2002 წელს ოსკარის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ჰოლი ბერი ელი სააბის კაბით წარდგა. სააბი გახდა პირველი დიზაინერი დასავლეთი აზიიდან, რომელმაც კინოსამყაროში უმნიშვნელოვანეს ცერემონიაზე ვარსკვლავი შემოსა. ამ ფაქტის შემდეგ პარიზის მაღალი მოდის პალატამ ის მოდის კვირეულზე მიიწვია. მილიონობით მაყურებელი ოსკაროსან მსახიობს ისეთ სამოსში გამოწყობილს ხედავდა, რომელიც მომდევნო ორი დეკადა საუკეთესოდ ჩაცმულ ადამიანთა სიის უცვლელი წევრი იქნებოდა; დღეს 56 წლის ლიბანელ დიზაინერს „წითელი ხალიჩის მეფეს“ უწოდებენ.
ელი სააბი 1964 წლის 4 ივლისს ქალაქ ბეირუთში, დურგლის ოჯახში დაიბადა. ცხრა წლის ასაკში ჟურნალებიდან ჭრიდა ფორმებს, დედის ოთახში ეძებდა ნაჭრებს და კერავდა სამოსს თავისი დისა და ნათესავებისთვის. მისი პირველი „მოდელი“ თავისივე და იყო, დღეს კი მისი სამოსი თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს მორგებული.
1982 წელს სააბმა პირველი ატელიე გახსნა ბეირუთში. დიზაინერის საქმიანობა ფოკუსირდებოდა საქორწინო კაბებზე - ის მათ აფორმებდა მაღალი ხარისხის მაქმანებით, კრისტალებითა და მარგალიტებით. აბრეშუმის ძაფებით შესრულებულმა რთულმა ნაქარგებმა მალევე მიიპყრო ჯერ ახლომდებარე რაიონში მცხოვრებ ქალთა, შემდეგ კი მაღალი წრის ქალბატონების ყურადღება.
„ელი სააბს ბევრი მართებს არაბი ქალების, რადგან არაბი ქალი იყო პირველი, ვინც მენდო და ჩემთან იმუშავა. არაბ ქალებს არ აქვთ თანაბარი უფლებები. ისინი ჩემს სისუსტეს წარმოადგენენ და მათ თვალს ვადევნებ რენესანსიდან დღემდე. მას შემდეგ, რაც ელი სააბმა არაბი ქალებისთვის გააკეთა, მთელმა სამყარომ ისინი სულ სხვა თვალით დაინახა. ახლა ყველამ იცის აზიელი ქალის ღირებულებებისა და ცხოვრების შესახებ. ელი სააბმა ამ ყველაფრისკენ გაუკაფა გზა დანარჩენებს“, - ასე გამოეხმაურა დიზაინერი ჟურნალისტის კითხვას - თუ რას ეტყოდა არაბ ქალებს.
1997 წელს მან პირველი კოლექცია წარადგინა რომში, ერთი წლის შემდეგ კი მილანში დაიწყო prêt-a-porter-ის ხაზი; ამავე წელს მონაკოში მოაწყო მოდის რეტროსპექტივა, რომელსაც ესწრებოდა მონაკოს პრინცესა - სტეფანი. 1999 წელს სამეფო ცერემონიისთვის დედოფალმა რანიამ მოირგო ელი სააბის კაბა, რომელიც დიზაინერმა ზურმუხტებითა და ბრილიანტებით გააფორმა.
2010 წლისთვის მან უკვე შემოსა 102 ცნობილი ქალბატონი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის და მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მოდაში. მისი სამოსი გასცდა საზღვრებს და მთელ მსოფლიოში გახდა ხელმისაწვდომი - ბეირუთის შემდეგ ატელიე გახსნა პარიზსა და ლონდონშიც. დღეს ელი სააბის ნამუშევრები მსოფლიოს 22 ქვეყანაში იყიდება. მართალია, ბრენდის ფესვები შუა აღმოსავლეთშია, თუმცა, სააბის თქმით, მისი უდიდესი ბაზარი ევროპაა, კერძოდ - პარიზი და ლონდონი.
ძვირფასი თვლებითა და მაქმანებით გაფორმებული დახვეწილი და გრაციოზული კაბები პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აღმოსავლელი მოდელიორის - ელი სააბის ხელწერის ნაწილია. სამოსის თითოეული დეტალი ქალს, როგორც ძლიერ და არა ადამიანურ, არამედ ღვთაებრივ არსებას წარმოგვიდგენს. ხელით შესრულებული ნაქარგები, რომლებიც დიდ შრომას მოითხოვს, სამოსს განსაკუთრებულ ხიბლსა და ორიგინალურობას სძენს. "ხელით ვმუშაობ, რადგან მანქანას არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც ადამიანის ხელს. ყველა კაბა გაცილებით ლამაზია, როდესაც ხელითაა შექმნილი", - ამბობს სააბი.
2017 წელს ელი სააბმა წარადგინა სამკაულის კოლექცია და მეორე სუნამო „Girl of Now“, რომელიც ახალგაზრდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი - მათ უდიდეს ნაწილს ხომ არ შეუძლია მოირგოს დიზაინერის სამოსი. სუნამო 14000-ზე მეტ სავაჭრო ქსელში გავრცელდა და დიზაინერის თქმით, მან სცადა ყველა ქალბატონისთვის მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ „ელი სააბის“ ქალები მხოლოდ 150 დოლარად.
კითხვაზე, აქვს თუ არა ელი სააბს რაიმე გატაცება - მას ყოველთვის აქვს პასუხი მზად, - „მუშაობა“. სააბის ერთგულება საქმისადმი აუცილებლად დასაფასებელია, - „ძალიან ძნელია ყველაფრის ერთად წარმართვა. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები: „ელი, გამკაცრდი! ეს ის არ არის, რაც გინდოდა? ხომ გინდა წარმატება? ...ყველა, ვინც გარედან აკვირდება მოდას, ფიქრობს, რომ ეს გართობა და თამაშია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელშიც შეიძლება ადამიანმა იმუშაოს. ეს საშინლად კონკურენტუნარიანი ინდუსტრიაა. აქ არც დღე არსებობს და არც ღამე; თითქმის ყოველი თვე ახალ კოლექციას ქმნი“.
ელი სააბი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც წარმატება უდიდესი შრომის შედეგად მოიპოვეს. დიაპაზონი - 1982 წელს ერთი ატელიედან მსოფლიო აღიარებამდე - დიდია და ოც წელს შეადგენს. დღეს ძნელია წარმოვიდგინოთ რაიმე დიდი ღონისძიება, რომელშიც ერთი ვარსკვლავი მაინც არ შეიმოსება ელი სააბის ძვირად ღირებული სამოსით.
და მაინც, 23-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ყოველი ახალი კოლექციის წარდგენის წინ ის ისევე ნერვიულობს, როგორც 1997 წელს - მისი პირველი ჩვენების დროს, - „ყოველთვის ისე ხდება, როგორც პირველ ჯერზე. ჩვენ სულ გვაქვს ახალი ნივთი, დეტალი და სტილი წარსადგენად. ეს საერთოდ არაა მარტივი, მით უმეტეს მაშინ, როცა მე სრულყოფილებისკენ მივილტვი“.
დაწერე კომენტარი