არაფერი შეედრება ხელნაკეთ საშობაო ბარათებს, ალბათ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების მიერ შექმნილი ბარათების გარდა. ყველაზე მეტი ასეთი ბარათი 1939-1967 წლებში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) დირექტორმა, მონრო ვილერმა მიიღო. საშობაო ბარათებს უგზავნიდნენ ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან პიკასო, რენუარი, შაგალი მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა, შემდეგ კი მის პარტნიორს, ანატოლ პოჰორილენკოს გადასცა და ხელოვნების მემკვიდრეობად აქცია.
ახლა ამ კოლექციას, რომელიც პოჰოლირენკოს სიკვდილის შემდეგ, 2014 წელს, მის სარდაფში აღმოაჩინეს, მონრო ვილერის არქივის სახელით ვიცნობთ. კოლექცია დღის შუქზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც წიგნად გამოიცა, სათაურით „Season’s Greetings“.თითოეული ხელოვანის ბარათში მისი ავტორის ხელწერა და იმ ნამუშევრების დეტალები იკითხება, რომელზეც იმ პერიოდში მუშაობდნენ. ჟან კოქტომ, მაგალითად, ვილერს ხელით დახატული საკუთარი ინკრუსტრირებული ხელმოწერა გაუგზავნა საფრანგეთიდან, იმ სახლიდან, სადაც ხელოვანი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. კოქტო ამ სახლში 34 წლის პარიზელმა სასადილოდ მიიწვია, რომელსაც სახლი ახალი შეძენილი ჰქონდა. კოქტომ ცარიელი თეთრი კედლების მორთვა განიზრახა და ექვსი თვის განმავლობაში კედლებს საკუთარი დიზაინით, ტატუებით, მოზაიკებითა და გობელენებით ფარავდა. მას შემდეგ, რაც საქმე დაასრულა, კოქტოს იმდენად მოსწონდა სახლი, რომ იქ კიდევ 11 წელი გაატარა.
ალექსანდერ კალდერის ბარათი ისე გამოიყურება, როგორის მოლოდინიც „მობილის“ შემქმნელისგან შეიძლება გვქონდეს. ის სამი ნაწილისგან შედგება და თითოეულზე განსხვავებული ფიგურაა. წითელი ფრინველი, რომელიც ბარათის მარჯვენა მხარესაა გამოსახული, ბარათების კოლექციის წიგნის ყდაზეა დატანილი.
ავსტრიელ-ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის, მხატვრის, არქიტექტორისა და ფოტოგრაფის, ჰერბერტ ბაიერის ბარათი ისტორიული თემატიკითაა გაჟღენთილი. ბარათს მეორე მსოფლიო ომის თემაც დააჩნდა. ბარათზე გამოსახული ხელებიდან ერთ-ერთი თოვლით, მეორე კი სისხლითაა დაფარული. თავად ბაიერი 1930-იან წლებში ბერლინში ცხოვრობდა და მას შემდეგ, რაც მისი ნამუშევრები ცნობილ „Degenerate Art“ გამოფენაზე გამოიტანეს, ის იძულებული იყო, რომ თავი გადაერჩინა და გაქცეულიყო, რის შემდეგაც ნიუ-იორკში დასახლდა.
მიგელ კოვარუბიასი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მექსიკელი მხატვარი, მწერალი და ანთროპოლოგია, რომლის ნახატებშიც სამხრეთამერიკული სული იგრძნობა. მისი ხელწერა ვილერთან გაგზავნილ საშობაო ბარათშიც იკითხება. ერთი შეხედვით, უცნაური ნახატის ნაცრისფერ ფონზე ვარდისფერი და იისფერი ჭარბობს და თვალის პირველი შევლებისას შექმნილ სევდიან განწყობას თეთრი ფრინველები და მისალოცი ტექსტი სადღესასწაულო იერს სძენს.
ხელოვანებს შორისაა მაქს ვებერის, ებრაელ-ამერიკელი მხატვრისა და ერთ-ერთი პირველი ამერიკელი კუბისტის საშობაო ბარათი. ეს მინიმალისტური და კუბისტური ჩანახატი წარწერით ვილერს ვებერმა 1950 წელს გამოუგზავნა.
დაწერე კომენტარი