თუ მოდის სახლის ხელმძღვანელობაზე ან ვოგის რედაქტორობაზე ოცნებობ, სანამ Met Gala-ს  წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდები, იქამდე გრძელი და შრომატევადი გზაა გასავლელი. და ამ გზაზე საუკეთესო რჩევები შეგიძლია მოდის სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანისგან, ანა ვინტურისგან მოისმინო. 


კარიერის არჩევისას მნიშვნელოვანია განსაზღვრული გქონდეს შენი მიზნები, იცოდე,  რა გინდა, მაგრამ ამან უარი არ უნდა გათქმევინოს ექსპერიმენტებზე და საკუთარი  თავის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდაზე. უნდა  გარისკო, განიცადო წარუმატებლობა, რომ დაგროვილი მრავალფეროვანი გამოცდილება შემდგომში გამოიყენო.  

თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია გაარკვიო,  რა არ გინდა, როგორც ის, რაც გინდა. 

 

აირჩიე უფროსი და არა სამსახური, კარიერის დასაწყისში კარგ თანამდებობაზე პრიორიტეტული კარგი მენტორის პოვნაა. ეძებე თანამშრომლობის შანსი ისეთ ადამიანებთან, ვისაც პატივს სცემ, ვის ცოდნას, “ინსაითებს” ბოლომდე აითვისებ და გამოიყენებ და ვისთანაც ურთიერთობა განვითარების საშუალებას მოგცემს. სანამ შენს საკუთარ ბრენდს შექმნი, სხვებთან მუშაობით დააგროვე გამოცდილება. სტაჟირებისა და დიზაინერების თანაშემწეობის გარეშე რთულია ამ სფეროში წარმატების მიღწევა.  

 

 

 გასაუბრების წინ  კარგად მოემზადე, წინასწარ მოიძიე ინფორმაცია კომპანიაზე, ვაკანსიაზე და მასზე, ვისთანაც გექნება გასაუბრება. ზუსტად უნდა იცოდე, რას მოითხოვენ შენგან და შენ რისი შეთავაზება შეგიძლია. 

 

აუცილებლად მიდი დროულად, უკეთესი შთაბეჭდილების მოსახდენად  კი უმჯობესია დანიშნულზე ცოტა ადრეც მისვლა. 

იყავი შენი თავი, ავთენტურობა წარმატების გასაღებია. ზუსტად აჩვენე, თუ ვინ ხარ და რას გინდა მიაღწიო ცხოვრებაში. 

 

ყოველთვის ილაპარაკე სიმართლე, არ მოიტყუო იმისთვის, რომ დამსაქმებლის თვალში უკეთესი გამოჩნდე და ქულები დაიწერო. ტყუილი ყოველთვის ადვილად შესამჩნევია, მით უმეტეს, როცა არ არის საკმარისად დაგეგმილი. მაგალითად, ანა თეატრის სიყვარულით განთქმულია და ამის გამო გასაუბრებაზე ყველა ცდილობს აღნიშნოს, თუ როგორ უყვარს თეატრი, რაც უბრალოდ დამატებითი კითხვების დასმით მაშინვე ბათილდება. 


თავი მაღლა ასწიე შენი სმარტფონიდან და აღმოაჩინე რეალური სამყარო.

 

დააკვირდი გარემოს, ისეირნე ბევრი, ეძებე ახალი ინფორმაცია, ახალი ემოციები და გამოცდილება, მოუსმინე სხვებს და შენს თავს. რა თქმა უნდა, მუშაობით არ უნდა გადაიწვა და უნდა შეგეძლოს მოდუნება, ცხოვრების სხვა ასპექტებზე გადართვა, მაგრამ, როცა საინტერესო ფილმს ნახავ, ახალ მუსიკას მოისმენ, წიგნს წაიკითხავ, თუ უბრალოდ, კაფეში ჯდომისას ყურს მოჰკრავ საინტერესო ამბავს, იფიქრე,  როგორ შეიძლება ამის გამოყენება საქმეში და ინსპირაცია მიიღე სამყაროსგან.  


