"არასდროს შეგეშინდეთ იმისი, რომ გამოეყოთ უმრავლესობას და დადგეთ სიმართლის მხარეს..." ალბათ ცოტა უცნაურია ამ  სიტყვების იმ კომპანიის ვებგვერდზე ამოკითხვა, სადაც მაკიაჟის, თავისა და სხეულის მოვლის საშუალების შეძენაა შესაძლებელი. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს მოხვეული სილამაზისა და მოდის  მასობრივი ინდუსტრია, ხშირ შემთხვევაში არაეთიკური და გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო, სრულებითაც არ გამოიყურება სამართლიან გარემოდ.   

2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სილამაზის გლობალური ინდუსტრია წელიწადში 120 მილიარდამდე  პროდუქტის შესაფუთ მასალას აწარმოებს, რომელთა უმრავლესობა გადამუშავებას არ ექვემდებარება და ამიტომაც, არცთუ ისე შორეულ მომავალში  მკვლევრები ასეთ ტრაგიკულ სურათს გვიხატავენ: 2050 წელს ზღვაში თევზზე მეტი პლასტმასი “იცურავებს”. რომ აღარაფერი ვთქვათ ცოცხალი სამყაროს  პირდაპირი გზით დაზიანებაზე და იმ მილიონობით ცხოველზე, რომლებზეც ჩვენი საყვარელი პროდუქტები იტესტება. ალბათ ეს რიცხვებიც საკმარისია იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიის ცალკეულმა წევრებმა  (ჩვენი ჩათვლით) თავიანთი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ და ახლა მაინც გადავიდნენ იმ სამართლიან მხარეზე, რომელზეც კომპანია The Body Shop-ის თითქმის უკვე 40-წლიანი ისტორია დგას.

ეს ისტორია კი 1976 წელს მხოლოდ 25 პროდუქტის გაყიდვით დაიწყო, მაშინ როცა The Body Shop-ის დამფუძნებელმა ანიტა როდიკმა ბრაიტონში პირველი  მაღაზია გახსნა. მაღაზიაში მისულ სტუმრებს კომპანიის შეზღუდული ბიუჯეტის გამო ასეთი შეთავაზება ხვდებოდა: ისინი, ვინც The Body Shop-ში ცარიელ კონტეინერებს ხელახლა შესავსებად მიიტანდნენ, განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებდნენ. ეს ერთი შეხედვით რაციონალური გამოსავალი, ამასთანავე კომპანიის ერთ-ერთი პირველი ეთიკური ნაბიჯია, რა  გზითაც ბოდიშოპი შესაფუთი მასალის მინიმალური რაოდენობით მოხმარებას უჭერდა მხარს. კომპანიის ამ მიდგომამ, მისმა ხელმისაწვდომობამ და ხარისხმა, რასაც ნატურალური ინგრედიენტების მოხმარება განაპირობებდა, საზოგადოებაში დიდი ნდობა და სიყვარული მოიპოვა. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ბოდიშოპი ხმამაღლა აცხადებდა, კომპანია დაარსების დღიდან  პროდუქტის ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგი იყოო. ორ წელიწადში ანიტას ბიზნესი გაფართოვდა და სულ მალე საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ბრიუსელში ბოდიშოპის პირველი ფილიალიც გაიხსნა. დღეს კომპანია 3000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, საქართველო კი მათ შორის 73-ე ქვეყანაა.


25 პროდუქტით დაწყებული ისტორია  სახის, ტანის, თმისა და დეკორატიული კოსმეტიკის 700-ზე მეტი საშუალების წარმოებით გრძელდება. განსაკუთრებით ცნობილია The Body Shop-ის ტანის კარაქის სახეობები. 1992 წელს პირველად გამოსული მანგოს ტანის კარაქის შემდეგ, კომპანიამ ამავე დასახელების პროდუქტი სხვადასხვა მთავარი ინგრედიენტით შექმნა.  ეს ნატურალური ინგრედიენტები კი ნამდვილად ისაა, რითაც კომპანიას თამამად შეუძლია იამაყოს, რადგან მსოფლიოში ალბათ ცოტაა თავის მოვლის ისეთი მწარმოებელი, რომელიც 100 პროცენტით ვეგეტარიანულ და ნახევარზე მეტ ვეგანურ ინგრედიენტს იყენებს, თან, რაც ყველაზე მთავარია, ამ ინგრედიენტებს მსოფლიოს ათეულობით სხვადასხვა ქვეყანაში პირდაპირ ადგილობრივი თემებიდან ყიდულობს. ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ ორგანული პროდუქტის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ეხმარება ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს.




