სადღესასწაულო სამზადისის დროს მოდის სახლების ვიტრინებსა და ფასადებზე ჯადოსნური სცენები კლასიკური კაშკაშა ორნამენტებითა და განათებებით, ზოგჯერ კი არაორდინალური, კონცეპტუალური დიზაინით ცოცხლდება. გადახედეთ ცნობილი მოდის სახლების სხვადასხვა დროის ყველაზე გამორჩეულ საშობაო დეკორაციებსა და ნაძვისხეებს.

Louis Vuitton

 


 

Louis Vuitton-ის სადღესასწაულო ნამუშევრებიდან გამორჩეულად დასამახსოვრებელი ნეონის 3D და სხვადასხვა მინიატიურული ნივთებით აწყობილი ნაძვისხეები აღმოჩნდა. გარდა ამისა, 2019 წლის საშობაო სამზადისის დროს ნიუ-იორკში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზიის ვიტრინაზე ფერადი, სამგანზომილებიანი გამოსახულება გამოჩნდა, სადაც ბრენდის ლოგო და სიმბოლო Pop Art-ის სტილშია წარმოდგენილი.

 

Yves Saint Laurent

 



ფრანგულმა მოდის სახლმა 2019 წლის სადღესასწაულო სეზონზე მდიდრული საჩუქრები და დეკორაციები წარადგინა. მათ შორისაა კონცეპტუალური ნაძვისხე ნეონის ფერადი განათებებით.

 

CHANEL

 


 

CHANEL-ის დახვეწილი საშობაო დეკორაციები ყოველთვის იქცევს გამვლელების ყურადღებას.  2010 წლის ვიტრინა ფურცლის ფირფიტებით შექმნილი ნაძვისხითა და  კოკო შანელის თოჯინების პატარა დეკორაციებით გაფორმდა. 2011 წელს კი 12 ვიტრინაში კარლ ლაგერფელდმა შანელის მინიატიურული სამყარო გააცოცხლა. ჯადოსნური სცენები მარიონეტების შოუს, ბალერინებს, ბროლის ჭაღს, გიგანტურ წითელ დრაკონსა და მის ქვეშ დამალულ განძს მოიცავს, ასევე მარიონეტებს, რომლებიც იაპონური ცათამბჯენის გარშემო ფუტურისტული მფრინავი მანქანით მოგზაურობენ. 

 

GUCCI

 

 

GUCCI-ს ვიტრინებში ხშირად მოულოდნელი და საინტერესო დიზაინი გვხვდება. 2018 წელს პარიზის მაღაზიის ფანჯრებში სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით უჩვეულო დეკორაციები გამოჩნდა და ფერად ვიტრინაში ჯადოსნური სცენები გააცოცხლა.

 

Balenciaga

 

 

საახალწლო დეკორაციების ნაცვლად, 2018 წელს Balenciaga-მ არაორდინალური და ამავდროულად, ირონიული სადღესასწაულო ნაძვისხის კამპანია წარადგინა. ფერადი ნაძვისხეების დიზაინი Car-Freshener Corporation-ის მანქანის სურნელოვანი საკიდის მსგავსია, რის გამოც ძვირად ღირებულ მოდის სახლს სასამართლოშიც კი უჩივლეს.

 

Christian Louboutin

 



ნიუ-იორკში, პარიზსა და ჟენევაში გამვლელების ყურადღება Christian Louboutin-ის მაღაზიების საშობაო დიზაინმაც დაიმსახურა. ვიტრინებში კონცეპტუალური დეკორაციები გამოჩნდა, სადღესასწაულო ნაძვისხის გარშემო განთავსებული სარკეები კი ვიზუალს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

 

HERMÈS

 


 

Hermès-ის ფილოსოფია მშვენიერი მასალებით უნიკალური, ელეგანტური და ამავდროულად, გამოსადეგი ნივთების შექმნას გულისხმობს. საშობაო დეკორაციების გარდა, Hermès-ის გუნდმა 2012 წელს კონცეპტუალური ნაძვისხეების პროექტი წარადგინა.

 

Dior

 



Dior ყოველწლიურად ქმნის სადღესასწაულო განწყობას, 2018 წელს Montaigne-ის გამზირზე უზარმაზარი თეთრი ნაძვისხე გამოჩნდა, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო და ფოტოგრაფების ობიექტივებშიც მოხვდა. ნაძვისხის შესაქმნელად 6000 ქაღალდის ფირფიტა და 2000 მეტრი გირლიანდა გამოიყენეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ჯადოსნურ ნაძვისხეში მისტიკური ფიგურები - ვეფხვი, ჟირაფი და კიდევ სხვა ცხოველებია დამალული.

 

PRADA

 



PRADA-ს საახალწლო დეკორაციებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი Printemps-თან კოლაბორაცია აღმოჩნდა. შობის ღამის ჯადოსნურობით შთაგონებული პროექტი 11 სადღესასწაულო ვიტრინისგან შედგება, აქედან 4 ანიმაციური დიზაინით შეიქმნა, PRADA-ს სამოსში გამოწყობილი Teddybears-ის თოჯინებით, 7 ფანჯარაში კი კონცეპტუალური მოდის შოუა წარმოდგენილი.