გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვან თორნიკე რობაქიძესთან, რომლის შემოქმედება ინდივიდუალური ხედვით და სიტყვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ხასიათდება. ის ამჟამად Propaganda Network-ის სარეზიდენციო სახელოსნოში მუშაობს და აგრძელებს სიტყვების სერიაზე მუშაობას, რომლის შესახებაც ვრცლად ინტერვიუში საუბრობს.
თორნიკე, როდის და როგორ დაინტერესდი მხატვრობით?
ბავშობიდან ვხატავდი და ინტერესი როგორც ყველა ბავშვისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მეტს ვხატავდი და მეტ სიამოვნებას ვიღებდი ამ გართობით. საბედნიეროდ, ოჯახიდანაც შესაბამისი ხელშეწყობა მქონდა. საბოლოოდ ასე გამოვიდა, რომ ბავშვობიდან ვერთობი ხატვით და ამ გართობით უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.
რას ნიშნავს შენთვის ხატვა და რა ადგილი უჭირავს მას შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ჩემს ცხოვრებაში ხატვას და არა მხოლოდ ხატვას, ზოგადად, ხელოვნებას, დიდი ადგილი უჭირავს, ჩემ გარშემო ყველაფერი მას ექვემდებარება. ვფიქრობ, რასაც უნდა ვაკეთებდე , თუნდაც ეს საერთოდ არ იყოს ხელოვნებასთან კავშირში, ვუყურებ ისე, როგორც ხელოვანი და ვიქცევი ისე, როგორც ხელოვანი და ეს ჩემთვის ბუნებრივი პროცესია.
როდესაც კონკრეტულ ნამუშევარზე მუშაობ, ზუსტად იცი, შედეგი როგორი იქნება თუ, უბრალოდ, ინტუიციას მიჰყვები?
ჩემს შემთხვევაში შეუძლებელია ნამუშევარი ზუსტად გათვალო, არის შემთხვევები, როდესაც წინასწარ ვიცი, რა შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ შედეგი მაინც ოდნავ განსხვავებულია, რადგან მუშაობის პროცესი ავტომატური არ არის, ის ჩემთვის ცოცხალი, ყოველ წამს ფორმირებადი პროცესია. რა თქმა უნდა, არსებობს სრულიად ინტუიციური ნამუშევრებიც, როდესაც არც ვიცი, რას ვაკეთებ, მაგრამ მინდა ვაკეთო, რადგან ეს ძალიან სასიამოვნო თავგადასავალია. მიდიხარ სასიამოვნო გზაზე, სადაც არც კი იცი, რა სიურპრიზები გელოდება, ასე რომ, ხან როგორ ხდება და ხან როგორ, ორივე პროცესს მხოლოდ მივესალმები.
ხატვის, რაიმეს შექმნის პროცესი უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებს თუ მიღებული შედეგი?
პროცესი, აუცილებლად პროცესი... შედეგით სიამოვნება ძალიან კონკრეტული წუთი შეიძლება იყოს, პროცესი კი მუდმივია. როდესაც უშუალოდ არ მუშაობ, მაგრამ შესაძლოა იაზრებდე, რომ პროცესში იყო. შედეგს შეგიძლია გაექცე, მაგრამ, როდესაც პროცესში ხარ, მას გვერდს ვერ აუვლი და ეს ძალიან სასიამოვნოა.
გყავს საყვარელი ხელოვანები, რომლებიც შესაძლოა შენს შემოქმედებაზე გავლენას ახდენდნენ?
მყავს საყვარელი ხელოვანები, მაგრამ ნაკლებად მაქვს სურვილი, რომ რომელიმე გავლენას ახდენდეს ჩემზე. თუნდაც ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყოს, ამიტომ უფრო საყვარელი ნამუშევრები შესაძლოა ქვეცნობიერად რაღაცას შთამაგონებდნენ, ისე რომ, ხანდახან ამას მეც ვერ ვხვდებოდე. ეს საყვარელი ნამუშევრები კი მუდმივად გაფანტულია, შეიძლება ისინი მილიონებიც ღირდეს ან საერთოდ არ ფასდებოდნენ თანხად. შეიძლება, ერთი შეხედვით, ის არც იყოს ხელოვნება, რომელსაც მე ვთვლი, რომ შთამაგონებელი ნამუშევარია.
რა არის შენი ინსპირაციის წყარო, შეიძლება რაღაც ძალიან ჩვეულებრივმა მოვლენამ შთაგაგონოს?
