მეგობრობა, საკუთარი თავის ძიება, ადამიანური ურთიერთობები და განქორწინება - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც ნოა ბაუმბახი თავისი შემოქმედებით გვესაუბრება. მისი ფილმები სევდიანია, მაგრამ არასოდეს პესიმისტური. რეჟისორი თავის შემოქმედებაში პირად გამოცდილებებსა და ისტორიებს აქსოვს, თუმცა მის ფილმებს ავტობიოგრაფიულს ვერ ვუწოდებთ. ბაუმბახისეული პერსონაჟები ინდივიდუალურები, სახასიათოები არიან. სცენარებში მოქცეული მსახიობები მის ფილმებში ბუნებრივები და ნამდვილები ხდებიან.
ამერიკელი კინემატოგრაფისტის პირველი ყველაზე წარმატებული ფილმი, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, 2005 წელს გადაღებული The Squid and the Whale-ია. სიუჟეტი დაშორების პირას მყოფ წყვილზე მოგვითხრობს, რომლებიც თანხმდებიან განქორწინების დეტალებზე - როგორ გადაანაწილონ დრო ორ შვილსა და კატაზე. ფილმი გაჯერებულია იუმორით, რომელიც ცხოვრებისეულ, მძიმე ადამიანური ურთიერთობით აღსავსე ისტორიას ასახავს.
ბაუმბახი საკუთარი ბავშვობიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოგვიდგენს მამა-შვილის ურთიერთობას, ბავშვის განცდებს, როდესაც მშობლები შორდებიან და ამ პროცესში მის მიერ დანახულ და აღქმულ რეალობას. შვილების საშუალებით რეჟისორი მშობლების წარუმატებლობებს, წარმატებებსა და ყველაფერ დანარჩენს თვალს ადევნებს და ბავშვების მიერ გააზრებულ მდგომარეობას არაჩვეულებრივი ინტელექტითა და ხედვით წარმოგვიდგენს.
21-ე საუკუნეში იშიათად თუ შევხვდებით რეჟისორს, რომელიც შავ-თეთრ კინოს იღებს, ნოა ბაუმბახი ეს იშვიათი გამონაკლისია, Francis Ha მის მიერ გადაღებული კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმია. „საყვარელი ფრენსისი“ ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა, მთავარ როლს ფილმში მსახიობი, რეჟისორი და ახლა უკვე ბაუმბახის პარტნიორი გრეტა გერგვიგი ასრულებს. ფილმის ესთეტიკა მიმზიდველი, მშვიდი და ძველებურია, რასაც ხელს უწყობს ფონად დართული ფრანგული მუსიკაც.
ფილმი ორი მეგობრის ისტორიით იწყება, თუმცა მხოლოდ ახალგაზრდა ფრენსისის ამბით გრძელდება. ჩვეულებრივი, უბრალო და საყვარელი გოგონას ადგილი მეგობრის ცხოვრებაში აღარაა და არც კარიერა მისდის ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. ეს არის ფილმი დაკარგულ გოგონაზე, რომელიც არ ნებდება, ელის, შეუპოვარია და მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდილებებს იუმორითა და შეუდარებელი სიმსუბუქით ხვდება. ბაუმბახის ეს ფილმი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, იკვლევს ინდივიდებს და მათ კომპლექსურ ურთიერთობებს.
რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელმაც ბაუმბახს 2019 წელს ოსკარის მეორე ნომინაცია მოუტანა, Marriage Story-ია. ფილმი ისევ განქორწინების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ამჯერად ზრდასრულების, თავად ცოლ-ქმრის მიერ დანახული და აღქმული ამბავია გადმოცემული. „ქორწინების ამბავში“ მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ.
ნიკოლი და ჩარლი ერთ დროს სიგიჟემდე იყვნენ შეყვარებულები, ფილმის პირველი კადრებიც სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ რაღაც ეტაპზე მათი ურთიერთობა გაწყდა. მსახიობი ნიკოლი ლოს-ანჯელესში გადადის კარიერული წინსვლისთვის და თან 8 წლის ვაჟი მიჰყავს, ხოლო ჩარლი ნიუ-იორკში, ბროდვეის პერფექციონისტ რეჟისორად რჩება. ფილმი არა მხოლოდ წყვილის ემოციურ, დაძაბულ და დამღლელ ბრძოლაზე მოგვითხრობს, არამედ იურისტებზეც, რომლებიც მათ იდენტობასა და განცდაზე გავლენას ახდენენ.
გარკვეულწილად ეს არის ფილმი ძალაუფლების შესახებ, მაყურებელი ხედავს, როგორ ძლიერდება ნიკოლი იურისტის დახმარებით და აღწევს იმას, რაც აქამდე სურდა. ფილმი ერთდროულად ნაზი და მძაფრი, სასაცილო და სამწუხაროა, გულისტკივილით, დანაკარგითა და სინანულით სავსე სცენები მაყურებელს გულში სითბოს უღვრის. „ქორწინების ამბავი“ არაჩვეულებრივი, ინტელექტუალური და ემოციური დიალოგებითაა გაჯერებული. ბაუმბახმა ამ ფილმით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი შემოქმედება ნამდვილია, ის არასოდეს იტყუება და სწორედ ეს აქცევს მის ფილმებს ღირებულად.
ნოა ბაუმბახის შემოქმედება ბევრ კარგ ფილმს მოიცავს: Kicking And Screaming, MR.Jelously, Margot At The Wedding, Greenberg, Mistress America და კიდევ სხვა...ის არის რეჟისორი, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ ისტორიებს არაჩვეულებრივი იუმორისა და დაძაბულობის ჰარმონიული სინთეზით გადმოგვცემს. მისი შემოქმედება სავსეა ემოციებით, სიმსუბუქის და სიმძიმის შერწყმით და ნამდვილი პერსონაჟებით, რომლებიც განცდებსა და ცხორებისეულ სირთულეებს თავისებურად უმკლავდებიან.
დაწერე კომენტარი