დევიდ ლინჩის სიურრეალისტური სამყარო, სადაც გამოსახულების ესთეტიკა ოცნებებსა და რეალობას შორისაა მოქცეული, თანამედროვე ექსპერიმენტული კინოს მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ნამუშევრები სავსეა საიდუმლოებებით, მისტიკით, სიმბოლიკითა და ამოუცნობი ელემენტებით. “Twin Peaks”-დან “Blue Velvet”-მდე - თითოეულ ფილმში იგრძნობა ლინჩის უნიკალური ხელწერა, რომლის გავლენა შემდეგ მსოფლიო მოდაზეც აისახა.
1946 წელს დაბადებულ ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს გამორჩეულად ეხერხება ცნობილი ჟანრების - კრიმინალური თრილერის, ნეო-ნოარისა და დეტექტივის ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიურ საშინელებათა ფილმად გადაქცევა. მას ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა პირველი პოპულარული სიურრეალისტიც კი უწოდეს. დევიდ ლინჩი სცენარისტობის, რეჟისორობისა და მუსიკის ავტორობის გარდა სხვა შემოქმედებითი საქმეებითაც არის დაკავებული, როგორიც არის - ფერწერა, ფოტოგრაფია და ავეჯის დიზაინის შექმნაც კი, თუმცა, ფილმზე მუშაობა მისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობად რჩება. რეჟისორის შემოქმედებაში არის ესთეტიკური ელემენტები და სტილისტიკური ხერხები, რითაც მისტიკური სცენები ხშირად აბნევს მაყურებელს და აფიქრებინებს, რომ ის სიზმრის მონაწილეა. “მიყვარს ოცნება, სიზმრები, მათი ლოგიკა… კინომატოგრაფიაში სიზმრების ლოგიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა”, - ამბობს დევიდ ლინჩი.
COMME DES GARÇONS
2016 წლის მისტიკური კოლექციის შექმნისას რეი კავაკუბო დევიდ ლინჩის კინომატოგრაფიით იყო შთაგონებული. დიზაინერის ინსპირაციას ჯადოქრები წარმოადგენენ - საზოგადოებისგან უარყოფილი ქალები, იზაბელა როსელინის პერსონაჟის მსგავსად 1986 წლის ფილმიდან “Blue Velvet”. ასევე, ჩვენების დროს გამოყენებულია დევიდ ლინჩის ფილმის საუნდტრეკი.
JOHN GALLIANO AT DIOR, LADY BLUE SHANGHAI FILM
16-წუთიანი ეპიზოდი Lady Dior-ის ჩანთის კამპანიაა. შეყვარებული და დაბნეული მარიონ კოტიარი სასტუმროს ნომერში დაბრუნებისას მოულოდნელად Lady Dior-ის ლურჯ ჩანთას აღმოაჩენს. მისტიკურ ფილმში მთავარი გმირი ნელ-ნელა პოულობს კავშირს ჩანთასა და მისი წარსულის უცნაურ ფიქრებს შორის. სცენარი, რეჟისურა და მონტაჟი თავად დევიდ ლინჩს ეკუთვნის, ოცნებისა და რეალობის შერწყმა სწორედ მისთვის დამახასიათებელი ხელწერაა. ლინჩის მიერ აღქმული Lady Dior-ის ჩანთა არ არის ტრადიციულად სრულყოფილი, ის უფრო მეტად განსხვავებული - ნაკლებად ბრჭყვიალა და სიურრეალისტურია.
KENZO
2014 წლის სიურრეალისტური კოლექციის ჩვენების საუნდრეკი დევიდ ლინჩისა და ბრენდის კრეატიული დირექტორების კოლაბორაციით შეიქმნა. რეჟისორმა განაცხადა, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა განსხვავებული, მისტიკური ელემენტებითა და შეგრძნებებით სავსე შოუს ნახვა პოდიუმზე. დევიდ ლინჩის გავლენა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო შავ და წითელ ფერებში შექმნილ ზიგ-ზაგების მოდელებზე, Black Lodge-ის სტილში, სერიალიდან “Twin Peaks”.
PRADA
2013 წლის პრადას ქალის კოლექცია ნეო-ნოარის სტილში შეიქმნა. კამპანიის მისტიკური ვიდეოს პერსონაჟები ფილმ “Mulholland Drive’s”-ის გმირს, შავგრემან რიტას მოგვაგონებენ. პრადა ვიდეორგოლში მოულოდნელ ქალურობას გვაჩვენებს სველი თმითა და ნახევრად შიშველი მხრებით.
RAF SIMONS
“კოშმარები და სიზმრები” - ასე დაასათაურა საიმონსმა თავისი პირველი კოლექცია. “მომწონს მშვენიერი ნივთების შექმნა, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა, როდესაც რაღაც საპირისპირო, უჩვეულო ხდება… ეს კონტრასტი თვალსაჩინოა”. - ამბობს დიზაინერი. სწორედ ეს არის ლინჩის ხელწერა. მოდელები დიდი ზომის სამოსით უცნაურ სივრცეში დახეტიალობენ. შოუს ვიზუალი და განწყობა “ლინჩისეულია”, ფილმის საუნდტრეკებთან ერთად კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტის ხმა არის გამოყენებული, რომელიც დევიდ ლინჩთან მუშაობის პროცესს განიხილავს.
დაწერე კომენტარი