“ტერმინალი” საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც თავისი შთამბეჭდავი კონცეფციის წყალობით დღეს თბილისში განსაკუთრებით ცნობილია.  ეკა და დათო თუშიშვილების მიერ შექმნილმა კომპანიამ საქართველოში უპრეცედენტო სიახლე დანერგა და ადამიანებს co-working-ის პრინციპით შრომას ფიზიკურად აზიარა. “ტერმინალი” ერთდროულად თბილისის ხუთ ადგილას - ხორავას, აბაშიძის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე ფუნქციონირებს. ქართველებისათვის აქამდე უჩვეულო და ამასთან ძალიან საინტერესო კონცეფციასთან ერთად, “ტერმინალის” განსაკუთრებულობაზე მისი მყუდრო და დახვეწილი დიზაინიც მიუთითებს, რომელიც მომხმარებლების კომფორტის შექმნაზე მაქსიმალურადაა ორიენტირებული. 


Hammock Magazine წარმოგიდგენთ ინტერვიუს “ტერმინალის” ინტერიერის დიზაინერ ევგენია გორდინსკაიასთან, სადაც იგი კომპანიის დიზაინთან დაკავშირებულ დეტალებზე დაწვრილებით გვესაუბრება.


როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა საერთო სამუშაო სივრცე “ტერმინალთან?”

“ტერმინალთან” თანამშრომლობის საწყისი ეტაპები ძალიან საინტერესო გამოცდილებას უკავშირდება. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და იმ დროისათვის, ასე ვთქვათ, არარეალური დავალების შესრულება დამეკისრა, რადგან “ტერმინალი,” რომელიც იდეურად საერთო სამუშაო სივრცის არსებობას მოიაზრებს, ქართული რეალობისათვის უცხო პრაქტიკა იყო და ამ მხრივ ნამდვილად პირველები უნდა ვყოფილიყავით. რაც შეეხებოდა მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ამერიკული კომპანია WeWork-ის მუშაობის შესახებ უკვე ვფლობდი ინფორმაციას და “ტერმილის” დიზაინის შექმნისას ძირითად ინსპირაციებსაც მისგან ვიღებდი. თუმცა უშუალოდ პროცესში ჩართულობა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ გაზომვებს, აურის შერჩევაზე ზრუნვას, ავეჯის ტიპის განსაზღვრას, განათების რეგულირებასა და კიდევ უამრავი სხვა დეტალის გათვალისწინებას, ინსპირაციასთან ერთად დიდ შრომასაც საჭიროებდა. აქ ვგულისხმობ ღამეების თენებას, შესაბამისი ლიტერატურის გაცნობას, ინტერნეტში ინფორმაციის მუდმივ ძიებას,  უცხოეთში მეგობრებთან  არაერთ სატელეფონო ზარსა და ა.შ.


ყვითელი ფერი “ტერმინალის” დიზაინში მკვეთრად დომინირებს. რატომ გადაწყვიტეთ ამ  ფერის გამოყენება და შერჩევის წინ იხელმძღვანელეთ თუ არა მკვლევართა მიერ შემუშავებული ფერთა სიმბოლიზმის მიხედვით?

დიახ, რადგანაც ყვითელი ბედნიერებასთან ასოცირდება და ამასთან ჩემი საყვარელი ფერიცაა, გადავწყვიტეთ, რომ იგი “ტერმინალის” დიზაინსა და ლოგოშიც დომინანტი ყოფილიყო. “ტერმინალის” სახელის იდეა აეროპორტიდანაა ინსპირირებული, სადაც განსხვავებული პროფესიის ადამიანებს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა რეისზე შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს. ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენთან, “ტერმინალში” ხდება. ყვითელი ფერი, რომელსაც იდეურად მზესთანაც მივყავართ, გვახსენებს, რომ “ტერმინალში” მზე არასოდეს არ ჩადის და ამიტომაც ეს ფერი ჩვენი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.


