კოლექტივი A$AP Mob  (Always Strive And Prosper) 2006 წელს შეიქმნა ჰარლემში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ გარეუბანში, და იმ ჰიპ-ჰოპ არტისტებს, დიზაინერებსა და პროდიუსერებს აერთიანებს, რომელთაც  ერთნაირი ინტერესები აქვთ და იზიარებენ თითოეული წევრის გემოვნებას მუსიკასა და მოდაში. ერთ წელიწადში კოლექტივის წევრი გახდა A$AP Rocky, რომელიც თანამედროვე ჰიპ-ჰოპ სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი პერსონაა.

 

რაკიმ მაიერსი ცნობილი, როგორც A$AP Rocky, 1988 წელს  დაიბადა ნიუ-იორკში. მშობლებმა მას სახელი ჰიპ-ჰოპ არტისტ რაკიმის პატივსაცემად შეარქვეს. როგორც თავად მომღერალი იხსენებს, რეპით 9 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მშობლებთან ერთად პენსილვანიის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ძმა რეპერი იყო და სწორედ მისგან ისწავლა რეჩიტატივის კითხვის ხელოვნება. ხშირად უსმენდა ჯგუფ The Diplomats, Run DMC-ს, UGK-სა და Mob Deep-ს. 

 

2011 წელს A$AP Rocky-მ გამოუშვა სადებიუტო სინგლი, სახელწოდებით Purple Swag, რომელიც მალევე გახდა ერთგვარი ჰიმნი ნიუიორკელებისთვის. რამდენიმე თვეში გადაიღო ვიდეოკლიპი სიმღერისთვის და ამ ჟესტით მიიპყრო კიდეც ყურადღება შოუბიზნესში არსებული წამყვანი სტუდიებისგან. ორი წლის შემდეგ მომღერალმა გააფორმა სამ მილიონდოლარიანი კონტრაქტი RCA Records-თან.  2012 წელს რაკიმს გარდაეცვალა მამა, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით, ერთ წელიწადში კი ჰარლემში მოკლეს მისი ძმა. მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ რეპერი დედასა და დასთან ერთად ცხოვრობდა თავშესაფარში და  მარიხუანისა და ნარკოტიკის გაყიდვით  შოულობდა ფულს.

 

2011 წლიდან დღემდე A$AP Rocky-მ გამოუშვა ოთხი ალბომი: Live. Love. ASAP, Long. Live. ASAP, At. Long. ASAP და Testing. რეპერი ხარისხიანი მუსიკის პარალელურად ქმნის ხარისხიან ვიდეორგოლებსაც, რომლებშიც, უფრო რადიკალურად ჩანს შემსრულებლის კრეატიულობა. მუსიკალური კლიპების შინაარსი, ბუნებრივია, მუსიკის ტექსტთან არის დაკავშირებული, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც ნიუ-იორკის გარეუბნებში ცხოვრებასა და შავკანიანთა კულტურაზეა გადატანილი. 



 

A$AP Rocky-ს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე მოუწია სასამართლოში სავარაუდო ბრალდებულის ამპლუაში ყოფნა. 2019 წელს რაკიმი სტოკჰოლმში დააკავეს თავდასხმის ბრალდებით. მას და მასთან მყოფ პირებს ბრალად ედებოდათ თავდასხმა ვინმე მუსტაფა ჯაფარზე, რომელიც გატეხილი მინის ბოთლით რამდენიმე ადგილას იყო დაჭრილი. მომხდარის საპასუხოდ რეპერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ორი ვიდეო, პირველში ის ჯაფარსა და მის მეგობარს სთხოვდა შეეწყვიტა მათი უკან გაყოლა, მეორეში კი უშუალოდ ჩხუბის ამსახველი კადრებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაიერსის ვიდეო არ იყო სრულყოფილი და აკლდა ის ეპიზოდი, სადაც დაცვა თავს ესხმის ჯაფარს.  

 

 

რეპერი დააკავეს კონცერტის დასრულების შემდეგ, რადგან არსებობდა მისი მიმალვისა და დაზარალებულზე ზეწოლის საშიშროება. 25 ივლისს მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მომღერლის წინააღმდეგ არსებობდა რამდენიმე მტკიცებულება: მოწმის ჩვენება, ხილული დაზიანებები, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რეპერის თანამშრომელთა მიმოწერები და სხვა. მაიერსს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის ფარგლებშიც მან დაზარალებულს გადაუხადა გარკვეული თანხა, ხოლო ციხეში ერთთვიანი ყოფნის გამო აღარ გახდა საჭირო მისთვის დამატებითი სასჯელის დაწესება. წარსული ნასამართლეობის გამო მაიერსს უარი უთხრეს ვიზაზე და ის იძულებული გახდა გაეუქმებინა დაგეგმილი შეხვედრა კანადაში სტუდენტებთან.

 

ფრანგულ მოდის სახლ Dior-ში ამბობენ, რომ მაიერსი თანამედროვე ურბანული მამაკაცურობის სიმბოლოა. იგი იყო Alexander Wang-ისა და  Dior Homme-ს სახე. ის ქმნის ტრენდებს და არ ეშინია ექსპერიმენტების,  როცა საქმე სამოსს ეხება. რეპერი ხშირად ყოველდღიურ სამოსსა და ძვირად ღირებული ბრენდების ნაწარმს უხამებს ერთმანეთს, ერთნაირად იხდენს ურბანულ და კლასიკურ  სამოსს.


 

„ვფიქრობ, რაფ საიმონსის არქივი ბევრის აწმყოზე ღირებულია. თუ ყურადღებას გაამახვილებ იმ კონცეპტზე, რომელიც დიზაინერმა 1990-2000 წლებში ააგო, მიხვდები, რომ რაფს ვერავინ შეედრება თავის საქმეში. მან საკუთარი, ახალი რელიგია შექმნა მოდაში“, - ამბობს რეპერი.


 

როქის პატივისცემა რაფ საიმონსისადმი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მუსიკალურ რგოლ RAF-ში - მაყურებელი ორ-ნახევარი წუთის განმავლობაში საიმონსის არქივში მოგზაურობს.