საახალწლო მოტივებით შექმნილი ჯემპრები ცნობილი, როგორც Ugly Christmas Sweater, სადღესასწაულო სეზონის განუყრელი ნაწილია. როგორც წესი, მას უახლოესი ადამიანები ჩუქნიან ერთმანეთს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მისი ვიზუალი, ძირითადად, არავის მოსწონს. თუმცა სწორედ ის ფაქტი, რომ მსგავს ჯემპრებს უმეტესად ოჯახის წევრები ჩუქნიან ერთმანეთს, სადღესასწაულო სეზონზე მის  ერთხელ ჩაცმას მაინც ვალდებულებად აქცევს, რაც პატივისცემისა და მადლიერების ერთგვარი მტკიცებულებაა. სწორედ ასეთ სვიტერში იყო გამოწყობილი მარკ დარსიც პირველად, რომ ბრიჯიტ ჯონს შეხვდა. თუმცა არც რონალდ უიზლის აკლდა საჩუქრად დედამისის მოქსოვილი საახალწლო ჯემპრები.

სინამდვილეში, Ugly Christmas Sweater-ის ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება, რაც, სავარაუდოდ, სადღესასწაულო დღეებში მზარდი კომერციალიზაციის პროცესს უკავშირდება. თუმცა თავდაპირველად Jingle Bell Sweater-მა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა და მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1980-იანების დასაწყისში მიიპყრო მეინსტრიმის ყურადღება. ამ ცვლილების წყარო პოპკულტურა, კერძოდ კი კომედიური ჟანრის ფილმები გახდა, ისეთი, როგორიცაა National Lampoon's Christmas Vacation. ფიფქებითა და სხვა საახალწლო დეკორაციით მორთული ჯემპრები ნამდვილად არ ითვლებოდა ელეგანტურ და გემოვნებიან სამოსად, თუმცა მისი პოპულარობა სწორედ მის უჩვეულოდ მხიარულ და უშნო ვიზუალს უკავშირდებოდა. ამასთან, UCS-ს ჯადოსნური ძალა აქვს, შეიძლება უეცრად მის დანახვაზე შეშფოთდეთ, როგორც ბრიჯიტ ჯონსი შეშფოთდა მარკ დარსის ჯემპრის დანახვაზე, თუმცა ბოლოს მაინც გაგეღიმებათ, რადგან ჯემპრის მხიარული განწყობა გადამდებია. 

 

მიუხედავად ამისა, Ugly Christmas Sweater მაღალი მოდისთვის მაინც მიუღებლად რჩებოდა მაიკლ საიმონის გამოჩენამდე, რომელიც არა ირონიით, არამედ კონცეპტუალურად უდგებოდა საახალწლო მოტივებით შექმნილ ნაქსოვ  ჯემპრებს. ბალეტის მოცეკვავემ პირველი ჯემპრი 1975 წელს შექმნა და თავდაპირველად მისი დიზაინი პოპულარულ კულტურაში გავრცელებული ელემენტებისგან, ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულებებისგან შედგებოდა. საიმონი მისი გამორჩეული ხელწერით მალევე გახდა ცნობილი, ხოლო პირველი Ugly Christmas Sweater-ის შექმნის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საახალწლო ჯემპრებისადმი დამოკიდებულება  ნელ-ნელა იცვლებოდა. UCS განსაკუთრებით მოთხოვნადი 1990-იან წლებში გახდა, ხოლო 2000-იან წლებში დაბეჭდილი წიგნის, Ugly Christmas Sweater Party Book: The Definitive Guide to Getting Your Ugly On-ის თანახმად, დროთა განმავლობაში Ugly Christmas Sweater-მა ახალი ცხოვრება დაიწყო. ბრაიან მილერი, წიგნის თანაავტორი და UglyChristmasSweaterParty.com ონლაინმაღაზიის დამფუძნებელი განმარტავდა, რომ ეს ჯემპრები სადღესასწაულო  ტრადიციად და საახალწლო მხიარულების და სასაცილო მოგონებების სიმბოლოდ იქცა. 

მომდევნო დეკადაში კი Ugly Christmas Sweater უკვე მაღალი მოდის სახლის კოლექციებშიც ჩნდება. 2007 წლის სტელა მაკარტნის შემოდგომის კოლექცია პოლარული დათვების თემაზე შექმნილ ნაქსოვ ჯემპრებს სთავაზობდა მომხმარებელს. ხოლო 2010 წელს Givenchy შემოდგომის კოლექციისთვის საახალწლო მოტივებით დატვირთულ სათხილამურო სვიტერებს ქმნის. აღსანიშნავია ასევე Dolce & Gabbana-ს ამავე წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაც, რომელზეც ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ იმუშავა. მას შემდეგ Ugly Christmas Sweater-ები ისეთი მოდის სახლების კამპანიებისა და კოლექციების ნაწილი გამხდარა, როგორებიცაა: Chanel, Jean Paul Gaultier Couture, Christian Dior, Louis Vuitton, Maison Margiela. 

დღეს Ugly Christmas Sweater უკვე პოპულარული კულტურის ნაწილია და მისი მნიშვნელობა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. იგი შეიძლება ერთდროულად იყოს გემოვნებიანი და ელეგანტური და ამავდროულად, კიჩურ, ირონიულ დატვირთვას ატარებდეს. ყველაფრის გათვალისწინებით სადღესასწაულო სეზონი ერთგვარ სტრესთანაც ასოცირდება, Ugly Christmas Sweater-ის ტარება კი დიდი ალბათობით საახალწლო განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.