ბავშვობის საუკეთესო მოგონებები, მაგიურობისა და სიმყუდროვის განცდა, ის ყველაფერი, რის გამოც ახალი წელი გვიყვარს, ხშირად საახალწლო ფილმებთანაა დაკავშირებული.
გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც დაგეხმარებათ სადღესასწაულო განწყობის შექმნაში.

 

ეს საოცარი ცხოვრება - It’s a Wonderful Life (1946)

 

ფრენკ კაპრას საკულტო ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც ამ ჟანრში გადაღებულა. რეჟისორი პირველივე წუთიდან გვაყვარებს ჯორჯ ბეილის,  ყველაზე კეთილ და მზრუნველ პერსონაჟს კინოს ისტორიაში. ფილმში ვეცნობით პატარა, მყუდრო ქალაქის, ბედფორდ ფოლსის ყოველდღიურ ცხოვრებას, ვნახულობთ მეორე ხარისხის ანგელოზს და ვრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძვირფას ადამიანებზე ზრუნვაა.

ფანი და ალექსანდრე - Fanny and Alexander (1982)

 


ინგმარ ბერგმანის “ფანი და ალექსანდრე” ტრადიციული გაგებით საახალწლო ფილმი არაა, მოქმედება წელიწადის ყველა დროს ვითარდება, სიუჟეტი კი საკმაოდ მძიმეა, თუმცა ფილმის პირველი ნაწილი მთლიანად ეთმობა ოჯახის სადღესასწაულო ვახშამს. ფილმი ნაწილობრივ ბიოგრაფიულია, ალექსანდრე რეჟისორის პროტოტიპია, ხოლო სახლი, რომელშიც ვახშამი იმართება, ბერგმანის ბებიის სახლით არის შთაგონებული. ფილმში მოქმედება ჩვეულებრივ, რეალურ სამყაროში ვითარდება, თუმცა ისტორიას ფონად მაგიური მომენტები მიჰყვება. “ფანი და ალექსანდრეს” ძალიან შთამბეჭდავი სადღესასწაულო დეკორაციები, ფერთა პალიტრა და ზღაპრული სიუჟეტი, აუცილებლად შეგიქმნით საახალწლო განწყობას. 

 

მარტო სახლში - Home Alone (1990) & მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული - Home Alone 2: Lost in New York (1992)

 

ალბათ 90-იან წლებში დაბადებულ ყველა ბავშვს ერთხელ მაინც უნატრია, რომ კევინ მაკალისტერის მსგავსად მარტო დარჩენილიყო და სახლი ქურდებისგან დაეცვა. პირველი ორი ფილმის შემდეგ “მარტო სახლში” სერიად იქცა და ამ სახელწოდებით დამატებით სამი ფილმი გამოვიდა, თუმცა მაყურებლის სიყვარული ვერ მოიპოვა. “მარტო სახლში” და “მარტო სახლში 2” ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, კევინი კი ბავშვობის მონატრებული მეგობარივითაა, რომლის გარეშეც ახალი წლის მოსვლა თითქმის წარმოუდგენელია. 

 

ბინა -The Apartment (1960)

 



ბილი უაილდერის “ბინა” არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც მისი “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”. სხვა საახალწლო ფილმებისგან განსხვავებით, უაილდერი არ ცდილობს, რომ ახალ წელთან დაკავშირებული ბავშვური გრძნობები და სასწაულის მოლოდინი გაგვახსენოს. “ბინა” გაჯერებულია იუმორით, შამპანურით, რომანტიკული ურთიერთობებითა და იმ სიახლის იმედით, რაც ახალ წელს ზრდასრული ადამიანებისთვის მოაქვს. 

 

საშობაო ამბავი  - The Christmas Story (1983)

 



“საშობაო ამბავი” ნოველების ერთობლიობაა, მთხრობელი უკვე გაზრდილი მთავარი გმირია, რომელიც გვიყვება იმ შობის შესახებ, როდესაც საუკეთესო საჩუქარი მიიღო. ისტორია ათი სასაცილო ნოველისგან შედგება, რომელიც პარკერების ოჯახის თავგადასავლებს გვიჩვენებს, კულმინაცია კი შობის დილაა, როდესაც მთავარი გმირი, რალფი ნაძვისხის ქვეშ, სხვა საჩუქრებთან ერთად საოცნებო შაშხანას პოულობს.

რეალური სიყვარული - Love Actually (2003)

 



ფილმი რამდენიმე რომანტიკულ, სევდიან და კომიკურ სიყვარულის ისტორიას აერთიანებს. ყველა ისტორია წინასაახალწლო პერიოდში ვითარდება და ნელ-ნელა იკვრება. “რეალური სიყვარული”, ისევე როგორც “მარტო სახლში”, ძალიან პოპულარული ფილმია და მის გარეშე საახალწლო დღეების გატარება შეუძლებელია. 


შობა მიურეისთან ერთად - A very Murray Christmas (2015)

 



სოფია კოპოლას მუსიკალური კომედიის მთავარი გმირი ბილ მიურეია, რომელსაც ქარბუქი საშობაო გადაცემის ჩატარებაში ხელს უშლის. 56 წუთის განმავლობაში ყველასათვის ნაცნობი საშობაო სიმღერების ფონზე, მიურეი ძალიან სასაცილო და უცნაურ თავგადასავლებში ეხვევა. მიუზიკლში ეპიზოდურ როლებსაც კი ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები ასრულებენ.

შვებულება - The Holiday (2006)


ნენსი მეიერსის რომანტიკული კომედია საკმაოდ მარტივ ფაბულას გვთავაზობს, მთავარი გმირები სახლებს ცვლიან და უცხო ქვეყანაში სიყვარულს პოულობენ. თუმცა მიუხედავად ადვილად პროგნოზირებადი სიუჟეტისა, ძალიან ლამაზი სახლები, სასაცილო პერსონაჟები, სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება და სევდანარევი სასიყვარულო ისტორიები “შვებულებას” ყველასათვის საყვარელ ფილმად აქცევს.

ქეროლი - Carol (2015)

ქეროლი ორი ქალის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც 1950-იან წლებში მიმდინარეობს, მოქმედება კი წინასაახალწლო პერიოდში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ “ქეროლში” ახალი წელი ძირითადი თხრობისთვის უბრალოდ ფონს წარმოადგენს და მთავარი სიუჟეტის ნაწილი არ არის, დეკორაციები, ძალიან ლამაზი კოსტიუმები და ფილმის საერთო განწყობა სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის.