მუდამ ფერადოვნებითა და დახვეწილი დიზაინით გამორჩეული სამკაულების ბრენდი "ეშვი",  რომელიც ყველასთვის სიმბოლურად ბედნიერების თილისმასთან ასოცირდება, ხვალ სითი მოლში თავის ახალ Pop Up მაღაზიას ხსნის. კაქტუსებით შთაგონებული 2021 წლის კოლექცია დიზაინერ დოდოშკა ჩხეიძის მიერ შექმნილ კაქტუსისავე ფორმის ინსტალაციაზე იქნება წარმოდგენილი. ნათია ჩხარტიშვილისა და თამარ სვანიძის მიერ ლონდონში დაარსებული, უკვე წარმატებული და ყველასთვის საყვარელი ბრენდი მსოფლიოს  120 მაღაზიაში იყიდება, თუმცა 2021 წლის კაქტუსებით შთაგონებული ფერადი კოლექცია პირველად საქართველოში, სწორედ ამ ახლად გახსნილ მაღაზიაში, სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის იქნება წარმოდგენილი.

2021 წლის კოლექციისა და  ახალი Pop Up-ის შესახებ Hammock Magazine-ს "ეშვის" თანადამფუძნებელი ნათია ჩხარტიშვილი ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუში საკუთარი ბრენდის შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიზიარა.



ნათია, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ბრენდის დაარსების იდეა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც Eshvi-ს უკან დგანან?

"ეშვი"  მე და ჩემმა ოჯახის წევრმა თამარ სვანიძემ 2012 წელს დავაფუძნეთ.  ეს არის კომპანია, რომელიც სამკაულებს აწარმოებს და რომლის ძირითადი მიმართულება ვერცხლი და ბიჟუტერიაა. "ეშვის" დაარსების იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც საცხოვრებლად ლონდონში გადავედით.  გაყიდვების მიმართულებით  გამოცდილება უკვე გვქონდა, გვინდოდა, რომ   გარკვეული წვლილი მოდის სფეროშიც შეგვეტანა, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ აქსესუარების ხაზი შეგვექმნა. გაგვიმართლა და "ეშვი" პირველივე სეზონიდან წარმატებული აღმოჩნდა. დღეისთვის უკვე  საერთაშორისო მასშტაბით დაახლოებით 120 მაღაზიაშია წარმოდგენილი და პრესისგან თუ ცნობილი ადამიანების მხრიდან ჩვენი პროდუქციის მიმართ   დიდი ინტერესი არსებობს.


რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს სახელი "ეშვი", რატომ გადაწყვიტეთ, რომ სამკაულების ბრენდისთვის ეს სახელი დაგერქმიათ?

ალბათ იცით, რომ ეშვს თილისმად საკმაოდ ბევრი ადამიანი ატარებს, ფიქრობენ, რომ ის ბედნიერების მომტანია. ჩვენც გვინდოდა, რომ "ეშვის" სამკაული სიმბოლურად ბენდნიერების მომტანი თილისმა ყოფილიყო. სწორედ ამიტომაც ჩვენს თითოეულ სამკაულზე ლოგოს სახით დატანილია ეშვის გამოსახულება, ყელსაბამსაც უკან თან ახლავს პატარა ეშვი, რომელიც ჩვენთვის ბედნიერებისა და იღბლის სიმბოლოს ატარებს.  


რას გულისხმობს  თქვენი ბრენდის ფილოსოფია, რა არის ის მთავარი განმსაზღვრელი ელემენტები, რომლითაც შეგვიძლია Eshvi დავახასიათოთ?

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენი მომხმარებელი ყოველ სეზონზე ელოდება, ფერების სიუხვეა. პირველივე კოლექციიდან "ეშვი", როგორც ბრენდი,  მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ვცდილობთ, რომ დადებითი განწყობა, რომელიც ვარდისფერს, წითელს ან ყვითელს მოაქვს, ყოველთვის ჩვენი კოლექციის მთავარი ნაწილი იყოს, გარდა ამისა, აქტიურად ვიყენებთ ისეთ ძვირფას ქვებს, როგორებიცაა: მალაქიტი, ფირუზი, მარგალიტი, სწორედ ამ ქვების და ფერების პალიტრა ხდის ჩვენს კოლექციას სახალისოს, გამორჩეულს და თვალში საცემს.


ვიცით, რომ Eshvi ქართველების მიერ ლონდონში დაფუძნებული ბრენდია, არის რაიმე ქართული მის ესთეტიკაში?

შეიძლება  "ეშვის" დიზაინში ვინმე ქართულ ესთეტიკასაც ხედავდეს, თუმცა ჩვენ კონკრეტულად  ქართული მოტივებისთვის არც ერთი კოლექცია არ მოგვირგია. ჩვენი კომპანია ძირითადად ყოველთვის საერთაშორისო ბაზარზე იყო ორიენტირებული, ვთვლით, რომ საერთაშორისო ბრენდი ვართ, რომელიც მსოფლიო ტენდენციებს მიჰყვება და რომელიც ქართველ მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს.


მოგვიყევით შემოქმედებითი პროცესის შესახებ, როგორია “ეშვის” სამკაულის შექმნის პროცესი და თავად რამდენად ხართ მასში ჩართული?

