ლონდონში, დენის სევერსის სახლის სტუმრებს შეუძლიათ დროში იმოგზაურონ და საუკუნეების წინანადელი საშობაო სამზადისის მომსწრენი გახდნენ. სახლში შესვლამდე მათ აფრთხილებენ, რომ მობილური ტელეფონები, ფოტოაპარატები და სხვა ელექტრონული მოწყობილებები გარეთ დატოვონ და არ გამოიყენონ. მათი ერთადერთი გზამკვლევი მათივე შეგრძნებები და ოთახებში დანთებული სანთლების სინათლეა. მიჰყევით სევერსების სახლის დამთვალიერებლების კვალს და მათთან ერთად ცოცხლად განიცადეთ ძველებური მყუდროება.



დენის სევერსი კალიფორნიელი ანგლოფილი იყო, რომელმაც სახლი 1979 წელს საკმაოდ იაფად შეიძინა. მას უნდოდა, სახლის ათივე ოთახი ისე შეეცვალა, თითქოს ისინი ჰუგენოტებს უნდა დაეკავებინათ და ქმნიდა გარემოს, რომელშიც განწყობები და განათება ცვალებადი იყო, რაც სხვადასხვა დროში ყოფნის შთაბეჭდილებას ქმნიდა. 1999 წელს, სევერსის გარდაცვალების შემდეგ, სახლს „Spitalfields Trust“-ის ყურადღებიანი კურატორები,  სევერსის მეგობრები უვლიდნენ  და ზრუნავდნენ იმაზე, რომ სახლში შესულს ახლაც კი ის განცდა დაგეუფლოთ, რომ თითქოს ოჯახის წევრებმა  ეს-ესაა იქაურობა დატოვეს.


მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში აღარავინ ცხოვრობს, ის ერთ-ერთია ლონდონში მდებარე სახლებიდან, რომელშიც სიმყუდროვის განცდა ყველაზე მეტად იგრძნობა. სახლი დიდი ზომის ნაძვის ხეებითაა მორთული და მასში შესულს რამდენიმე კოცონი გათბობთ, გარშემო სანთლის ცვილისა და სანელებლების სუნი ტრიალებს.


სევერსების სახლი ხელოვნების განსხვავებული ნამუშევარია, ის სამგანზომილებიან, აგურითა და სანთლებით შედგენილ პროზას ჰგავს, ან ცოცხალ მუზეუმს, მაგიურ მოგზაურობას. სახლს თავად სევერსი აღწერდა, როგორც დროის მანქანას, სახლის დათვალიერების გამოცდილებას კი ნახატში შებიჯებას ადარებდა.


სტუმრებს გიდი არ ემსახურება, მათი ვალია, თავად შეისწავლონ გარემო, რომელშიც ხვდებიან. წარმოსახვას მიანდონ, აღმოაჩინოს ის შეგრძნებები და დეტალები, რომლებიც დროში ჯადოსნურ მოგზაურობას შესაძლებელს ხდის. „შენ ან ხედავ, ან ვერა“, - ამბობს სახლის დევიზი. დამთვალიერებელზეა დამოკიდებული, როგორი შთაბეჭდილებით  გამოვა სახლიდან, რომელშიც ტანსაცმელი უწესრიგოდ არის დალაგებული, მაგიდა სანახევროდ შევსებული ფინჯნებით, საჭმლითა და სახლში გამომცხვარი პურით არის გაწყობილი, იქვეა გადაშლილი რეცეპტების  ჩანაწერები. სხვა ოთახებში შეხვდებით გაშლილ წერილებს, სპილენძის ზარს სასთუმალთან, ფეხსაცმელში ჩაკეცილ წინდებს.



სტუმრები ან ახერხებენ, რომ გონებისა და შეგრძნებების ძალით “გადავიდნენ”  წარსულში,  ან ვერა. ეს არის ადგილი, სადაც სიჩუმეს ოქროს ფასი აქვს და სადაც აწმყო უჩინარდება. „ვაპირებ, რომ შევუტიო თქვენს შეგრძნებებს, - ამბობდა სევერსი, - თქვენი თვალთახედვიდან მოვაშორო მე-20 საუკუნე“.