თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიჩარდ პრინსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკელი ხელოვანია. ის პროვოკაციული ქმედებების გამო იმ ადამიანებისთვისაც კი ცნობილია, რომლებიც მის შემოქმედებას ახლოს არ იცნობენ. პრინსის ხელოვნების მთავარი პრინციპი სხვისი ნამუშევრების „მისაკუთრება“, მათი თავისებურად შეცვლა და შემდეგ თავის ნამუშევრად წარმოდგენაა, რის გამოც ხშირად ეხვეოდა კრიტიკის ქარცეცხლში და ბევრის უკმაყოფილების ადრესატი ხდება ახლაც.
რიჩარდ პრინსი 1949 წელს პანამის არხის ზონაში დაიბადა და 30 წლისა ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან „Time-Life-ში“ მექანიკურ სამუშაოს ასრულებდა კომპანიის რვა ჟურნალისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჟურნალში გამოქვეყნებული რეკლამების მითვისება დაიწყო, ხელახლა უღებდა ფოტოებს რეკლამებში განთავსებულ ავეჯს, საათებსა და სამკაულებს, რათა საკუთარი ხელოვნების ნიმუშები შეექმნა.
1980 წელს „მარლბოროს“ კოვბოი პრინსის მთავარ ფიგურად იქცა. მან სიგარეტის რეკლამაში გამოსახულ სტერეოტიპულ კოვბოის, რომელიც იმდროინდელი ამერიკის მამაკაცურობის გამოხატულება იყო, ხელახლა გადაუღო ფოტო და მისი გამოსახულებიდან „მარლბოროს“ ლოგო უბრალოდ ამოშალა. სემ ეიბელის, „მარლბოროს“ რეკლამის შემქმნელის თქმით, პრინსმა ოქროს წესი დაარღვია, რადგან ეს აშკარად პლაგიატობაა. მიუხედავად ნამუშევრის კრიტიკისა, „უსახელო (კოვბოი)“ 2005 წელს მილიონ დოლარად გაიყიდა და საზოგადოება აიძულა, მიჰბრუნებოდნენ მუდმივ კითხვას - რა არის ხელოვნება?
მაგრამ წარმატებულ ხელოვნად აღიარებამდე გზა მარტივი არ ყოფილა. 80-იან წლებში ამერიკული სუბკულტურისთვის მისაღები არ იყო პრინსის ნამუშევრები, თუმცა ამას ის არ დაუბრკოლებია, რომ განსხვავებული მიმართულება აერჩია.
რთული შესამჩნევი არ არის, რომ პრინსს გაოგნებისა და შოკის გამოწვევა უნდოდა. მან კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ნამუშევარი შექმნა გერი გროსის 1975 წლის კადრისგან, რომელშიც 10 წლის ბრუკ შილდსი სააბაზანოში შიშველი დგას. ეს ფოტო კრიტიკის საგანი გახდა მისი გამოქვეყნებისთანავე, თუმცა 1983 წელს ფოტოს კიდევ უფრო მეტი პროვოკაციულობა შემატა პრინსმა, სათაურით - „Spiritual America“, რაც ასევე სათაურია ალფრედ შტაიგლიცის ფოტოსი, რომელზეც ცხენის გენიტალია ახლო კადრიდან არის გადაღებული.
პრინსის ნამუშევარმა - „Spiritual America“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და საზოგადოების ყურადღება მისკენ მიმართა. ფოტო აქტუალურობას არც მას შემდეგ კარგავს. 2009 წელს პოლიციამ Tate Modern გააფრთხილა, რომ სურათი ჩამოეხსნათ, პრინსის ინსტაგრამის გვერდი კი დროებით შეჩერებული იყო, რადგან ეს ფოტო მომხმარებლებმა უხამსობის გამო გაასაჩივრეს.
პრინსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია სახუმარო წარწერები. როგორც თავად ჰყვება, რადგან 10 წლის მუშაობის შემდეგაც ვერ მოიპოვა პოპულარობა, ქაღალდზე ფანქრით ხუმრობას წერდა და შემდეგ ადამიანებს ეკითხებოდა, ამისთვის 10 დოლარს თუ გადაიხდიდნენ. ეს წამოწყება პრინსის წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა. პატარა ქაღალდზე დაწერილი წარწერები დიდ საგამოფენო ტილოებად იქცა, რომლებზეც „The New Yorker“-ის სარკასტული ჩანახატებია გამოსახული, მათ ქვეშ კი პრინსის წარწერებია.
ლერი გაგოსიანმა, რომელიც Gagosian Gallery-ს მფლობელია და ხშირად წარმოგვიდგენს პრინსის ნამუშევრებს, „Vulture“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრინსის კარიერა მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, „ის შეეჩვია განსხვავებული რაღაცების შექმნას - „თუ ხალხს ეს არ მოეწონება, მაშინ ამაზე რას იტყვით?“.
პრინსმა დემიენ ჰირსტთან საუბრისას აღნიშნა: „ვყოფილვარ მდიდარიც და ღარიბიც. სიმდიდრე მირჩევნია“. იგი აგროვებდა ძვირად ღირებულ ნივთებს, რომლებსაც შემდეგ კიდევ უფრო ძვირად ღირებულ პროექტებად გარდაქმნიდა. ამ საგნებში შედიოდა რომანების პირველი გამოცემები, იშვიათი ჟურნალები, ცნობილი პიროვნებების - ენდი უორჰოლის და ჯეკ კერუაკის გაუქმებული ჩეკები.
პრინსი რომანტიკული წიგნების გარეკანზე ექთნების ეროტიკულ ფოტოებს ბეჭდავდა. 1998 წელს მან წიგნის ყდების სკანირება, მათი ტილოზე გადმოტანა და აკრილის საღებავებით ხატვა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ექთნის გვერდით ყდაზე არაერთი ყველაზე საშინელი რამ დაიტანა, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს, თავადვე იმდენად დაითრგუნა, რომ ამ ნამუშევარს დღის სინათლე სამი წლის განმავლობაში არ უხილავს.
პრინსის ნამუშევრების წარმატებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელოვნების არსი. ბევრისთვის ის უბრალოდ იპარავდა სხვების ნამუშევრებს და კანონს არღვევდა, სხვებისთვის კი ყველაზე განსხვავებულ და ახლებურ ნამუშევრებს ქმნიდა. თავად რიჩარდ პრინსის თქმით, „ხელოვნების პრობლემა ისაა, რომ გოლფის თამაშს არ ჰგავს. აქ არ არის მსაჯი. აქ არ არის მწვრთნელი. აქ არ არის წესები. ერთ-ერთ პრობლემასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი დიდებული რამ ხელოვნებაში: საკითხავი ხდება, რა გაუძლებს დროს“.
ის, რომ პრინსის „ექთანმა“ გაუძლო დროს, მარკ ჯეიკობსის 2008 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციამ დაადასტურა, რომელშიც ჯეიკობსმა ხელოვანს ლუი ვიტონთან თანამშრომლობა შესთავაზა.
2008 წელს პრინსს და მის კომპანიას საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ. პრინსმა ფოტოგრაფ პატრიკ კარიუს 35 ნამუშევარი მიითვისა, მხოლოდ რამდენიმე ოდნავ შეცვალა და Gagosian Gallery-ს გამოფენაზე, სახელწოდებით - „არხის ზონა“, 28 ნამუშევარი გამოფინა, რომელთაგან უმეტესობა კარიუს სურათებს მოიცავდა. კარიუმ პრინსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რის შემდეგაც 2011 წელს მოსამართლემ სარჩელი პრინსის წინააღმდეგ დააკმაყოფილა, თუმცა, გრძელვადიანი გასაჩივრების შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და ფოტოები გადამუშავებულად ცნო, ამიტომ ქმედებები ინტელექტუალური საკუთრების მართლზომიერ გამოყენებად აღიარა.
მას შემდეგ, რაც პრინსმა აღიარა, რომ ფოტოაპარატთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ გამოსდიოდა, საკუთარ iPhone-ზე გადავიდა. იმის ნაცვლად, რომ ფოტოები გადაეღო სხვების ნამუშევრებისთვის, ახლა უფრო მარტივად, screenshot ფუნქციის გამოყენებაზე, თავისივე ტელეფონით ეკრანისთვის ფოტოს გადაღება დაიწყო. რადგან სურდა, რომ მისი კომენტარები ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო, ის ასაჩივრებდა მომხმარებლების სიყვარულის გამოხატულებას და ცეცხლის emoji-ებს, რის შემდეგაც ისინი მის ეკრანზე აღარ ჩნდებოდა, შემდეგ ამას აფიქსირებდა, Screenshot-ს სახით ასისტენტს უგზავნიდა, რომელსაც ინსტაგრამის პოსტები ტილოზე გადაჰქონდა.
ამ ტექნიკის გამოყენებას გახმაურებული სკანდალი მოჰყვა, როდესაც პრინსმა ახალგაზრდა ქალების ინსტაგრამის პოსტები მოიპარა, ნებართვის გარეშე გამოფენაზე გაიტანა და საკმაოდ მაღალ ფასად გაყიდა. ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ გაბრაზდნენ სურათების ქურდობისთვის, აღშფოთებულები იყვნენ ნახატების 90,000 დოლარად გაყიდვის გამოც. სტუდენტმა ანა კოლინსმა Business Insider-თან ინტერვიუში აღნიშნა: „მე ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, და აი საშუალო ხნის თეთრკანიანი მამაკაცი ჩემი სურათისგან უზარმაზარ სარგებელს იღებს. ეს ცუდად მხდის“.
ზოგიერთი მათგანი ბედნიერი იყო, რომ ამ გამოფენაზე მოხვდა, კარლი სკიორტინო ამ შესაძლებლობას მოიხსენიებს, როგორც პატივს, რომელიც წილად ხვდა. სელენა მუნლი პრინსს თავისებურად დაუპირისპირდა და საკუთარი ფოტოს ახალი ვერსია თავად გაყიდა 90 დოლარად. პრინსმა ეს ქმედება მახვილგონივრულ საქციელად შეაფასა.
„სიმართლე ისაა, რომ არ მადარდებს, ისინი ვინ არიან. მე მადარდებს ის, ვისაც მე მათში ვხედავ. არ ვარ სოციალური ადამიანი. არ გავდივარ გარეთ ღამით. ასე რომ, შეიძლება მსურს, რომ მათნაირი ვიყო, ან ამ ადამიანების ადგილას ვიყო... ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დარტყმა მივიღე, ანუ ხალხს მათი ფოტოები იმწამსვე უნდოდა. რაც ძალიან უცნაური გამოცდილება იყო“.
პრინსმა „Vulture“-თან ინტერვიუში განაცხადა: „არ ვაპირებ, რომ შევიცვალო, არ ვაპირებ, ნებართვა ვითხოვო, ამას არ ვიზამ. სავსე ვარ სარჩელებით და ყოველთვის ასე ვიყავი. ხანდახან ადვოკატის ოფისში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ჩემს სტუდიაში“.
რეჟისორისა და პრინსის მეგობრის, ჰარმონი კორინის აზრით, ასეთი პრობლემები ამაღელვებელია და „რიჩარდ პრინსისთვის სარჩელებიც ხელოვნების ნიმუშებია“.
რიჩარდ პრინსის უცნაური, სკანდალური და განმაცვიფრებელი შემოქმედება კითხვებს ბადებს და თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს წარმოაჩენს. რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სოციალურმა ქსელებმა, რომლებიც პირად და საჯარო სივრცეს შორის ზღვარს შლის? გვაქვს კრიტერიუმები, რომლებითაც შევაფასებთ, რას შეიძლება ხელოვნების ნიმუში ვუწოდოთ და რას არა?
რიჩარდ პრინსი, როგორც თავად ამბობს, არ გეგმავს ცვლილებებს და მისი ექსცენტრიკული და მოულოდნელი წარსულის გამო არ ვიცით, რას გვიმზადებს მომავალში.
დაწერე კომენტარი