ნუცა მიქაბერიძის შემოქმედება  ხელოვნების ბევრ მედიუმს აერთიანებს. მისი ნამუშევრები არაჩვეულებრივი ჰარმონიით, ფერთა პალიტრითა და ინდივიდუალური აღქმით გამოირჩევა. გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვანთან, რომელიც Hammock Magazine-ს თავისი შემოქმედების შესახებ ვრცლად ესაუბრა.

 

 

ნუცა, მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი სახელოვნებო სცენაზე, როდის მიხვდი, რომ შენს თავს ხელოვნებას უკავშირებდი?

პატარა რომ ვიყავი, იმას ვხატავდი, რასაც ვხედავდი, ამიტომ ადამიანებს ძალიან გრძელი ფეხები და პატარა თავები ჰქონდათ. ალბათ, იმ დროიდან მოყოლებული ჩემებურად აღქმული სამყაროს გადმოცემის სურვილი მამოძრავებს. არასდროს ვუყურებდი ამას, როგორც მომავალ პროფესიას. VA[A]DS-ში ყოფნის დროს გავიაზრე ყველაზე მეტად, რომ ეს იყო ის,  რისი კეთებაც სულ მინდოდა.

რომელი იყო შენი პირველი, მნიშვნელოვანი ნამუშევარი?

ალბათ, პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი ზუსტად ის იყო,  რომელიც პირველად შევქმენი. რადგან პატარა ვიყავი, ის კონკრეტულად არ მახსოვს, ამიტომ, იმაზე მოვყვები, რომელიც იდეურად იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.2019 წელს VA[A]DS-ში გავდიოდი საგანს MARSHRUTKA MIX-TAPES, რომელიც „მარშრუტკების“ გამოკვლევას ისახავდა მიზნად. დამაინტერესა მძღოლების როლმა ამ რუტინაში და  ჩავწერე მათთან ინტერვიუები. სწორედ ერთ-ერთი ინტერვიუდან წამოვიდა ნამუშევრის იდეა, რომელიც ორნაწილიანია. მძღოლებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ რთულ სამუშაოზე ოჯახის უზრუნველყოფაა სუფთა და სინდისიერი გზით. მათ საახლობლო წრეზე მზრუნველობა და რაც მთავარია ერთმანეთზე, ყოველდღიურობას რომ იზიარებენ.„Drivers“ იყო პირველი ნამუშევარი, რომელშიც საქსოვი ძაფი გამოვიყენე. მზრუნველობა ყველაზე მეტად ჩემთვის ოჯახთან ასოცირდება. სახლში მიქსოვდნენ ხოლმე ჭრელ ქურთუკებს. ამიტომ ავირჩიე საქსოვი ძაფი, რომელიც თავისთავად თბილია. შემოვაქსოვე საჭეს წარწერით „Ford“ და გვერდითა სარკეს. იმ „მარშრუტკის“ ნომრები კი, რომლის მძღოლებთანაც ყველაზე დასამახსოვრებელი ინტერვიუ გამოვიდა, მოვქსოვე და ინსტალაციის ნაწილად ვაქციე.ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილიუფრო განმევრცო თემა. „ჩავაქსოვეს“  კონცეფციაში დამცველობის ფუნქციაც ჩავრთე. დაცულობის შეგრძნება სიმდიდრეა, რომელსაც გვერდში მდგომი ადამიანები ვუქმნით ერთმანეთს. ეს შეგრძნება ზოგადად გვაძლიერებს და გვეხმარება სირთულეების დაძლევაში.ამ შემთხვევაშიც ძირითადაც გამოყენებული მაქვს საქსოვი ძაფი. მაგრამ, რადგან ერთი კონკრეტული სახის მზრუნველობა ვერ დაგვიცავს ყველაფრისგან, გადავწყვიტე სხვა მასალაც ჩამერთო: ვერცხლისფერი რკინის ბადე, რომლითაც ჩამოშლილ კლდეებს ამაგრებენ; მწვანე ბადე, მშენებარე შენობებს რომ აფარებენ ხალხის დასაცავად; საწვიმარი და მუშამბა, რომლებსაც ასევე დამცველობითი ფუნქცია აქვთ.

ნუცა, მოგვიყევი, როგორია შენი სამუშაო პროცესი?

ძირითადად, პერიოდებად იყოფა ჩემი მუშაობის პროცესი. ადრე მთლიანად ერთ კონკრეტულ ნამუშევარზე ვკონცენტრირდებოდი ხოლმე. ბევრ რამეზე ერთდროულად არ ვმუშაობდი. მაგალითად, მეორე კურსზე ყოველდღე 5-6 საათი მაინც ფოტოებს ვიღებდი, მერე უცებ, არც მახსოვს როგორ, ტილოების ხატვაზე გადავედი, მერე ქსოვაზე და აღმოჩნდა, რომ ახლის დაწყებისას ძველს გვერდით ვდებდი. რაღაც მხრივ კარგია, ბოლომდე ჩართული იყო იმაში, რაც ახალი და ამოუცნობია, მაგრამ ძველი და ახალი ხერხების გაერთიანება, ვფიქრობ, უფრო მეტის მომცემი უნდა იყოს. ახლა ვცდილობ დავალაგო ისე, რომ ყველაფერს დავუთმო საჭირო დრო და ამასთან ერთად სიახლეებიც აღმოვაჩინო.ბოლო დროს ძერწვამ დამაინტერესა, ძალიან მომწონს, რომ მუდმივად შემიძლია შეცვლა, იქამდე სანამ სასურველ ფორმამდე არ მივალ. ეს საკუთარ თავში ცვლილებებს ჰგავს.

