1979 წლის 15 ივნისს ჯგუფმა „Joy Division“-მა გამოუშვა სადებიუტო ალბომი - „Unknown Pleasure“.  ალბომში შესული ბრწყინვალე მუსიკის გარდა, მსმენელის ყურადღება მიიქცია გარეკანმა, რომლის დიზაინი პიტერ სავილის ეკუთვნის და პულსარ CP 1919-ის მონაცემების შავ-თეთრი ვიზუალიზაციაა. ყდას თან არ ერთვოდა ჯგუფის, მისი წევრებისა და ალბომის სახელი; გამოსახულება მოიცავდა ჰორიზონტალურ ხაზებს, რომელთა გარკვეული ნაწილიც მისტიკურად იყო ამობურცული. სავილიმ განმარტა, რომ ეს იდუმალი სურათი რეალურად მკვდარი ვარსკვლავია, რომლის სიგნალი, როგორც ჩანს, სამუდამოდ გადაიცემა. 

 

 

2012 წელს გადაღებულ 4-წუთიან ფილმში გრაფიკული დიზაინერი - პიტერ სავილი საუბრობს გარეკანის შექმნის ისტორიასა და მის გავლენაზე პოპ-კულტურაში. ჰაროლდ კრაფტის სადოქტორო დისერტაციის 219-ე გვერდზე დაბეჭდილმა სურათმა  თავდაპირველად ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ყურადღება მიიქცია. მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა დიზაინერს აჩვენეს საგულდაგულოდ გადაშლილი გვერდი კემბრიჯის ასტრონომიის ენციკლოპედიიდან და ფოტო, როგორც პოტენციური გარეკანი. 

 

 

 

ბერნარდ სემნერი, რომელიც თვითონვეა გრაფიკული დიზაინერი, იხსენებს: „მე ვმუშაობდი ისეთ ადგილას, სადაც იქნებოდა ანიმაციები სხვადასხვა მულტფილმისთვის. შესვენების დროს მივდიოდი მანჩესტერის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და მივირთმევდი სენდვიჩებს. ბიბლიოთეკას კარგი სამხატვრო და სამეცნიერო განყოფილება ჰქონდა, სადაც ვკითხულობდი შთამაგონებელ წიგნებს. საბოლოოდ, სწორედ აქ ვიპოვე „Unknown Pleasure-ისთვის“ სურათი.“ 

 

 

პულსარი თავდაპირველად 1967 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. ბრუნვისას ვარსკვლავი ელექტრომაგნიტურ სხივებს ასხივებს, გამოსახულების თითოეული ხაზი ინდივიდუალური პულსია, რომლებიც ყოველ ჯერზე არ არიან იდენტურები, რაც მათი სამყაროში მოგზაურობით აიხსნება. ალბომის გარეკანზე გამოსახული 80 ტალღოვანი ხაზი იმ 80 გამოსხივებას შეესაბამება, რომლებიც ნეიტრონულმა ვარსკვლავმა ერთ წუთსა და 47 წამში, ბრუნვების შესრულებისას წარმოშვა. სურათი თავდაპირველად 1971 წელს გამოქვეყნდა - ეს იყო ლურჯ ფონზე თეთრი ტალღოვანი გამოსახულება, 1977 წელს კი ის თავიდან დაბეჭდეს კემბრიჯის ასტრონომიულ ენციკლოპედიაში.  

 

 

„ჯგუფში ყოფნის დროს მაწუხებდა უძილობა და შესაბამისად, ღამეებს ვათენებდი. მაშინ ტელეარხები არ ირთვებოდა და ვიდეოკასეტების ვუსმენდი, ძალიან მომწონდა სტენლი კუბრიკი და იმ პერიოდში ვნახე მისი „2001: A Space Odyssey“, რომელიც ჩემი შთაგონების წყარო აღმოჩნდა. თუ გახსოვთ, ფილმში ნაჩვენებია ობელისკი, რომელსაც შავი ფორმა აქვს. იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ შავმა ფორმამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს ქვეცნობიერზე, რაღაც არის მასში ძალიან უცნაური“, - ასე ახსნა ერთ-ერთ ინტერვიუში  ბერნარდ სამნერმა მასა და ერთ სურათს შორის არსებული კავშირი. 

 

 

„ჯგუფის სადებიუტო ალბომს „უცნობი სიამოვნება“ ერქვა და ვიფიქრე, რაც უფრო მისტიკური იქნებოდა ეს შავი ფონი, მით უკეთესი ყველასთვის“, - განაცხადა პიტერ სემნერმა. 

 

 

ჰაროლდ კრაფტი, რომელმაც გამოსახულება ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს დაბეჭდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი „ნამუშევარი“ ოდესღაც საკულტო გახდებოდა:  „წარმოდგენაც კი არ მქონდა... წავედი ჩანაწერების მაღაზიაში და მაშინვე ვიყიდე ალბომი და პოსტერი, ყველანაირი მიზეზის გარეშე, მარტო იმიტომ, რომ ეს გამოსახულება ჩემია და ასლი მეც უნდა მქონოდა“.