„ადრე მჯეროდა, რომ სიკვდილი იყო გადასვლა ერთი ცხოვრებიდან მეორეში, ისე, როგორც ეს რელიგიურ ხალხს მიაჩნია - ზოგი მიდის სამოთხეში და ზოგიც სხვაგან...  ახლა მგონია, რომ ეს განწმენდაა. გარდაცვალება ყველაფრის დასასრულია; წამი, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად თავისუფლდება ტკივილისა და მოგონებებისაგან, ისინი სიკვდილთან ერთად იფანტებიან... და მის გარეშე უკვე აღარ არსებობს არაფერი“, -  უპასუხა კიმ კი დუკმა, როცა მას ჰკითხეს, თუ რა არის სიკვდილი. 2020 წლის 11 დეკემბერს 59 წლის სამხრეთკორეელი რეჟისორი - კიმ კი დუკი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ლატვიაში. 




ის იღებდა შოკისმომგვრელ ფილმებს, რომელთაც თან გასდევდა სენტიმენტალური მუხტი და მხოლოდ კიმ კი დუკისთვის დამახასიათებელი სევდა და გულწრფელობა, - „კიმ კი დუკი არის კიმ კი დუკი. მთავარია გულახდილი ფილმის გადაღება. როგორც კი ჩემს ფილმს მაყურებლის გემოვნებასთან დავაახლოებ  და ვითანამშრომლებ ცნობილ მსახიობებთან, მე და ჩემი ჭეშმარიტება ვუჩინარდებით. საკუთარ ფილმებში მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმის.“ 


 

1990-1993 წლებში ის მუშაობდა სცენარისტად და მალევე მოიგო კიდეც პრიზი საუკეთესო სცენარისთვის. 1995 წელს  კიმ კი დუკმა გადაიღო სადებიუტო ფილმი „ნიანგი“, რომელსაც განსხვავებული შეფასებები მოჰყვა კინოკრიტიკოსების მიერ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში რეჟისორმა გამოუშვა 24 სრულმეტრაჟიანი ფილმი. მცირე ბიუჯეტისა და შეზღუდული დროის პირობებში შექმნილი დასამახსოვრებელი სურათებით, მან დატოვა საკუთარი, რადიკალური ხელწერა კინემატოგრაფიაში. 

 


„გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული“ მიჩნეულია თანამედროვე კორეული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. ეს არის იდუმალი იგავი, რომელიც ერთდროულად მშვიდიცაა და მიმზიდველიც. წელიწადის დროების მონაცვლეობათა მარადიულ ციკლში კიმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბერის ცხოვრებასა და ბუდისტურ კონცეფციაში მედიტაციის დადებით გავლენაზე.  


 

ფილმში ვერსად შევხვდებით პესიმიზმსა და ძალადობრივ სცენებს, რადგან თითოეული ეპიზოდი კონცენტრირდება ბუნების ესთეტიკასა და ბუდიზმის არსზე. მთელი თავისი დიდებულებითა და სილამაზითაა ნაჩვენები ტბა, რომელიც წელიწადის დროების მონაცვლეობასთან ერთად გარდაიქმნება.  




კიმ კი დუკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია 2004 წელს გადაღებული „3-Iron“, - ტაე-სუკი ერთი შეხედვით უსახლკარო ბიჭია, რომელიც ცხოვრობს სხვის ბინებში, მაშინ როცა სახლის პატრონი თავის ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფება.  ყველა სახლში ჭამს საკვებს, რეცხავს სარეცხს, აკეთებს გაფუჭებულ ტექნიკას და იღებს Selfie-ს. ერთხელაც, ერთ-ერთ სახლში ტრადიციული რიტუალის ჩატარებისას, ის აღმოაჩენს ქალს, რომელზეც ქმარი ძალადობს. ამ შემთხვევის შემდეგ ტაე-სუკს ჰყავს „თანამზრახველი“ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ აქტს ასრულებს იმ ქალთან ერთად, რომელმაც მიატოვა მოძალადე, თუმცა საკითხავია,  მიატოვებს კი  მას ქმარი? 



ფილმში კარგად ჩანს კიმ კი დუკის ხელწერა და სიმბოლიზმი - 97 წუთის განმავლობაში ორი პერსონაჟი უსიტყვოდ თანხმდება ყველაფერზე და უიშვიათესად იღებს ხმას; მათ ჩუმად უყვართ ერთმანეთი და განცდების სადემონსტრაციოდ არ სჭირდებათ სიტყვები. მაყურებელი ისტორიის თანამონაწილეა და დუმილით უყურებს სურათის ბოლო, სიურრეალისტურ სცენას, რომელიც ფილმის საუკეთესო მოქმედებაა.  




ძნელია კიმ კი დუკის ფილმებიდან მისი Magnum Opus გამოარჩიო, თუმცა თუ სამხრეთკორეელი რეჟისორის ყველაზე გროტესკულ სურათს ვეძებთ, გზა აუცილებლად 2013 წელს გადაღებულ „Moebius-თან“ მიგვიყვანს. ფილმი იმდენად ირონიული აღმოჩნდა, რომ ის აკრძალეს და მხოლოდ რამდენიმე სცენის მოჭრის შემდეგ გაუშვეს.  




ქალი აღმოაჩენს, რომ ქმარი ღალატობს და შურისძიების მიზნით გადაწყვეტს ერთადერთი ვაჟის კასტრაციას. სანამ შერცხვენილი მამა ცდილობს ინტერნეტში მოიძიოს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ აღწევენ კასტრირებული ადამიანები ორგაზმს, შვილი მისივე საყვარელის ჯგუფური გაუპატიურების თანამონაწილეა. აუპატიურებს. სურათში ნაჩვენები ქალთმოძულეობით კიმის მიზანი - აუდიტორიის შოკირება - ფილმზე ლოგიკური რეაქცია აღმოჩნდა.  




რეჟისორს ხშირად საყვედურობდნენ ცხოველების მიმართ ძალადობრივი სცენების გამო. სწორედ ამ მიზეზით გადაიდო 2000 წელს გაერთიანებულ სამეფოში კიმ კი დუკის ფილმის, „The Isle-ის“ ჩვენება. რეჟისორმა მოგვიანებით განაცხადა, - „ჩემს ფილმებში ცხოველებს სასტიკად ვეპყრობოდი. და ამისთვის სინდისი მთელი ცხოვრება შემაწუხებს.“ 




2017 წელს კიმ კი დუკი ერთ-ერთმა მსახიობმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალი ირწმუნებოდა, რომ რეჟისორმა რამდენჯერმე დაარტყა, სანამ მოსთხოვდა იმ სექსის სცენაში მონაწილეობას, რომელზეც მსახიობი თავიდანვე უარს აცხადებდა. 2018 წელს კიმს იგივე ბრალი წაუყენა ორმა ქალმა, კიმმაც შეიტანა სასამართლოში საპასუხო სარჩელი, თუმცა უშედეგოდ. ერთ წელიწადში რეჟისორი ხუთი მილიონი კრონით დაჯარიმდა თავდასხმისათვის, თუმცა  სექსუალური შევიწროების მცდელობა არ დადასტურდა.