ამერიკელი არტისტი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომლის სახელის გაგონებისთანავე ალბათ ყველას პოპ-არტი და კემპბელის ქილები ახსენდება, XX საუკუნის სახელოვნებო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ენდი უორჰოლის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია არტისტულ ფორმებს შორის ურთიერთობის კვლევა, რომელიც 1960-იან წლებში აყვავდა. ფერწერა, ფოტოგრაფია, ფილმი, ქანდაკება, რეკლამა, ილუსტრაციები - ამერიკული პოპულარული კულტურის სხვადასხვა ელემენტები უორჰოლის ნამუშევრებში ამ მრავალფეროვანი მედიის მეშვეობით გამოიხატება. “შეგეძლოს შეცვალო სტილი - ეს ალბათ ყველაზე საუკეთესოა, რაც არტისტს შეუძლია გააკეთოს”.
ენდი წარმოშობით ჩეხურ ოჯახში დაიბადა, პიტსბურგში, სადაც მისი არტისტული ცხოვრება 9 წლის ასაკში დედის ნაჩუქარი პირველი კამერით იწყება. ნერვული აშლილობის გამო ენდი ხშირად უმეტეს დროს სახლში რადიოს მოსმენასა და სხვადასხვა პოპულარული მსახიობების პოსტერების შეგროვებაში ატარებდა. უორჰოლის თქმით, სწორედ აქედან იწყება მისი პოპ-კულტურის მიმართ ინტერესი. მამის გარდაცვალების შემდეგ უმაღლესი განათლებისთვის მატერიალური რესურსი სამი ბიჭიდან მხოლოდ ერთ-ერთს ჰყოფნიდა და რადგანაც ენდი ოჯახში ყველაზე კრეატიული და ჭკვიანი იყო, იგი Carnegie Institute of Technology-ში ფერწერის დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ენდი ნიუ-იორკში ილუსტრატორად აგრძელებს მუშაობას, სადაც მისი პირველი ნამუშევარი ჟურნალ Glamour-ში გამოქვეყნდა. 1950-იან წლებში იგი ილუსტრაციებს ისეთი ჟურნალებისთვის ქმნის, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar, The New Yorker, რისთვისაც ჯილდოები Art Director's Club-ისგან და the American Institute of Graphic Arts-სგანაც კი დაიმსახურა. უორჰოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აბრეშუმზე ხატვა დაიწყო და ახალი ტექნიკა - “blotted line” გამოიგონა. თავის წიგნში - Popism: The Warhol Sixties არტისტი წერს: “მაშინ, როდესაც რაიმეს არასწორად აკეთებ, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს აღმოაჩენ”.
ელვის პრესლი
უორჰოლის გამოფენები 1950-იან წლებში ნიუ-იორკის The Hugo Gallery-ში წარმოდგენილი Fifteen Drawings Based on the Writings of Truman Capote ნამუშევრებით იწყება, რის შემდეგადაც მის შემოქმედებას ნიუ-იორკის სხვადასხვა გამორჩეული სივრცე მასპინძლობს. 1956 წელს იგი პირველად The Museum of Modern Art-ში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობს, სადაც მისი შთაგონების წყარო რობერტ რაუშენბერგი და ჯასპერ ჯოუნზი გახდნენ. 1960 წლიდან უორჰოლი ნამუშევრებში იყენებს რეკლამისა და კომიქსების ელემენტებს, რაც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გავლენასა და მის ადრეულ პოპ-არტ შემოქმედებას უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში მის შემოქმედებაში ჩნდება ამერიკული საკულტო ობიექტები და ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა კემპბელის წვნიანის ქილები, კოკა-კოლას ბოთლები, დოლარები, მერლინ მონრო, ელვის პრესლი, მარლონ ბრანდო, ელიზაბეტ ტეილორი.
