დილის კონცეპტთან ერთად ყოველკვირეულ დილის საკითხავს გთავაზობთ, სადაც ყველა ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული სიახლეებია თავმოყრილი, რომლებიც 23 დეკემბერს უნდა იცოდეთ.

პერფორმანსის დღეები თბილისი 2020 / ჩვენზეა



საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა უკვე მესამე წელია, რაც პერფორმანსის დღეების ფესტივალს მართავს. თუმცა წლევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს, რაც მაყურებლის პერფორმატიული ნამუშევრის არსებით ნაწილად გადაქცევას გულისხმობს. შემსრულებლის რეალური დასწრების გარეშე დაგეგმილი ფესტივალი ხელოვნების ერთ-ერთი მედიუმის - პერფორმანსის მნიშვნელობას, მასში მაყურებლის ჩართულობასა და მხატვრულ პრაქტიკასთან ცოცხალი ინტერაქციის თემებს მოიცავს. პერფორმანსის დღეები თბილისი 2020 - ჩვენზეა - ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც მაყურებელს ფესტივალში ჩართულობისკენ, თამაშისკენ, კვლევისა და შემეცნებისკენ მოუწოდებს. 25-27 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიების პროგრამა ფიზიკურ ობიექტებსა და ინსტალაციებს, საცეკვაო ფილმებისა და პერფორმანსების ჩვენებებს, ცოცხალ კონცერტსა და რადიო პროგრამას მოიცავს. მასში მონაწილეობენ  ქართველი და უცხოელი არტისტები: დევიდ ბროდსკი, ანდრო დადიანი, Tete Noise, ბენ ვილერი. წლევანდელ ფესტივალზე დასასწრებად თვალყური ადევნეთ საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის
ვებგვერდს

დემიენ ჰირსტის ახალი გამოფენა - The Mental Escapology 


რამდენიმე დღის წინ შვეიცარიის ქალაქ სან-მორიცში ბრიტანელი არტისტის, დემიენ ჰირსტის 2014 წლის ინსტალაცია The Monk გამოჩნდა, რომელიც ქალაქის გაყინული  ტბის ცენტრშია მოთავსებული. არტისტი მისი ახალი გამოფენის, The Mental Escapology-ის ფარგლებში ჯამში 40 სხვადასხვა დროის ნამუშევრის წარდგენას ქალაქის როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში აპირებს. მომავალ თვეში დამთვალიერებელს ჰირსტის Kaleidoscope Paintings-ის ნახვა სან-მორიცში მდებარე პროტესტანტულ ეკლესიაში შეეძლება. ხოლო არტისტის 1991 წელს დაწყებული ერთ-ერთი გამორჩეული სერია Formaldehyde XVIII საუკუნის თერმული აბანოების ნეოკლასიკურ შენობაში, Forum Paracelsus-ში იქნება წარმოდგენილი. ამასთან, გამოფენაზე ჰირსტის 1990-იანი წლების სერიის, Spot (Pharmaceutical) Paintings-ის აქამდე უნახავი ნამუშევრების დათვალიერებაც იქნება შესაძლებელი. შვეიცარიის მთებში დაგეგმილი გამოფენა - The Mental Escapology, რომელიც 19-23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, იმ რთულ, ციფრულ და დისტანციურ სამყაროს ეხმიანება, რომელშიც დღეს ყველანი ერთად აღმოვჩნდით. 

Tete Noise - Sea of Tranquility 


მუსიკოსი და პროდიუსერი სანდრო ჩინჩალაძე, სასცენო სახელით Tete Noise, ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკაში 2011 წლიდან ჩაერთო, თუმცა მანამდეც არაერთი დამოუკიდებელი და თანამედროვე ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტის ავტორი ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ტეტე ინტერნეტრადიო Mutant Radio-ზე ლეიბლ Giraffe Tapes-ის ყოველთვიური შოუს სტუმარი გახლდათ, ხოლო 21 დეკემბერს კი მან ახალი ალბომი Sea of Tranquility ამავე ლეიბლზე გამოაქვეყნა. ალბომი ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტების მშვიდი ჟღერადობით გამოირჩევა, რომელთაც სახელები მთვარის კრატერების მიხედვით დაერქვა. Sea of Tranquility, რომელიც ერთგვარ “სივრცულ გამოფენას” სთავაზობს მსმენელს, კასეტაზე ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა, თუმცა მისი ციფრული ვერსიის მოსმენა და შეძენა giraffetapes.bandcamp.com-ზეა შესაძლებელი. 

ჯეფ კუნსის მასტერკლასი - Art and Creativity

2015 წელს დაფუძნებული პლატფორმა MasterClass, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საუკეთესო არტისტების მრავალფეროვან ლექციებსა და მასტერკლასებს დაესწრონ, ამჯერად თანამშრომლობას ამერიკელ არტისტ ჯეფ კუნსთან იწყებს. Art and Creativity - ასე ჰქვია ჯეფ კუნსის კლასს, სადაც მსურველებს არტისტი თავის გამოცდილებას, შემოქმედებით პროცესს, მუშაობის სხვადასხვა ტექნიკასა და მეთოდებს გაუზიარებს. “ჩემს მასტერკლასზე მინდა, რომ ყველამ  ისე იფიქროს ხელოვნებაზე, როგორც საინტერესო პროცესზე და არა როგორც დასრულებულ პროდუქტზე”,  - განმარტავს არტისტი. ჯეფ კუნსის მასტერკლასი Art and Creativity ექსკლუზიურად მხოლოდ MasterClass-ის პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.