The Body Shop ეხმარება ქალებსაც, აძლიერებს და მხარს უჭერს იმისათვის, რომ ისეთივე თანაბარ პირობებში იარსებონ, როგორებშიც მამაკაცები ცხოვრობენ.  1994 წლიდან განას 11 სოფელში ყოველწლიურად 640 ქალი საკუთარი ხელით აწარმოებს 390 ტონა შიის კარაქს, ამ მხარეში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კულტურას, რომლის მოყვანის ტექნიკაც განაში თაობიდან თაობას გადაეცემა და საბოლოოდ, The Body Shop-ის კომპანიის წყალობით, ჩვენი თავის მოვლის რუტინაში საუკეთესო დამატენიანებლის ფუნქციას ასრულებს. ეს ჯაჭვური კავშირი, რომელიც თითქმის უკვე 30 წელია უწყვეტად მიმდინარეობს, ჯამში 49 000-ზე მეტ ადამიანს პოზიტიური კუთხით უცვლის ცხოვრებას, უზრუნველყოფს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ჯანმრთელობის და განათლების ფუნდამენტურ უფლებებსაც.


ადამიანების და განსაკუთრებით ქალების უფლებების დაცვა, The Body Shop-ის ერთადერთი პრიორიტეტი ნამდვილად არ არის.  ზოგადად, ეს ის კომპანიაა, რომელიც ბიზნესის კეთილ ნებაში და სამყაროს პოზიტიურ ცვლილებაში დარწმუნებულია, იმდენად რომ მათი კამპანიების შესახებ საუბრისას რიგით მომხმარებელს მხოლოდ ერთი  შთაბეჭდილება გრჩება - მგონი, ეს ყველაფერი არა ბრენდის იმიჯის ნაწილი, არამედ პირიქით - თავად საშუალებაა იმისთვის, რომ სამყარო, მასში შემავალი ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმებისთვის კომფორტულ საცხოვრისად ვაქციოთ. 

სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ანიტა როდიკი არასდროს ყოფილა სტანდარტული მმართველი, ამ სიტყვის სწორედ იმ მნიშვნელობით, რომლითაც სილამაზის ინდუსტრიის გლობალურ ქსელში შემავალი კომპანიები ხასიათება. მეტიც, მას სძულდა სილამაზის ის ინდუსტრია, რომელიც ქალებს წესებს და ნორმებს კარნახობდა, თავს ახვევდა გაუგებარ სტანდარტებს და ამბობდა, რომ სილამაზე არა მხოლოდ თქვენ მიერ საკუთარი თავისთვის გაღებულ მსხვერპლს, არამედ მსხვერპლის სახით სილამაზის ინდუსტრიას შეწირულ მილიონობით ცხოველსაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ, კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე The Body Shop უარს ამბობდა საკუთარი პროდუქციის ცხოველებზე დატესტვაზე და ამ გზისთვის  მაშინაც არ გადაუხვევია, როცა დროებით Loreal-ის მფლობელობაში აღმოჩნდა. სილამაზის იმ სტანდარტული მწარმოებლის საკუთრებაში, რომლის საპირისპირო მხარესაც კომპანია ბოდიშოპი დაარსების დღიდან იბრძოდა. 

