თუ შვედი რეჟისორის, როი ანდერსონის ერთი ფილმი მაინც გინახავთ, ის არასოდეს აგერევათ სხვაში. სიზმრისა და რეალობის მიჯნაზე ყოფნა, ცივი, გაცრეცილი ფერები, სტატიკური, ფართო რაკურსით გადაღებული კადრები და თეატრალიზებული სცენები ანდერსონის თხრობის ძირითადი დამახასიათებელი შტრიხებია.
როი ანდერსონი 1943 წელს შვედეთში დაიბადა, პირველი ფილმი 1970 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გადაიღო, 1975 წელს გამოსული “Gillap-ის” შემდეგ კი, 25 წლის განმავლობაში სრულმეტრაჟიანი ფილმი აღარ გადაუღია. მისი კარიერის დიდ ნაწილს სარეკლამო კლიპები იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეჟისორი რეკლამებშიც არ კარგავს ინდივიდუალურ ხელწერას. 2000 წელს ანდერსონი კინემატოგრაფიას დაუბრუნდა ფილმით -“სიმღერები მეორე სართულიდან”.
როი ანდერსონი ფილმებში ცდილობს განიხილოს ადამიანად დაბადების მნიშვნელობა, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობები და წარსულის გავლენა აწმყოზე. თხრობა ხშირად არ არის წრფივი, და მოკლე, დაუკავშირებელი ეპიზოდებით ვხედავთ საერთო სურათს. მისი ფილმების შთაგონების წყარო მხატვრობაა და ზოგიერთ ფილმში ის აცოცხლებს ამა თუ იმ ნახატს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ანდერსონის კინემატოგრაფიაზე ედუარდ ჰოპერის გავლენა. ჰოპერის მსგავსად, ანდერსონის ფილმებშიც ძირითადი თემები გაუცხოება და განცალკევებაა, ასევე მსგავსია ცივი პალიტრა და პერსპექტივის წერტილის დეცენტრალიზაცია.
ფილმში “სიმღერები მეორე სართულიდან” ის პირდაპირ იმეორებს ჰოპერის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს - “Nightwalks”.
ჰოპერის გავლენები სხვა სცენებშიც შესამჩნევია. ფილმში ანდერსონი უიღბლო და უბედური შემთხვევების სერიას გვიჩვენებს და ყოფიერების სირთულეებსა და აბსურდულობაზე გვესაუბრება. როი ანდერსონი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ მხატვრობას ხელოვნების ყველაზე საინტერესო დარგად მიიჩნევს და სცენარის დაწერამდე სცენებს ხატავს, რაც მის ფილმებზე ძალიან საინტერესოდ აისახება. ანდერსონის კადრები ზედმეტად ფერმკრთალი პერსონაჟებით, უძრაობითა და არაბუნებრივი განათებით ფერწერულ ტილოებს ემსგავსება.
პიტერ ბრეიგელი კიდევ ერთი ხელოვანია, რომლის გავლენაც იგრძნობა ანდერსონის კინემატოგაფიაში, მისი ყველაზე წარმატებული ფილმი, “მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა” შთაგონებულია ბრეიგელის ნამუშევრით “Hunters in the Snow”. როგორც რეჟისორი ამბობს, ნახატზე დაკვირვებისას დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ მტრედები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ფილმით ეცადა გაეცა ამ კითხვაზე პასუხი. ის ფილმში პირდაპირ არ იმეორებს უშუალოდ ნახატს, თუმცა მსგავსია ფერები, და ეკრანიდან მომავალი ცივი და დეპრესიული სკანდინავიური განწყობა.
როი ანდერსონის ბოლო ფილმში - “უსასრულობის შესახებ” მთხრობელი ქალი, ერთგვარი შეჰერეზადა გვიყვება აწმყოსა და წარსულში მომხდარ გასაოცარ, თუ სრულიად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბებს. ფილმი სრულდება ცაში მოფარფატე წყვილით, რითაც რეჟისორი კიდევ ერთ ნახატს, მარკ შაგალის “Over The Town”-ს ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოტივი, რაც ფილმს გასდევს, ყველაფრის წარმავალობა და გარდაუვალი სიკვდილია, სხვა ფილმებთან შედარებით “უსასრულობის შესახებ” ოპტიმისტურია. იცვლება პალიტრაც, ფერები ისევ ცივია, თუმცა უფრო მკვეთრი და რეალისტური. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ მცირე ოპტიმიზმის გამო იყენებს რეჟისორი ნახატს, რომელიც სიყვარულს განასახიერებს.
როი ანდერსონის ფილმებს ყველასგან გამოარჩევს განსაკუთრებული თხრობის მანერა, მათ არ აქვთ გამოკვეთილი დასაწყისი ან დასასრული, რეჟისორი არ ცდილობს გაგვაოცოს მოულოდნელობებით, პირიქით, მას სურს, რომ უცნაური მომენტებიც კი სრულიად ჩვეულებრივად, ემოციების გარეშე მივიღოთ. შეიძლება ითქვას, რომ ანდერსონი ძმები ლუმიერების დროის კინოს უბრუნდება, სადაც უმნიშვნელო იყო ამბავი, დიალოგი და მაყურებელთან ურთიერთობის მთავარ ფორმას გამოსახულება წარმოადგენდა.
როი ანდერსონის ფილმებში არ უნდა ვეძებოთ სიუჟეტი ან მთავარი გმირი და უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ თითოეულ კადრს და მათ მარტივ, უძრავ მშვენიერებას.
დაწერე კომენტარი