ბეისბოლის სტიპენდიის მფლობელი და მომავალი სპორტსმენი რიჩარდ ლინკლეიტერი მთელ დროს წიგნების კითხვასა და ფილმების ყურებაში ატარებდა. ტეხასში მუშაობისას დაგროვილი დანაზოგით კი სხვადასხვა ფილმებსა და კინოტექნიკას ყიდულობდა. მას შემდეგ, რაც რიჩარდმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა და მონტაჟი დაიწყო, მიხვდა, რომ საყვარელ საქმიანობას მიაგნო.
“80-იან წლებში მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა დავიწყე, ვიცოდი, რომ მაყურებელი არ მეყოლებოდა, მაგრამ ასე ვსწავლობდი და ახალ პროფესიასაც ვეუფლებოდი”. - აღნიშნავს რეჟისორი.
1990 წლის ფილმი - Slacker რიჩარდ ლინკლეიტერის დებიუტად ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლამდე თვითნასწავლ რეჟისორს უკვე 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა შექმნილი. Slacker-მა რიჩარდს დიდი წარმატება მოუტანა და მისი სახელი უკვე მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. ფილმის სიუჟეტი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ვითარდება. კამერა მუდმივად სხვადასხვა პერსონაჟებსა და ადგილებზე ინაცვლებს, მთლიანობაში კი იქმნება განცდა, რომ რეალურ ცხოვრებას ადევნებ თვალს. ფილმის ეპიზოდებში ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. “მინდოდა შემექმნა პერფორმანსი, რომელშიც იგრძნობა სინამდვილე რეალობის მსგავსად”.
რეჟისორის შთაგონება ფრანგული ახალი ტალღის პერიოდის ფილმი, ჟან-ლიუკ გოდარის - Masculin Féminin აღმოჩნდა, სადაც სხვადასხვა პერსონაჟების ინტერვიუები დოკუმენტური ფილმის სტილშია ნაჩვენები.
“უნდა გაბედო გიჟური იდეების შესრულება” - რიჩარდ ლინკლეიტერი
მცირე ბიუჯეტით და შესანიშნავი მსახიობებით რეჟისორმა 90-იან წლებში ჯადოსნური ფილმი შექმნა. არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა ვენის მატარებელში განვითარებული სიუჟეტი ფილმიდან - Before Sunrise, კიდევ შეხვდებოდნენ თუ არა ამერიკელი ჯესი და ფრანგი სტუდენტი სელინი ერთმანეთს.
ფილმის სცენარზე რიჩარდმა კიმ კრიზანთან ერთად იმუშავა. რეჟისორს სურდა მსახიობებს მუშაობისას თავისუფლად ეგრძნოთ თავი, მას არ ადარდებდა, თუ საუბრისას ჯული დელფი და ითან ჰოუკი სცენარის ტექსტისგან ოდნავ განსხვავებულ სიტყვებს გამოიყენებდნენ. მეტიც, ვენაში გადაღებულ ერთ-ერთ სცენაში, სადაც ფილმის გმირების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, მოულოდნელად რეჟისორმა მსახიობებს განუცხადა, რომ მან ზუსტად არ იცოდა, თუ რა შეიძლებოდა ეთქვათ ფილმის პერსონაჟებს ერთმანეთისთვის. მისი აზრით, ეს ყველაფერი თავისით უნდა მომხდარიყო, წინასწარ დაწერილი დიალოგის გარეშე, სწორედ ამ დროს შეიქმნა ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი. 1995 წელს გადაღებული ფილმის ისტორია მოგვიანებით გაგრძელდა და შემდეგი ორი ფილმით რეჟისორმა ტრილოგია წარმოადგინა: Before Sunrise (2004), Before Midnight (2013).
“ვისწავლე ჩემს იდეებზე მუშაობა, როდესაც შეგიძლია კარგი იდეის ამორჩევა, განვითარება და შესრულება”, - ამბობს რეჟისორი.
Boyhood - რიჩარდ ლინკლეიტერის სრულიად განსხვავებული პროექტია, სადაც ის დროის გასვლის ეფექტს და მის მიღმა ჩვენს ურთიერთობებზე დატოვებულ შედეგებს დოკუმენტური რეალიზმით გვიყვება. რეჟისორი უბრალო ოჯახის ცხოვრებას 2002 წლიდან 12 წლის განმავლობაში იღებდა. “როდესაც მთავარი როლის შემსრულებელს ვეძებდი, ბევრ ბავშვს შევხვდი. ელარი დაფიქრებული და იდუმალი იყო, მომწონდა მისი საუბარი და მსჯელობა.” მთავარი გმირი მეისონი, რომელსაც მსახიობი ელარ კოლტრეინი ასრულებს, გადაღებების დაწყებისას 6 წლის იყო. ფილმში ვხედავთ მეისონისა და მისი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს, განცდებს, ემოციურ და ფიზიკურ ცვლილებებს.
დაწერე კომენტარი