ამერიკელი არქიტექტორის, პიერ კოენიგის ექსპერიმენტულმა პროექტმა “Stahl House”-მა 60-იანი წლების ტენდენციები შეცვალა. Hollywood Hills-ში წარმოდგენილი მოდერნისტული სახლი სადღესასწაულოდაც განსხვავებულად გამოიყურება. თანამედროვე ნაძვისხე, რომელიც ლოს-ანჯელესის ჰორიზონტს გადაჰყურებს, ნამდვილად ჯადოსნურ განწყობას ქმნის. ალბათ, “Stahl House”-ის ინტერიერში ახალი წლის საღამოს გატარებაზე ბევრს უოცნებია, ამ ყველაფრის მიღმა კი სახლის 60-წლიანი შთამბეჭდავი ისტორია დგას. XX საუკუნის თანამედროვე შედევრი მუდმივად ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ხვდება. სახლის ინტერიერსა თუ ექსტერიერში ხშირად ცნობილი ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და სარეკლამო კამპანიების გადაღებებიც მიმდინარეობს. 

 


 

პიერ კოენიგმა პირველ პროექტზე 1950 წელს იმუშავა, ამ დროს ის მესამე კურსის სტუდენტი იყო. პიერის ხელწერა პირველ პროექტშივე იგრძნობა, სადაც ის ფოლადისა და მინის კონსტრუქციებს იყენებს. არქიტექტორი განსხვავებულ სტილს ირჩევს და თითქოს თავიდანვე უპირისპირდება უკვე არსებულ ტრადიციულ ხერხებს. როდესაც “Stahl House”-ის მეპატრონეები - ბაკი და შარლოტა ოცნების სახლის ასაშენებლად არქიტექტორს ეძებდნენ, პროექტის სირთულიდან გამომდინარე, მათ წინადადებაზე ყველა უარს აცხადებდა. პიერისთვის კი ეს ამოცანა საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა და მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, 1958 წლის ზაფხულში მშენებლობაც დაიწყო. არქიტექტორს სტანდარტული მასალების ვარიაციით უნიკალური, ინოვაციური შენობის შექმნა სურდა, ხოლო იმის გამო, რომ სახლის პროექტი სრულიად განსხვავდებოდა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი მშენებლობის მეთოდებისა და სტილისაგან, მის გეგმებს გარშემო მყოფები არასერიოზულად მიიჩნევდნენ, მეტიც - სიგიჟესაც კი უწოდებდნენ.

“სწორედ ეს არის გამოწვევა, რომ ყოველდღიური მასალებისა და ნაწილების გამოყენებით ესთეტიკურად საინტერესო კონცეპტის შექმნა შეძლო”,  - ამბობს პიერი.

1945-1966 წლებში ჟურნალმა Arts & Architecture-ს რედაქტორმა John Entenza-მ პროგრამა - Case Study House დააფინანსა, სადაც Neutra, Soriano, Koenig და კიდევ სხვა არქიტექტორები მოიწვია. რედაქტორის მიზანს მოდერნიზმის პრინციპებით საინტერესო პროექტების შექმნა წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში “Stahl House” მოგვიანებით - “Case Study House #22”-ის სახელითაც გახდა ცნობილი.

 

 

“Stahl House”-ის წარმატება იულიუს შულმანის ლეგენდარულმა ფოტომაც განაპირობა. 1960 წლის მაისის საღამოს გადაღებულ კადრში საინტერესო კომპოზიციას ვხედავთ, სადაც მისაღებ ოთახში ორი ახალგაზრდა ქალი მშვიდად და უდარდელად საუბრობს. თეთრ კაბებში გამოწყობილი პერსონაჟები თითქოს ლოს-ანჯელესის კარგ ცხოვრებას ასახიერებენ, მათ მიღმა კი, შორს, სიბნელეში მოძრავი შუქები მოჩანს. შულმანის ფოტო მალევე გახდა პოპულარული, და სხვადასხვა ჟურნალებსა თუ წიგნებში დაიბეჭდა, რის შემდეგაც “ოცნების სახლი” ლოს-ანჯელესის გამორჩეული ადგილი გახდა და დღემდე ამ “იმიჯს” ინარჩუნებს.