იყავი ყველაზე ექსტრემალური, კრეატიული, იყავი თამამი, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში და არ შეგეშინდეს რისკების. დაუშვი შეცდომები, დაარღვიე წესები, ამის გარეშე ვერ გახდები ლიდერი და დარჩები მიმდევარი. მხოლოდ ამ გზით აღმოაჩენ შენი ბრენდის იდენტობას და გაიგებ,  რეალურად ვინ ხარ შენ. ხალხს  ვერაფერს შესთავაზებ ისეთ განსაკუთრებულს და განსხვავებულს, ვიდრე საკუთარ თავს - ერთადერთ სიახლეს, რაც ჯერ არავის გაუცნია. 

 

იცოდე შენი ბრენდი და მისი იდენტობა. კრისტოფერ ბეილი 2004-ში  გახდა ისტორიული ბრიტანული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი და ბერბერი აქცია გლობალურ ბრენდად. ბეილიმ   ბრენდის დნმ-ის,  ანუ მისი ბრიტანულობის იდენტიფიცირება შეძლო. 2009 წელს იბრძოლა, რომ ჩვენება მილანიდან ლონდონის მოდის კვირეულზე გადმოეტანა.  თუ აქამდე კრიტიკოსები ნიუ-იორკიდან ლონდონის გამოტოვებით პირდაპირ მილანში ჩადიოდნენ, ბერბერის ჩვენების წყალობით ლონდონი ყველაზე ცხელი მიმართულება გახდა. 

იფიქრე საზღვრებს მიღმა, რადგან დიზაინერების უმრავლესობა ჩვენებას პოდიუმზე აწყობს, არ ნიშნავს, რომ შენს ბრენდსაც იგივე სჭირდება, დარჩი შენი ხედვის და ბრენდის ფილოსოფიის ერთგული. შეიძლება საკუთარ ბინაში ჩატარებული ინტიმური პრეზენტაცია უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ან ჟურნალში ფოტო “ედითორიალის” ნაცვლად შენი ტანსაცმლის  ჩვენება და ვიდეოგადაღება უკეთესი იყოს. 

იპოვე სწორი პარტნიორი, მოდის სამყაროს წევრები ხშირად ბიზნესსამყაროშიც თანაარსებობენ. მარტო ხედვა, გემოვნება და ნიჭი ვერ დაგეხმარება შექმნა შენი სახელი. როგორი გლამურულიც და რომანტიზებულიც  უნდა იყოს სფერო, ეს მაინც ბიზნესია. იპოვე შენი სუსტი მხარეები და აიყვანე ხალხი, ვინც ამაში ძლიერია. მოამზადე 5 წლის გეგმა და მიჰყევი ნაბიჯ-ნაბიჯ.

 

 

მუდმივად დააკვირდი გარემოს და განვითარდი, არ გაიჭედო ძველ გზებში, არ შეგეშინდეს ცვლილების და არ ჩამორჩე, არა მხოლოდ ინდუსტრიის ახალ ტრენდებს, არამედ მსოფლიოში არსებულ სოციალურ-კულტურულ სიტუაციას. მაგრამ არასოდეს ჩამოშორდე იმას,  ვინც ხარ, შეგიძლია მუდმივად ახალი ეძიო, მაგრამ არ უღალატო იმას,  რაც საფუძვლად გიდევს. 1978 წელს მიუჩია პრადა სათავეში ჩაუდგა ოჯახის სამგზავრო ჩანთების ბიზნესს და თავისი თამამი და კრეატიული ხედვის წყალობით ბრენდი  დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მოდის სახლად აქცია. თავიდან დაიწყო ხელჩანთების კოლექციით და 1989 წელს წარადგინა ქალის ტანსაცმლის კოლექცია. როდესაც დაინახა, რომ ჩაცმის სტილის მიმართ ხალხის დამოკიდებულება იცვლებოდა და ტრენდები უფრო ყოველდღიური ხდებოდა, შექმნა “მიუ მიუს” ხაზი, რომელიც თავისივე გარდერობით იყო შთაგონებული. 

და გახსოვდეს: მოდის სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა მოთმინება და დიპლომატიურობა. დიდი და თამამი იდეები ერთ დღე-ღამეში არ ხორციელდება. Met Gala-ს  მოდის სფეროს წლის მთავარ ღონისძიებად გადაქცევას ბევრი მოლაპარაკება, დათმობებზე წასვლა და დრო დასჭირდა.