გვესაუბრეთ იმ მთავარ ელემენტებზე, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის

რადგანაც მრავალსაათიანი მუშაობის გათვალისწინებით მომხმარებლებს ერთ ადგილას ჯდომა ხშირად უწევთ, სამუშაო სივრცეებში რბილი ხალიჩები გვაქვს გამოყენებული. ისინი შეძლებისდაგვარად სითბოსაც არეგულირებს და ამასთან სკამების მოძრაობისაგან გავრცელებულ ხმაურსაც აკავებს, რაც მომხმარებლებს ნამდვილად დიდ სიამოვნებას გვრის.

მომდევნო ელემენტები, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეს მნიშვნელოვან კომფორტს სძენს, სამუშაო მაგიდებია. მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნილებების მიხედვით გათვალისწინებულია მათი ზომები, ასევე სკამების ფორმები, დენის წყაროს  რაოდენობა, ვითვალისწინებთ განათების რეგულირებას და ა.შ. 

რეალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ, ამიტომაც “ტერმინალის” შენობები, რომლებიც 500 მ2-ზე ნაკლებ სივრცეს არ მოიცავს, სხვადასხვა ზონად გვაქვს დაყოფილი. თუ ადამიანი დაიღლება, შეუძლია ისარგებლოს მოსასვენებელი სივრცეებით. თუ ადამიანს შეხვედრა სურს ორ ან თუნდაც ას ადამიანთან, “ტერმინალი” არცერთი ალტერნატივისას არ ზღუდავს. თუ მას შესვენება სურს, შეუძლია ჩვენთან ყავა მიირთვას. თუ ჩვენი მომხმარებელი მწეველია, შესაძლებლობა აქვს მწეველებისათვის საგანგებოდ მოწყობილი გარეზონებით ისარგებლოს. მრავალსაათიანი მუშაობის დროს ადამიანებს სივრცეების ცვლა ნამდვილად ესაჭიროებათ და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ “ტერმინალი” ბევრ სხვადასხვა ზონად დაგვეყო. ჩვენს სამუშაო სივრცეში ყველაფერი გვაქვს გათვალისწინებული.


რამდენად მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება განათების წყაროს?

ყველასათვის ინდივიდუალურია. ჩვენთან მუშაობა მომხმარებლებს დღის შუქზეც შეუძლიათ და ასევე მათ განათების ხელოვნურ წყაროებსაც ვთავაზობთ, რომლებიც ინდივიდუალურად რეგულირდება. ვცდილობთ, რომ სივრცეში ძირითადად ნეიტრალური შუქი გამოვიყენოთ, რათა მკვეთრმა სინათლემ მომხმარებლების თვალები არ დააზიანოს. რეალურად, ყველაზე მოთხოვნადი შუქიც ეს არის.


იატაკთა სისტემა, რომლებიც რთული ტექნიკით შესრულებას მოითხოვს, „ტერმინალის“ დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ატრიბუტია. რამდენად მნიშვნელოვანია საერთო სამუშაო სივრცისათვის აღნიშნული ტიპის იატაკები და რა არის მათი მთავარი ღირებულება?

ჩვენი გუნდი კომპანია ოლ-პი-სთან აქტიურად თანამშრომლობს. შეკვეთის თაობაზე მათ პირადად დავუკავშირდი და ამ ტიპის იატაკების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აქ პირველი ვიყავი, ვინც მსგავსი შეკვეთა გასცა, შეიძლება ითქვას, რომ “ტერმინალში” ერთგვარი  ექსპერიმენტი განხორციელდა. 2020 წელს შესაბამისი მასალები გერმანიიდან ჩამოვიტანეთ. ერთ-ერთ მასალას რუსტიკი წარმოადგენდა, რომლის შიგთავსში არსებული ქვები სილიკონის მსგავსი სითხით ისხმება. რუსტიკის იატაკი ