წარმოიდგინეთ გლამურული ზამთრის კურორტი, დათოვლილი მთებით, დახვეწილი არქიტექტურით, მდიდრული შალეებითა და საშობაო წვეულებებით, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები ესწრებიან - ეს გშტადია, სათხილამურო კურორტი შვეიცარიის ალპებში, რომლის პოპულარობაც 1960-იანი წლებიდან იწყება და დღემდე გრძელდება. კურორტი ვარსკვლავებისთვის ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია მშვიდ გარემოში დასვენება.  

 

სასტუმრო "გშტად პალასი", რომელიც 1913 წელს აშენდა, მასპინძლობდა - შონ კონერის, ელიზაბეტ ტეილორსა და რიჩარდ ბარტონს, პოლ მაკარტნის, ელტონ ჯონს, მაიკლ ჯექსონს, პოლიტიკურ ფიგურებს, მონარქებს და კინოსა და მუსიკის სხვა ვარსკვლავებს. ელიზაბეტ ტეილორი ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც გშტადში საკუთარი შალე შეიძინა. კურორტს განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდნენ მონაკოს პრინცი რენიე III და გრეის კელი შვილებთან ერთად. 



გშტადში ჩვეულებრივი სანახაობა იყო მარხილით მოსრიალე როჯერ მურის ნახვა, ქუჩებში კი შეიძლება ბრიჯიტ ბარდოს შეხვედროდით, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
კურორტი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ხელოვანის შთაგონების წყარო, სასტუმრო "გშტად პალასი" კი - რამდენიმეჯერ მოხვდა კინოობიექტივში.

ზღაპრული ბუნებისა და მაღალი დონის სათხილამურო ტრასების გარდა, კურორტის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი დაცულობის შეგრძნებაა, გშტადში მდებარე სასტუმროების ტერიტორიაზე აკრძალულია ჟურნალისტებისა და პაპარაცების შეშვება, რაც დამსვენებლებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. 1982 წელს ახლად განქორწინებულმა დევიდ ბოუიმ გშტადში რამდენიმე კვირა გაატარა, რათა თავიდან აეცილებინა ჟურნალისტების არასასურველი კითხვები.  

გშტადი არანაკლებ პოპულარულია დღესაც, კურორტს ხშირად სტუმრობენ ენ ჰეთუეი, კერი მალიგანი და ვალენტინო. გშტადში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება მილიარდერ მორის ეიმონის საშობაო წვეულებებია, რომლებზეც შეიძლება ჯული ენდრიუსსა და მადონას ერთდროულად შეხვდეთ. 




საინტერესოა, რომ გშტადი 11 თვის განმავლობაში მშვიდი კურორტია, შობის მოახლოებასთან ერთად კი ქალაქი ახალ სიცოცხლეს იძენს.  ვარსკვლავებთან შეხვედრის იმედით, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიან და ქალაქს “ზამთრის ჰოლივუდად” აქცევენ. მიუხედავად მრავალი ვიზიტორისა, გშტადი დღესაც ინარჩუნებს ექსკლუზიურობისა და ელეგანტურობის ნიშას, კურორტიდან არ ვრცელდება სკანდალური ჭორები, დასასვენებლად ჩასული ცნობილი ადამიანები არ ხვდებიან ტაბლოიდებსა და ყვითელ პრესაში - რაც ხდება გშტადში - რჩება გშტადში.