ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი 2020 წლის თებერვალს ოსკარზე იყო ნომინირებული ფილმისთვის - Pain and Glory. პანდემიის პირობებში მან გამოსცა რამდენიმე ესეც, ასევე იმუშავა ფილმზე The Human Voice, რომლის პრემიერაც ვენის კინოფესტივალზე გაიმართა, ხოლო თეატრებში 2021 წლის მარტში გამოვა. სულ ცოტა ხნის წინ კი ესპანელმა რეჟისორმა მისთვის საყვარელი 2020 წლის ფილმების სიაც გაგვიზიარა.
Nomadland
ქლოი ჟაოს ფილმში მთავარი პერსონაჟი, ფერნი (ფრანსის მაქდორმანდი) კარგავს ყველაფერს, რის შემდეგაც გადაწყვეტს მოგზაურობა დაიწყოს. მას დასავლეთ ამერიკის ულამაზეს პეიზაჟებში ხეტიალის გარდა არაფერი დარჩენია. ფილმი გადაღებულია ჯესიკა ბრუდერის წიგნის მიხედვით - Nomadland: Surviving America in the Twenty-First Century. ფილმის პრემიერა 11 სექტემბერს ვენის კინოფესტივალზე გაიმართა და ოქროს ლომიც დაიმსახურა. ამასთან, გაიმარჯვა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც და გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ორივე პრიზი მოიპოვა. პედრო ალმოდოვარის თქმით, აქ მსახიობები მეორეხარისხოვან როლშიც შთამბეჭდავები არიან, ფრანსის მაქდორმანდის პერფორმანსი კი ულამაზესია.
First Cow
Kelly Reichardt-ის ფილმს პედრო ალმოდოვარი მომაჯადოებელ ვესტერნს უწოდებს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ორი კაცის თავგადასავალს მოგვითხრობს. მათი გზები გადაიკვეთება, როდესაც ისინი ერთმანეთს საკუთარ ოცნებებს გაანდობენ: ერთს ფერმა სურს, მეორეს კი პატარა საცხობი ან სასტუმრო სან ფრანცისკოში. ფილმმა New York Film Critics Circle Awards 2000-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმის წოდება მოიპოვა.
The Devil All The Time
Antonio Campos-ის ამ სურათს პედრო ალმოდოვარი საოცარ, პოეტურ, ფანატიკურ ფილმს უწოდებს, რომელიც გადმოცემულია დახვეწილი თხრობითა და სიზუსტით. აქვე ალმოდოვარი Antonio Camposis 2005 წლის ფილმ MarTha Marcy May Marlene-ს იხსენებს და წერს, რომ ამ ფილმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მასზე. The Devil All the Time ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერია, რომელიც დაფუძნებულია ამავე სათაურის მქონე დონალდ რეი პოლოკის რომანზე. ესპანელი რეჟისორი აღიარებს, რომ ამ ფილმს კიდევ მრავალჯერ უყურებს.
Another Round
თომას ვინტენბერგის „ამაღელვებელია ამბავი ოთხი მეგობრის ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ, რაც მათ უფსკრულის პირამდე მიიყვანს“, - წერს რეჟისორი. ოთხი მეგობარი გადაწყვეტს, რომ ალკოჰოლის ყოველდღიური მოხმარებით ისინი საკუთარ სამუშაოს უკეთ შეასრულებენ. ალმოდოვარის თქმით, ფილმი ოპტიმიზმისა და მელანქოლიის შესანიშნავი ნაზავია, რომელიც საბოლოოდ რაღაც განსაკუთრებულში გარდაიქმნება. მისივე თქმით, ბოლოს სცენას, სადაც მადს მიკელსენის პერსონაჟი საკუთარ ნასვამ სტუდენტებთან ერთად ცეკვავს, ადამიანი ცრემლებამდე მიჰყავს.
Swallow
Carlo Miravella-Davis-ის ფილმის მთავარ გმირს აქვს მოთხოვნილება ყოველი პატარა ნივთი გადაყლაპოს. პედრო ალმოდოვარი წერს, რომ ამ უჩვეულო შინაარსის ფილმს მუდმივი განცვიფრებით უყურებდა და ამავე დროს, რეჟისორის სტილს იორგოს ლანთიმოსის, ჯესიკა ჰაუსნერისა და ტოდ სოლონდზის ნაზავად ახასიათებს.
Ya no estoy aquí (I’m No Longer Here)
მექსიკელი რეჟისორის, ფერნანდო ფრიასის ოსკარზე ნომინირებული ფილმი მექსიკური გენგის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მის ახალგაზრდა წევრებს ძალადობასა და ნარკოტიკებზე მეტად ეგზოტიკური თმის ვარცხნილობები და რიტუალში გადაქცეული ცეკვა აღელვებთ. პედრო ალმოდოვარი ყურადღებას ამახვილებს შესანიშნავ ფოტოგრაფიაზე, დიდებულ მუსიკასა და მთავარი გმირის დაუძლეველ ხიბლზე.
Little Joe
ალმოდოვარის თქმით, ჯესიკა ჰაუსნერის ეს ფილმი მისი რევოლუციური Lourdes-ის შემდეგ საუკეთესოა. „იშვიათი იშვიათს შორის“ - ასე ახასიათებს მას რეჟისორი.
Never Rarely Sometimes Always
სიდნი ფლანიგანის ეს ფილმი,ალმოდოვარის თქმით, თავისუფლად იმსახურებს 2020 წლის საუკეთესო ფილმებში მოხსენებას. მინიმალისტური ამბავი ორი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც პენსილვანიიდან ნიუ-იორკში გაემართებიან. „დელიკატური და სრულიად განთავისუფლებული რიტორიკისგან“ - ასე ახასიათებს პედრო ალმოდოვარი მას. ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზეც იყო ნომინირებული.
The Painter and the Thief
ბენჟამინ რის ფილმის მთავარი გმირები, პედრო ალმოდოვარის თქმით, დოკუმენტური ფილმისთვის იშვიათი სიმართლითა და გამოცდილებით თამაშობენ. „დარწმუნებული ვარ, რეჟისორმა აიღო ამბავი, სკიპტრად აქცია და შემდეგ მსახიობებს უფლება მისცა თვითონ შეესრულებინათ ეს როლები“, - წერს რეჟისორი. ფილმში გადმოცემულია მეგობრული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი.
დაწერე კომენტარი