დიახ, ჩემი შთაგონება ძალიან ჩვეულებრივი მოვლენებისგანაა მიღებული. ნებისმიერი სახის წვრილმანი შეიძლება შემეხოს და ეს მახარებს, რადგან არ მჭირდება მოლოდინი იმის, რაც ყოველთვის ჩემშია და მუდმივად პროვოცირების პროცესშია.
რა სახასიათო ელემენტები ქმნის შენს მხატვრობას ინდივიდუალურს?
ჩემი აზრით, ის უბრალო და გულწრფელია. კონკრეტული სახასიათო ელემენტები კი აქ არ არსებობს, არაფერია ისეთი, რაც შეიძლება სხვაგან არ შეგხვდეს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ის ჩემია, ჩემგან წამოსულია და ნამდვილი.
ტექსტებს დიდი ადგილი უკავია შენს შემოქმედებაში, რას ნიშნავს შენთვის ვერბალიზაცია?
ბოლო პერიოდში სიტყვამ, როგორც სამუშაო მედიუმმა, განსაკუთრებული ინსპირაცია მომცა. ვფიქრობ, რომ ჩემთვის ზოგადად ხელოვნება, განურჩევლად მედიუმისა, პოეზიის გარეშე არ არსებობს. შეიძლება საერთოდ არ იყოს ცალკეული სიტყვა და იყოს პოეზია, მაგრამ ბოლო დროს გაჩნდა სიტყვაც და კიდევ უფრო გამძაფრდა პოეზია ჩემს შემოქმედებაში. რაღაც სათქმელის სიტყვით გამოხატვა, თან მაშინ როდესაც ბექრაუნდში ფერწერაა, ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესია. მანამ კი, სანამ ფერწერა და სიტყვა ერთად აღმოჩნდებოდა, იყო გაზეთებში ნაპოვნი სიტყვები, რომელთა ადგილზევე ერთმანეთთან დაკავშირებით ვიღებდი პოეტურ მინიმებს და აზრებს (ამით ახლაც ხშირად ვერთობი), აგრეთვე სოციალური ქსელის ჩათებშიც დავიწყე იგივეს კეთება, შემდეგ კი ეს მინიმები გაჩნდა ქალაქში, სარეკლამო ბანერებზე (ოღონდ, სამწუხაროდ, ფოტოშოპით, რადგან საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული) ბოლოს კი დაფუძნდა ფერწერაში. ასე რომ, ამ ეტაპზე სავსე ვარ სიტყვებით.
ამჟამად რაზე მუშაობ?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიტყვა, სიტყვა და სიტყვა. ვცდილობ, სიტყვები დავხატო. კარგი, ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული სიტყვები. დავხატო პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ვცდილობ, ისინი ფერწერასთან უფრო მკაფიოდ დავაკავშირო.
რას ფიქრობ ახალგაზრდა ქართველ მხატვრებზე, როგორ უყურებ ქვეყნის სახელოვნებო სივრცეს?
ვფიქრობ, რომ კარგი ახალგაზრდა მხატვრები მოვდივართ, მაგრამ სად მოვდივართ, ჯერ კარგად არ ჩანს, რადგან ქვეყნის სახელოვნებო სივრცე და ზოგადად, ქვეყნის დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნებასთან, გასააზრებელი და დასალაგებელია. ამჟამად კი თვითონ შიგნით, სახელოვნებო სივრცეში, რაც გვაქვს და არსებობს, არის ნათელი წერტილები და ვარდნებიც. ვფიქრობ, დრო და გამოცდილება ყველაფერს ნელ-ნელა დაალაგებს, თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს კულტურულ, პოლიტიკური მზაობა და ხელშეწყობა შესაბამისი იქნება.
გაქვს რაიმე რჩევა იმ ახალგაზრდა მხატვრებისთვის, რომლებიც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ?
მხოლოდ ის, რომ იყვნენ თავისუფლები, გულწრფელები და ნამდვილები. ეს რჩევაც არაა, უბრალოდ, მგონია, რომ ხელოვნება სწორედ ასე იქმნება.
სამომავლო გეგმები...
არ მაქვს სამომავლო გეგმები. ერთი შეხედვით ეს ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ არაფერს ვგეგმავ, უბრალოდ, ვიცი, რომ უნდა ვიმუშაო და თუ ვიმუშავებ და მუშაობის ხალისს არ დავკარგავ, ყველანაირ კარგ გეგმაზე მეტად ეს იმუშავებს.
დაწერე კომენტარი