ახალი წლის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ყველაზე მარტივი გზა სავარძელში მოკალათება და საყვარელი საახალწლო ფილმის ყურებაა. საშობაო ნაძვისხეებთან, დეკორაციებთან, განათებებთან, ოჯახურ თავგადასავლებთან და წვეულებებთან ერთად, გმირების ჩაცმულობაც გამორჩეულია.
შეიძლება 2020 წელს უფრო მოკრძალებული საახალწლო გეგმები გვაქვს, მაგრამ განწყობის შესაქმნელად მაინც საჭიროა საზეიმოდ გამოვიყურებოდეთ, და არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად ვზეიმობთ.
სწორედ ამიტომაც Hammock Magazine ახალი წლის ღამისთვის საკულტო ფილმებიდან ყველაზე გამორჩეული სტილის სამოსის შესარჩევად საინტერესო იდეებს გთავაზობთ.
მარტო სახლში
წელს გარეთ გასვლა არცთუ სასურველია და, თუ ახალ წელს სახლში გატარებას აპირებთ და ბევრ აქტივობასაც არ გეგმავთ, სადღესასწაულო სტილის ინსპირაცია შეგიძლიათ კევინ მაკალისტერისგან მიიღოთ. საახალწლო ფერებისთვის More Joy-ს აბრეშუმის წითელ პიჟამას შეუთავსეთ Gilda & Pearl-ის მწვანე ხალათი და Rosebud-ის მუქი მწვანე წინდით გამთბარმა შეიქმენით კომფორტული გარემო.
შვებულება
თუ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს, ისიც კი ვერ დარჩებოდა გულგრილი კამერონ დიასის გმირის, ამანდა ვუდსის სტილის მიმართ. დიზაინერული ქურთუკები და კომფორტული, ნაქსოვი ჯემპრები, დათოვლილ ბრიტანეთს ერთდროულად გლამურულსა და მყუდროს ქმნის. მისი ლუქის გამეორებისთვის გამოგადგებათ Nanushka-ს თეთრი ნაქსოვი ჯემპრე, Brunello Cucinelli-ს სპორტულ შარვალთან ერთად და Pinko-ს ზამშის პალტო, ხოლო თოვლში თამამად რომ ისიამოვნოთ, დაამატეთ თბილი აქსესუარებიც, Lauren Manoogian-ის თეთრი ქუდი და Acne Studio-ს შარფი.
სექსი დიდ ქალაქში
მართალია, საკულტო სერიალის პირველი სრულმეტრაჟიანი ეპიზოდი საახალწლო ფილმად შეიძლება არც ჩაითვალოს და მასში ნიუ-იორკს ყველა სეზონზე შევხვდებით, მაგრამ გამორჩეული ახალი წლის კადრით, მან დაიმსახურა ამ სიაში მოხვედრა.
ახალ წელს მარტო არავინ უნდა შეხვდეს და, თუ ბოლო მომენტში გადაწყვიტეთ თქვენს მეგობარს ესტუმროთ, შეგიძლიათ, ქერი ბრედშოუს მსგავსად, GANNI-ს პიჟამოს შარვალზე პირდაპირ შემოიცვათ Ruban-ის ბეწვის ქურქი, თეთრ ზამთარს შეუხამოთ MSGM-ის ჩექმები, და საახალწლო განწყობისთვის ბრჭვიალა Justine Clenquet-ის ჩანთა და Maison Michel-ის ტურბანიც მოირგოთ.
ბრიჯიტ ჯონსის დღიური
რენე ზელვეგერის კლასიკად ქცეული გმირის სტილზე და კომიკურ ლუქებზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ახლა ყურადღებას მარკ დარსის საახალწლო ჯემპრზე შევაჩერებთ, რომელიც “Ugly christmas sweater”-ის ტრენდის ფუძემდებელია. ახალი წლის ჩაცმულობაში ცოტაოდენი იუმორის შეტანა უფრო საინტერესოს გახდის ვახშმისას ოჯახურ დიალოგს, რაშიც დაგეხმარებათ Chinti and Parker-ის და Alberta Ferretti-ს საახალწლო ჯემპრები. ხოლო თუ გეგმავთ თქვენი და თქვენი ძაღლის ჩაცმულობა შეუხამოთ ერთმანეთს, მაშინ Philosophy Di Lorenzo Serafini-ს ჯემპრები მოიმარაგეთ.
