ბრენდები ახალ კოლექციას 29 დეკემბერს პეკინში წარადგენენ, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ის იანვრიდან გახდება ხელმისაწვდომი.
გუჩიმ და North Face-მა შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში შეგვატყობინეს, დღეს კი მათი ერთობლივი კოლექცია წარადგინეს, რომელიც ახლის ძიებას, თავგადასავლებსა და მოგზაურობით საკუთარი თავის აღმოჩენას მიეძღვნა.
კოლექცია მოიცავს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზს - ბატის ბუმბულით შექმნილ ლაბადებს, ბეწვიან ქურთუკებსა და კომბინეზონებს. გარდა ამისა, ბრენდების კოლაბორაციაში ვხვდებით ლაშქრობისთვის საჭირო აქსესუარებს, ფეხსაცმელებს, კარვებსა და საძილე ტომრებს.
დანიელ შეას მიერ გადაღებულ კამპანიაში ჩანს მოლაშქრეთა ჯგუფი, რომელიც მოგზაურობს ულამაზეს მთებსა და მდინარეებს შორის, იქ ბანაკდებიან და მხიარულად ატარებენ დროს. ვიდეოს საუნდტრეკად გამოყენებულია ჯგუფ Creedence Clearwater Revival-ის სიმღერა “Bad Moon Rising”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 70-იან წლებში The North Face ჯერ კიდევ საცალო ვაჭრობის სფეროში, იმავე ქარხანაში მუშაობდა, სადაც აღნიშნული ბენდის სტუდია მდებარეობდა.
ალესანდრო მიკელესთვის, როგორც გუჩის კრეატიული დირექტორისთვის, ეს სხვა ბრენდთან პირველი კოლაბორაციაა. ამავდროულად კი The North Face სულ უფრო მეტ კომპანიასა და დიზაინერთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაც არიან: Supreme, Junya Watanabe, ბოლო პერიოდში კი - Maison Margiela.
დაწერე კომენტარი