თავზეხელაღებული თინეიჯერი, ნარკოდამოკიდებული პოეტი, ჰომოსექსუალი კოვბოი, ფსიქოპატი - ეს იმ როლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც ჰიტ ლეჯერმა ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მოასწრო. 




ჰიტ ლეჯერი 1979 წელს ავსტრალიაში, პერთში დაიბადა. ავსტრალიაში შესრულებული რამდენიმე სატელევიზიო როლის შემდეგ, 1999 წელს გამოსულ შექსპირის პიესის ადაპტაციაში -
10 Things I Hate About You მთავარ როლზე დაამტკიცეს. ფილმში განსახიერებული როლი ჰიტ ლეჯერისთვის ერთგვარ კარიერულ ბიძგად იქცა, რომელმაც მას ჰოლივუდის კარი გაუღო.




2005 წელს ჰიტ ლეჯერმა ითამაშა ფილმში
Brokeback Mountain, რაც მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად იქცა. 2005 წლამდე ის ძირითადად რომანტიკულ კომედიებსა და ისტორიულ მელოდრამებში თამაშობდა, “კუზიანმა მთამ” კი მას ოსკარის ნომინაცია და კინოაკადემიის აღიარება მოუტანა. ამავე ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან მიშელ უილიამსი, რომელთანაც შვილი, მატილდა შეეძინა. 2005 წელს ქვიარ როლის შესრულება საკმაოდ დიდი რისკი იყო. ფილმის ბედს საფრთხის ქვეშ აყენებდა სიუჟეტიც - კოვბოი ამერიკულ ჰეტერონორმატიულ კულტურაში მასკულინობასა და მამაკაცურ ძალას განასახიერებს. “კუზიან მთაში” კი ორი კოვბოის სიყვარულის ისტორიას ვხვდებით, იმსხვრევა კოვბოის, როგორც მაჩოს მითი და მაყურებლის წინაშე წარმოჩნდება მათი სენსიტიური მხარე. რისკმა გაამართლა, კინოკრიტიკოსებმა და მაყურებლებმა ფილმი მიიღეს და “კუზიანი მთა”  LGBTQ+ მიმღებლობის ზრდის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად იქცა.



ჰიტ ლეჯერი “მეთოდური შესრულების “ მსახიობად ითვლებოდა, ის გადასაღებ მოედანზე მთლიანად შედიოდა როლში, ცდილობდა, ბოლომდე გაეგო მის მიერ განსახიერებული გმირის ფიქრები და გრძნობები, თუმცა თვითონ მსახიობი თვლიდა, რომ ტექნიკა არ გააჩნდა და ის უბრალოდ საკუთარ თავში ცდილობდა პერსონაჟის პოვნას. “მეთოდური შესრულების” მიმდევარი მსახიობებისგან განსხვავებით ჰიტ ლეჯერი არასოდეს იყო ზედმეტად ექსპრესიული, მისი სამსახიობო ხელოვნება გამოირჩეოდა სიმსუბუქითა და სიმარტივით, მის მიერ შესრულებულ უმნიშვნელო, ეპიზოდურ როლებშიც კი იგრძნობა მსახიობის ხასიათი და პერფექციონიზმი. ჰიტ ლეჯერი კინოში მრავალფეროვნებას ეძებდა და როლებს მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში თანხმდებოდა, ალბათ სწორად ამიტომაა მის მიერ შესრულებული როლები ასეთი განსხვავებული ერთმანეთისგან. ჰიტ ლეჯერის კარიერაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული როლი კრისტოფერ ნოლანის The Dark Knight-ის ჯოკერია. ფილმის გამოსვლამდე ნოლანის გადაწყვეტილებას კრიტიკოსებიც და მაყურებლებიც ირონიულად შეხვდნენ, რადგან ფსიქოპატი მკვლელის როლზე ჰიტ ლეჯერის წარმოდგენა საკმაოდ რთული იყო. თუმცა დღეს მის მიერ განსახიერებული ჯოკერი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ჰიტ ლეჯერის ჯოკერმა მოახერხა ის, რაც სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებში ძალიან იშვიათია, ლეჯერი შიშს პერსონაჟის მთავარ იარაღად აქცევს, ფილმის განმავლობაში მაყურებელი დაძაბულია და ჯოკერს ნამდვილ საფრთხედ აღიქვამს, ჩვეულებრივი ბოროტმოქმედისგან განსხვავებით, ის არ არის ზედაპირული, ჯოკერის ყველა რეპლიკაში იგრძნობა, რომ მსახიობი უბრალოდ არ თამაშობს, მან ზუსტად იცის, თუ რას ფიქრობს და გრძნობს მისი პერსონაჟი. ჰიტ ლეჯერმა ჯოკერის შესრულებისთვის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში ოსკარი აიღო.



მსახიობის პროფესიული ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალია მისი ფოტოგრაფიით დაინტერესება. ის ფოტოებს ფირით იღებდა, დაბეჭდვის შემდეგ კი მათზე მარკერითა და საღებავით ხატავდა ფიგურებს, შავ-თეთრ ფოტოებს კი აფერადებდა. მისი ადრეული ფოტოები ჯექსონ პოლოკის მხატვრობას მოგვაგონებს.




მიუხედავად იმისა, რომ ჰიტ ლეჯერი კინოდებიუტისთანავე ვარსკვლავად იქცა, მას არ სურდა პოპულარობა და თვლიდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, არ სიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და პერიოდულად გადამეტებული ყურადღებისგან პანიკის შეტევები ემართებოდა. ჯოკერის როლი მსახიობისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად გამომფიტველი აღმოჩნდა და გადაღებების დასრულების შემდეგაც კი ტანჯავდა ინსომნია. ის 2008 წელს, 28 წლის ასაკში ძილისმომგვრელი საშუალებების შემთხვევითი ზედოზირებით გარდაიცალა.



ჰიტ ლეჯერის კარიერა ხანმოკლე იყო, მან მხოლოდ 19 ფილმში მოასწრო თამაში, თუმცა მისმა საინტერესო მიდგომამ და სამსახიობო ხელოვნებამ კინოზე წარუშლელი კვალი დატოვა.