"ეშვის" სამკაულების დიზაინს ძირითადად მე და თათუნა სვანიძე ვქმნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მომდევნო კოლექცია კომერციულად გამართული, ამასთანავე მომხმარებლისთვის ახალი და ინოვაციური იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე მუშაობას  ფაქტობრივად ერთი წლით ადრე ვიწყებთ. მუშაობის პროცესი თავდაპირველად კვლევით იწყება, ვიკვლევთ მომხმარებლის მოთხოვნებს, წინა კოლექციის ბესტსელერებს, მსოფლიო ტენდენციებს, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ კი ვქმნით ჩანახატებსა და ტექნიკურ ნახაზებს, რომლის შემდეგაც რეალური ნიმუშები იქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ კოლექცია მომხმარებლამდე მივა, მანამდე ის ჩვენივე გუნდის წევრების მიერ დაიტესტოს, განისაზღვროს, რამდენად მისაღები წონა აქვს, რამდენად მძიმე ან მსუბუქია, არის თუ არა კომფორტული და  მოსახერხებელი, მხოლოდ და მხოლოდ ყველა ამ სტანდარტის დაცვის შემდეგ სამკაული მზადაა, რომ ფართო საზოგადოების წინაშე წარდგეს.


როგორც თქვით, Eshvi 2012 წელს დააარსეთ, როგორ შეაფასებდით განვლილ რვა წელს, მიღწეულ წარმატებებს და თანამდევ სირთულეებს?

ვფიქრობ, რომ მსგავსი სტარტაპებისთვის პირველი სამი წელი საკმაოდ რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხშირად ვანახლებთ კოლექციებს, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში გვქონია მეტად მოთხოვნადი ან პირიქით, ნაკლებად პოპულარული კოლექციები, თუმცა ვფიქრობ, რომ როცა წარმატების გჯერა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დანებდე. “ეშვის” განვლილი წლები ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა დაუღალავი შრომის ფასად, ეფექტიანი კომუნიკაციითა თუ სწორად შექმნილი კოლექციებით ყოველთვის ვახერხებდით, რომ ხმა ისეთი ჟურნალებისთვის მოგვეწვდინა, როგორებიცაა - Elle, Vogue ან Harper Bazaar,  რაც ცნობადობის კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა,  მოდის კვირეულებში მონაწილეობით და დიდი საკონტაქტო წრის შექმნით მოვახერხეთ, რომ სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და მსოფლიოს მასშტაბით ამდენ მაღაზიაში ვყოფილიყავით წარმოდგენილი.


დაგვიხასიათეთ, როგორია ქალი, რომელიც "ეშვის" სამკაულს ატარებს?

ქალი, რომელიც "ეშვის" ატარებს, თავდაჯერებულია.  ეშვი არ გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინის სამკაულებით, პირიქით, ჩვენი პროდუქციის 70% არის დიდი ისტორიის მქონე ნივთია, რომელიც ამავე დროს ფერადოვნებით გამოირჩევა. შესაბამისად, ქალს, რომელიც ჩვენს სამკაულს ატარებს, უყვარს სილაღე, მრავალფეროვნება, არის მოდის მიმდევარი, მაგრამ ამასთანავე სურს, რომ ყოველთვის რაღაცით გამოირჩეოდეს.


City Mall-ში თქვენი ახალი Pop up მაღაზია იხსნება - მოგვიყევით,  რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ნაბიჯი თქვენთვის, როგორია თქვენი მოლოდინი და რა განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდება თქვენთან მოსულ სტუმარს?

წინასაახალწლო პერიოდში ჩვენი სამკაულების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, 2021 წლის კოლექციის შთაგონება მზე, დასვენება და პოზიტიური ენერგიაა. ამ კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კაქტუსებს, კაქტუსის ფორმის მარგალიტის ყელსაბამებს თუ მალაქიტის საყურეებს, რომელთაც უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებლის ყურადღება დაიმსახურეს. ბევრი მაღაზია უკვე მზად არის, რომ თებერვლიდან ჩვენი ახალი კოლექცია მათაც წარმოადგინონ, თუმცა პირველი  ქვეყანა, სადაც ეს პროდუქცია გაიყიდება, საქართველო იქნება. ზუსტად კაქტუსების კოლექციას მივუძღვენით სითი მოლში გახსნილი ჩვენი Pop Up, რომელზეც დიზაინერ დოდოშკა ჩხეიძესთან ერთად ვიმუშავეთ. აქ მოსული სტუმარი დოდოშკას მიერ შექმნილ ულამაზეს, კაქტუსის ფორმის ინსტალაციას ნახავს, რომელზეც ჩვენი ახალი, კაკტუსის შთაგონებით შექმნილი, საზაფხულო  განწყობის მქონე კოლექცია იქნება წარმოდგენილი.



სამომავლო გეგმები...

უკვე თითქმის დავასრულეთ 2022 წლის კოლექციაზე მუშაობა, რომელსაც თებერვლის ბოლოს პარიზის მოდის კვირეულზე წარმოვადგენთ, მანამდე კი წინ გვაქვს 2021 წლის გრძელი სეზონი და ახალი კოლექცია აქტიურად ჩაეშვება გასაყიდად. ვფიქრობ, რომ ამ ყველასთვის კრიტიკულ და გაურკვეველ პერიოდს საბოლოოდ თავს დავაღწევთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ორმაგი ენერგიით და შემართებით დაუბრუნდებიან.