სად პოულობ შთაგონებას? 

ყველაზე ხშირად გარემო შთამაგონებს, ზოგჯერ სიზმრები და იშვიათად ფობიებიც. მაგალითად, რამდენადაც მიზიდავს წყალმცენარეები და წყალქვეშა ცხოვრება, იმდენად მაშინებს, რადგან ყველაზე ამოუცნობი რამეა დედამიწაზე.შთაგონება ყველასგან და ყველაფრიდან შეიძლება მიიღო. ვინმე ნაცნობის ან თუნდაც სრულიად უცნობისგან. ყველა ადამიანში არის რაღაც საინტერესო.

რა ახასიათებს შენს შემოქმედებას, შენი აზრით, რა ხდის მას ინდივიდუალურს?

ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ხშირად ვეძებ სრულიად განსხვავებულ მასალებს შორის კავშირს და ვშიფრავ სიტყვებს.  მგონია, რომ სამყაროში ყველა და ყველაფერი დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. სამაგიდო თამაში არსებობს - CODENAMES, რომლის იდეაც ზუსტად ეს არის, სრულიად სხვადასხვა შინაარსის სიტყვებს ან ნახატებს ერთი საერთო კავშირი უნდა გამოუნახო და ისე ახსნა.

მუშაობის პროცესში ხშირად მიმართავ იმპროვიზაციას თუ დასაწყისშივე ზუსტად იცი რას აკეთებ და საბოლოოდ რა შედეგს მიიღეებ?

უფრო ხშირად იმპროვიზაციას მივმართავ. მგონია, რომ ასე უფრო ბუნებრივი გამოდის ნამუშევარი, აღმოჩენებიც ხომ მუშაობის პროცესში კეთდება.ზოგ შემთხვევაში, პირიქით. შეიძლება ესკიზის ან ჩანახატის მიხედვით დავიწყო მუშაობა და ამ დროს თითქოს ვიცი რას უნდა ველოდე. მაგრამ, მაინც არ იცი ბოლოს რა გამოვა და ეს კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს.

მომიყევი Oxygen 2020-ის და გამოფენაზე წარმოდგენილი შენი ნამუშევრის შესახებ

ნამუშევარს, რომელიც OXYGEN 2020-სთვის გავაკეთე ჰქვია „ერთმანეთი - Each Other“. იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მთლიანობას ერთად დგომა სჭირდება. ნამუშევარი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ნაქსოვი ფარდა წარწერით „ვიღაცამ წყალი ხომ უნდა მოგაწოდოს“ და ნაქსოვი რკინის ბადე თიხის დამტვრეული ფირფიტებით. რბილი და მყარი მასალების დაპირისპირება მათ განსხვავებულობას უსვამს ხაზს, ისევე როგორც ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან. იქმნება კონტრასტი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ერთ დიდ მრავალფეროვან მთლიანობას ვქმნით. თუმცა, ხშირად მსგავსი ტიპის ადამიანები უფრო მარტივად უგებენ ერთმანეთს და თიხის დამტვრეული ფირფიტებივით არიან, რომლებსაც სისავსისთვის თავისნაირი სჭირდებათ.სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ იყო მსგავსი ფრაზა, რაც ნამუშევარში მაქვს გამოყენებული. ბებია  დარდობდა შვილიშვილზე, წყლის მიმწოდებელი ხომ უნდა ჰყავდეს ვინმეო, რომ გათხოვილიყო. თავიდან ცოტა სასაცილოდ მომეჩვენა, მაგრამ რეალურად მართლა გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთი. არ არის აუცილებელი ეს იყოს სასიყვარულო ურთიერთობა, მთავარია ერთობის შეგრძნება.ნამუშევრის შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. სივრცემ დიდი გავლენა იქონია პირვანდელ იდეაზე, ეტაპობრივად განვითარდა და საბოლოო ჯამში სხვა შედეგი მივიღე.

გვითხარი,   რა გეგმები გაქვს სამომავლოდ და ახლა რაზე მუშაობ?

რთული პერიოდია განსაზღვრო, რა შეიძლება გამოვიდეს და რა არა. თუმცა, ვცდილობ ყოველდღიური მუშაობა არ შევწყვიტო, მაქსიმალურად ვისარგებლო დროით და დადებით მხარეებზე ვკონცენტრირდე, ახალ მასალებში ვიმუშაო და სათქმელი ახალი ხერხებით გადმოვცე. ხშირად თვითონ მასალა მკარნახობს თემასაც და ფორმასაც. ბოლოს პლასტილინისგან გამოვძერწე ფიგურები და სურვილი მაქვს მასშტაბი გავზარდო, სავარაუდოდ უკვე თაბაშირში. ვნახოთ, რა გამოვა.

და ბოლოს  რას ურჩევდი ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებიც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ...

ვურჩევდი  იმას, რასაც საკუთარ თავს. მუდმივად ახლის ძიებაში ყოფნას და თავისებურად გააზრებას. შემდეგ კი ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარებას.