ ველს შორის. 

 

Left Bank-ის სივრცე არქიტექტურულად გამორჩეულ შენობაშია განთავსებული. რა დატვირთვა ჰქონდა ნაგებობის შერჩევას?

 

შენობის საკითხი კვლავ ამოუცნობია, რადგან მაინც არ არსებობს აკადემიური კვლევა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით რა ფუნქციონირებდა იქ ადრე, თუმცა ამ ადგილთან მიმართებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აღგვედგინა მისი პირველი სახე და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის შრეები, რაც არქიტექტურულად გააჩნდა შენობას.

 

 

ვფიქრობ, კლუბის სახელმა ბევრნაირი მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს. როგორ მიხვედით საბოლოო ვარიანტამდე? 

 

სახელის იდეა გამომდინარეობს ადგილმდებარეობიდან - კლუბი განთავსებულია ქალაქის მარცხენა სანაპიროზე. ჩვენთვის ეს სახელი მარჯვენა სანაპიროს ალტერნატივასთან ასოცირდება, ასევე ქალაქის გაშლისა და დეცენტრალიზაციისკენ მიუთითებს, მაგრამ სათაური მაინც ღიაა ნებისმიერი ტიპის ინტერპრეტაციისთვის და რაც უფრო მეტი იქნება ის, უფრო მეტად დაიტვირთება მისი მნიშვნელობა.

 

 

კლუბი პანდემიის დროს გაიხსნა, როგორ დაიწყეთ და დღეს როგორ ფორმატში ფუნქციონირებს Left Bank?

 

კლუბის გახსნა იყო დაგეგმილი 2020 წლის დასაწყისში, თუმცა პანდემიის გამო 8 თვის დაგვიანებით და შეზღუდული ფორმატით გავხსენით. კლუბმა  ამ სახით თითქმის 2 თვის განმავლობაში იმუშავა და მაინც მოახერხა საკუთარი გარემოს და განწყობის დაფიქსირება. სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციით გამოწვეული ვითარების გამო ჩვენ შევაჩერეთ აქტივობა და როგორც კი მდგომარეობა შემსუბუქდება, კვლავ დავუბრუნდებით მუშაობას. ჯგუფის წევრები აქტიურად ვართ ჩართული შემოქმედებით პროცესში.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს დღეს ამ სივრცეს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენისთვის, რა შეიძლება შეცვალოს ქართულ რეალობაში?

 

ქართული მუსიკალური სცენა დროსთან ერთად მუდმივად განიცდის ცვლილებებს და განახლების პროცესშია. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროცესებში ჩართულობაა, რაც საერთო ჯამში ქართული კულტურული სივრცის გაშლას და გამდიდრებას გულისხმობს.

 

 

თქვენი აზრით, აქვს თუ არა Left Bank-ს პოტენციალი გახდეს საერთაშორისო სივრცე? 

 

ჩვენ გვქონდა დაგეგმილი საერთაშორისო არტისტებთან თანამშრომლობა, ასევე მუსიკალურ კლუბებთან  გაცვლითი ღონისძიებების ორგანიზება. რაც, სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. თუმცა, როგორც კი სიტუაცია გაუმჯობესდება, ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა განვაახლოთ. ამ ეტაპზე ვცდილობთ ონლაინპლატფორმა იყოს უფრო აქტუალური, ყოველკვირეულად გამოვცემთ პოდკასტებს. ამ გზით ვცდილობთ კავშირი დავამყაროთ ჩვენს მეგობარ არტისტებთან და ვითანამშრომლოთ მათთან სხვადასხვა ფორმით. ამ კუთხით შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისო აუდიტორია, რომელიც, ვთვლით, რომ დროსთან ერთად უფრო გაიზრდება. 

 

როგორ ხედავთ Left Bank-ის განვითარებას, რა შედის მის სამომავლო გეგმებში?

 

დღევანდელ რეალობაში რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ რისკები მალე შემცირდება, პანდემიას გადავლახავთ და საშუალება მოგვეცემა სრული პოტენციალით (დატვირთვით) განვაახლოთ მუშაობა.