ანიტა როდიკის ამ კონტროვერსიულმა გადაწყვეტილებამ მაშინ უამრავი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია, თუმცა როგორც მისი მფლობელი ხსნიდა, The Body Shop არათუ საკუთარი ღირებულებებისგან გადახვევას, არამედ ახალ მშობელ კომპანიაში "ტროას ცხენის" ფუნქციის შესრულებასაც კი აპირებდა. მას სურდა, რომ The Body Shop-ის გავლენით, ისეთი მასობრივი მწარმოებელი, როგორც ლორეალია  საკუთარ არაეთიკურ ნაბიჯებზე დაფიქრებულიყო და საბოლოოდ იმ მხარეს გადასულიყო, რომელსაც ანიტა როდიკი სამართლიანს უწოდებდა.

არ ვიცით The Body Shop-ის გამოცდილებამ ლორეალზე პოზიტიური გავლენის მოხდენა რამდენად შეძლო, თუმცა ნამდვილად სამართლიანია ის,  რომ კომპანია საბოლოოდ Natura &Co-ს მფლობელობაში აღმოჩნდა. ეთიკური ღირებულებები და სამყაროს უკეთესი მომავალი სწორედ ის იყო, რამაც ამ ორი კომპანიის წარმატებული თანამშრომლობა განაპირობა. თუმცა როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ბოდიშოპის საქმიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ვის მფლობელობაში იმყოფება, ის თავისთავადაც დამოუკიდებელი ღირებულებების მქონეა, რომელიც ახალ მფლობელამდეც და მას შემდეგაც ანიტა როდიკის მიერ დაწყებულ ტრადიციულ კამპანიებთან ერთად, ისეთ თანამედროვე სოციალურ გამოწვევებს პასუხობს, როგორებიც ოჯახური ძალადობის ან თუნდაც  ტრეფიკინგის პრობლემებია.


ამ და ძალიან ბევრი სხვა მიზეზით, მგონი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილამაზის ინდუსტრიაში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელსაც საკუთარი  წარმატება სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე აქვს აწყობილი, რომელიც თანაბრად ზრუნავს მათზე, ვისაც ამ ინდუსტრიისკენ ხელი მიუწვდება და მათზეც, ვისთვისაც ელემენტარული ჰიგიენის პირობებიც  კი პრობლემურად მისაღწევია. რომ არაფერი ვთქვათ პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე, ხარისხსა და სხვა უამრავ ეგოისტურ მიზეზზე, სოციალური პასუხისმგებლობა და სამყაროს უკეთესი მომავლის პერსპექტივაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი თავის მოვლის რუტინაში The Body Shop-ის შიის, ჩაის ხის, მანგოს და სხვა უამრავ ნატურალურ ინგრედიენტზე დამზადებული პროდუქციის შეტანა  არ დაგვავიწყდეს.

ან თუნდაც მაშინ როცა მესამე მსოფლიოს პრობლემებზე ან კლიმატის ცვლილებებზე ჩამოვარდება საუბარი, მანქანის გამონაბოლქვთან, გადაყრილ პლასტმასთან და ტანისამოსის ჭარბწარმოებასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენოთ თაროზე შემოდებული ჩვენივე შეძენილი პროდუქტები, რომლითაც თავს ვუვლით და გარემოს ვაზიანებთ, და თუ მათსავით პასუხისმგებლობას ჩვენც ვიგრძნობთ, შეგვიძლია თამამად დავეთანხმოთ The Body Shop-ს, რომელიც გვასწავლის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა  არათუ გამორიცხავს, გულისხმობს კიდეც გარემოზე ზრუნვას. და ის, რაც ჩვენს ხელთაა და ამ წუთასვე შეგვიძლია შევცვალოთ, სწორედ ეს, არც ისე კეთილსინდისიერი გზით მიღებული პროდუქტებია, რომლებმაც ვინ იცის რამდენი მსხვერპლი შეიწირა, ჩვენამდე რომ მოსულიყო. არადა ამის საჭიროება ნამდვილად აღარ არსებობს, The Body Shop კი უკვე ორმოცი წელია ამის ნათელი და როგორც თავად ამბობენ, ყველაზე სამართლიანი მაგალითია.