თანამედროვე ქართული ხელოვნება ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ვითარდება და ახალ საინტერესო ნამუშევრებს, პროექტებსა და საგამოფენო სივრცეებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიო საზოგადოებას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთია 2016 წელს დაარსებული მოძრაობა Art | Up - Street Gallery, რომელიც არტისტებს ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. მისი კონცეფცია ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასთვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში, ქუჩებში გულისხმობს. თბილისში, ტალინსა და ბათუმში არსებულ არტბოქსებში ხელოვანებს ნამუშევრების განთავსება და გამოფენის ორგანიზება სპეციალური ფორმის შევსებით სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.
თბილისში Art | Up - Street Gallery-ის არტბოქსები მულტიფუნქციურ კულტურ ცენტრ ფაბრიკაშია განთავსებული, რომელიც ადგილობრივებისა და მოგზაურების ალტერნატიული თავშეყრის ადგილი მისი გახსნის დღიდანვე გახდა. ფაბრიკაში განთავსებულ არტბოქსებში დღემდე არაერთი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის ნამუშევრები გამოფენილა.
სულ ცოტა ხნის წინ Art | Up - Street Gallery დამოუკიდებელი, ადგილობრივი და საერთაშორისო საგამოფენო სივრცეების გაერთიანების, F-Orma-ს წევრი და პარტნიორი გახდა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა კრეატიული არტისტების პროექტებისა და ნამუშევრების სხვადასხვა ქვეყანაში მასპინძლობასა და წარმოდგენას. F-Orma-ს საგამოფენო სივრცეები ესპანეთში, თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციურ ცეტრ ESPACIO TANGENTE-ში, იტალიაში, შემოქმედებით გაერთიანება Cantiere Sanbernardo-ში, თეატრ Strada Nuova-სა და ამიერიდან უკვე ფაბრიკაშია წარმოდგენილი.
პარტნიორობის ფარგლებში Art | Up - Street Gallery-მ კონკურსი გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ დაინტერესებულ ხელოვანს შეეძლო. ხოლო შერჩეული ნამუშევრები მთელი წლის განმავლობაში F-Orma-ს წევრების საგამოფენო სივრცეებში გამოიფინება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი ხელოვანის ნამუშევრებს ვიხილავთ ევროპის 5 საგამოფენო სივრცეში, თუმცა მოლოდინი დიდია.
დაწერე კომენტარი