რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროები, კარნავალი და სამბა ყველასთვის კარგად ნაცნობი და მიმზიდველია, თუმცა ბრაზილიის მომხიბვლელობას, სხვა დანარჩენთან ერთად, ისე არაფერი გამოხატავს, როგორც მისი ერთ-ერთი უძველესი კოპაკაბანას სასახლე. იმპერიული ბრაზილიური გავლენისა და ვიქტორიანული სტილის ნაზავი საკულტო სასტუმრო დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, რომელიც ფრანგმა არქიტექტორმა ჟოსეფ გირემ სასტუმრო ნეგრესკოს შთაგონებით შექმნა. სასტუმრო როგორც XX საუკუნეში, ასევე განახლების შემდეგაც, ცნობილი არტისტებისა და გამოჩენილი ადამიანების საყვარელი ადგილია - ალბერტ აინშტაინი, მარლენ დიტრიხი, მერლინ მონრო, ჯგუფი Rolling Stones - ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებიც კოპაკაბანას სასახლის გლამურითა და დახვეწილობით მოიხიბლნენ. გარდა სხვადასხვა მსოფლიო ვარსკვლავის მასპინძლობისა, სასტუმრო რამდენიმე ფილმის შთაგონების წყაროც გახდა. ულტრა გლამურული აუზებითა და 375 ელეგანტური ოთახით სასახლე დღემდე უამრავ ადამიანში იწვევს აღფრთოვანებას.
1923 წელს ბიზნესმენ Octavio Guinle-სა და Francisco Castro Silva-ს მიერ აშენებული სასტუმრო ბრაზილიისა და მისი გამორჩეული ქალაქის საერთაშორისო განზომილებაში გადასვლას ისახავდა მიზნად. არტ-დეკოს ხელოვნების ნიმუში Belmond Copacabana Palace გახსნის დღიდან ფუფუნებისა და მაღალი ხარისხის სიმბოლოა, რომელიც არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მსოფლიოს ელიტარული საზოგადოების საყვარელი ადგილია. სასტუმროს თითოეული ნომერი ანტიკური ავეჯით, ფრანგული ტექსტილითა და ორიგინალური ნამუშევრებით მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აქ ატლანტის ოკეანის ჰავა და რიოს ეგზოტიკური, სიცოცხლით სავსე კულტურა ოთახის ტერასებიდანაც კი იგრძნობა. ბრიჯიტ ბარდოს კოპაკაბანაში გადაღებული საკულტო სურათიც სწორედ ამას მოწმობს.
დახვეწილ ნომრებთან ერთად სასტუმროს ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას მისი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი Cipriani-ც წარმოადგენს, რომელიც სტუმრებს იტალიურ და ბრაზილიურ მადის აღმძვრელ სამზარეულოს სთავაზობს. მეტიც, აქ თავად შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ, თუ როგორ ამზადებენ საუკეთესო შეფმზარეულები თქვენს კერძებს. თუმცა, მხიარულება ამით არ მთავრდება. აქვეა სასახლის Spirit Copa Bar-იც, რომლის ეგზოტიკური კოქტეილების გემო რიოში მიღებული შთაბეჭდილების პატარა ნაწილი გახდება.
რიოს ხმაურიან ქუჩებში დაღლილებისთვის კოპაკაბანას ოაზისის მსგავსი სპა-ცენტრი ნამდვილად არის განტვირთვის საუკეთესო საშუალება. ერთი შეხედვით ურბანული სტილის სპა ბრაზილიური სილამაზის საიდუმლოებებსა და თავის მოვლის მრავალფეროვან პროცედურას სთავაზობს სტუმრებს, რომლის შთაგონების წყაროც ბუნება და მისი მომხიბვლელობა გახდა. გარდა სპა-ცენტრისა, სასახლეში ულამაზეს ღია აუზს, ჩოგბურთის კორტებსა და ფიტნეს ცენტრსაც აღმოაჩენთ.
ყოველ წელს, როდესაც ქალაქში კარნავალი იწყება, სასახლეში ყველაფერი მაგიური და ჯადოსნური ხდება. Salon Nobre-ში რიოს ყველაზე გამორჩეული მოცეკვავეები ასრულებენ პერფორმანსებს, ხოლო კოპაკაბანას სასახლის ოქროს ოთახის სიკაშკაშეს, რომელიც ელა ფიცჯერალდისა და ნატ კინგ კოულის ჰანგებითაა გაჯერებული, თვალსაც ვერ გაუსწორებთ. კოპაკაბანას ამ თავბრუდამხვევ მშვენიერებას 1933 წლის ფილმში Flying Down To Rio-ში აღმოაჩენთ, რომელმაც სასტუმრო მსოფლიო ჰიტად აქცია.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საკულტო სანაპიროზე გაშენებული სასახლე რიოს ურბანულ ჯუნგლებს წარმოადგენს, სადაც სტუმრობა ბრაზილიური თავგადასავლებით არის სავსე.
დაწერე კომენტარი