ეს მშვენიერი ცხოვრება
შობის ღამეს ბედფორდ ფოლსში აღმოჩენა განსაკუთრებული ემოციებით აგავსებთ და სიკეთეს გადმოგდებთ. მაგრამ, არ გამოგეპაროთ მერი ბეილის ჩაცმულობაც. გასული საუკუნის 40-იანი წლების იდეალური რეპრეზენტაცია, დახვეწილი და მოწესრიგებული სტილი, რომელიც შეგიძლიათ გაიმეოროთ Dalood-ის შავი კაბით, ANOUKI-ს ნაცრისფერი, ვეგანური ტყავის საყელოთი, Justine Clenquet-ის ყელსაბამით და Eshvi-ს საყურეებით.
ეროვნული ლამპუნის საშობაო არდადეგები
უკვე 30 წელია, გრისუოლდების ოჯახის საშობაო თავგადასავალი საახალწლო ფილმების სიის სათავეშია. ახალ წელს სახლში, ოჯახთან ერთად შეხვედრას, ელენ გრისუოლდის ჩაცმულობა იდეალურად ერგება. ტრადიციულად საახალწლო ფერად მიჩნეული P.A.R.O.S.H.-ის მწვანე ქვედაბოლო და Annamode-ის მაქმანებიანი პერანგი, Pinko-ს ოქროსფერი ბროში მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტაა. მით უმეტეს, თუ LIYAxKASHKASH-ის ტუჩსაცხსაც დაუმატებთ.
ქეროლი
ფილმის დახვეწილი მოდა, თბილი ფერები, სამსახიობო გუნდი და ისტორია ჯამში ყველაზე გამორჩეულ კადრებს ქმნის. თუ ქეროლ ეარდივით მდიდრულ და დახვეწილ ლუქს ეძებთ, მაგალითად, შეუთავსეთ ერთმანეთს Y’s ასიმეტრიული პალტო, Aleksandre Akhalkatsishvili-ს პიჯაკი, 0711-ის ხელჩანთა, Alighieri-ს საყურე და Komono-ს მზის სათვალე. ქეით ბლანშეტის სტილი არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ ყველა სეზონს და დროს უხდება.
მაგრამ, თუ უფრო ყოველდღიური და ახალგაზრდული ჩაცმულობა გირჩევნიათ, შეგიძლიათ რუნი მარას გმირის გარდერობიდან აიღოთ ინსპირაცია და George Keburia-ს მწვანე ქვედაბოლოთი, Blazé Milano-ს ნაქსოვი ჟილეტით, , 0711-ის კუბოკრული პატერნის შარვლითა და პომპონებიანი ქუდით მოიპაროთ იდეები.
ბინა
კლასიკური საახალწლო ფილმებისგან განსხვავებით, ჯეკ ლემონის და შირლი მაკლეინის დუეტი შედარებით სევდიან დღესასწაულს გვაჩვენებს, რომელიც იზოლაციაში მყოფთათვის უფრო ახლობელიც შეიძლება აღმოჩნდეს. მართალია, წელს კორპორაციულ წვეულებაზე ვერ წახვალთ, მაგრამ ახალ წელს ფრენ კუბელიკის მსგავსად მხრებზე გადასული ANOUKI-ს კაბით, Flow the Label-ის კრემისფერი პალტოთი და Manokhi-ს ხელთათმანით შეგიძლიათ მოიწონოთ თავი, ან თუნდაც ახალი, მოკლე ვარცხნილობით.
შარადა
ოდრი ჰეპბერნი და კერი გრანტი ნამდვილად ვერ დაგპირდებიან, რომ 60-იანი წლების რომანტიკული მისტიკა საახალწლო განწყობას შეგიქმნით. მაგრამ, თუ მთაში და თოვლში ხვდებით ახალ წელს, შეგიძლიათ მარტივად მიჰბაძოთ რეჯინა ლამბერტის “femme fatale” სტილს და ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური იყოთ ზამთრის კურორტზე, Cashmere In Love-ს ტრენდულ ბალაქლავაში, YMC-ის ჯემპრში, Goldberg-ის სათხილამურო შარვალსა და George Keburia-ს დიდ მზის სათვალეში.
დაწერე კომენტარი