1962 წლისთვის კი არტისტი ქმნის საკუთარ სტუდიას - The Factory, რომელიც აერთიანებს ფართო სპექტრის არტისტებს, მუსიკოსებსა და სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს. დროთა განმავლობაში უორჰოლის შემოქმედება სულ უფრო და უფრო პოპულარული და საკამათო ხდება, რაც 1962 წლის დეკემბერში Museom of Modern Art-ში გამართულ პოპ-არტის სიმპოზიუმის კრიტიკის საგანიც გახდა. უორჰოლს მომხმარებელთა “კაპიტულაციაში” ადანაშაულებდნენ, თუმცა ეს სკანდალი მისთვის უფრო მეტი წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
1963 წლიდან არტისტი ფილმებზე მუშაობას იწყებს, რასაც მოჰყვა მისი განცხადება ფერწერის მიტოვებისა და მთლიანად კინოზე ფოკუსირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ენდიმ კარიერის განმავლობაში 600-მდე ფილმი შექმნა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, მაინც არასდროს მიუტოვებია ფერწერა. არტისტი, რომელიც საკუთარ ხედვასა და სათქმელს მრავალფეროვანი მედიუმის საშუალებით გამოხატავდა, 1964 წელს Brillo boxes ინსტალაციას ქმნის, რომელიც ნიუ-იორკში, The Stable Gallery-ში იყო გამოფენილი.
The Factory, სადაც პოპ-კულტურის რეალობა და ლეგენდები შეიქმნა, მაშინდელი ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა. თუმცა რადიკალი ფემინისტის, ვალერი სოლანასისა და უორჰოლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ვალერიმ სტუდიაში უორჰოლს ესროლა, ბევრისთვის The Factory-მ რეპუტაცია დაკარგა. უორჰოლისთვის 70-იანმა წლებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა სიმშვიდე მის კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში არ აისახებოდა. 1974 წელს ჩინელი კომუნისტი ლიდერის, მაო ძედუნის პორტრეტის შექმნის შემდეგ უორჰოლი ამერიკელ პოეტ, ფოტოგრაფ და რეჟისორ ჟერარ მალანგასთან ერთად ჟურნალ Interview-ს აყალიბებს. ჟურნალში მისი წიგნი The Philosophy of Andy Warhol (1975) დაიბეჭდა, რომლის იდეის მიხედვით, საუკეთესო ხელოვნება კარგი ბიზნესის მართვას გულისხმობს. ამ პერიოდში ენდი ასევე აფუძნებს კერძო უნივერსიტეტს, New York Academy of Art-ს, დევიდ ჰოკნისთან და 15 სხვა არტისტთან ერთად ქმნის Sarajevo Winter Olympics-ის პოსტერს, თანამშრომლობს სხვადასხვა ახალგაზრდა ნეოექსპრესიონისტ არტისტებთან, როგორებიც არიან ჟულიან შნაბელი, ჟან-მიშელ ბასკია. თუმცა ბასკიასა და უორჰოლს არა მხოლოდ პროფესიული თანამშრომლობა, არამედ კარგი მეგობრობაც აკავშირებდათ, რაც მათ ერთობლივ ნამუშევრებშიც აისახა.
უორჰოლის მისწრაფებამ მიეღო უფრო მეტი ფინანსური წარმატება, გარკვეულწილად კრიტიკა გამოიწვია, რასაც მისი ბიზნეს-არტისტად შერაცხვა მოჰყვა. თუმცა მას ეს ხელს არ უშლიდა შეექმნა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა მისი საავტორო წიგნი The Andy Warhol Diaries, მუსიკოს Prince-ს პორტრეტი Vanity Fair-სთვის, The Rolling Stones-სა და არეტა ფრანკლინის ალბომების გარეკანის პოსტერები.
ენდი უორჰოლი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში ნამუშევრებს რელიგიურ თემატიკაზე ქმნიდა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი არტისტი იყო. აბსტრაქციით გადმოცემული იდეალისტური ხედვებისა და პირადი ემოციების მეშვეობით უორჰოლმა პოპულარული კულტურა და ის კომერციული პროცესები მოიცვა, რომლითაც იგი საკუთარ შემოქმედებას ფართო აუდიტორიას აცნობდა. უორჰოლი, რომელიც პოპ-არტ მოძრაობის დამფუძნებლად არის მიჩნეული, ვიზუალური ხელოვნების თითქმის ყველა ფორმის პიონერი მისი ექსპერიმენტული ნამუშევრებით გახდა, რამაც საბოლოოდ მისი ვარსკვლავური სტატუსიც განაპირობა.
დაწერე კომენტარი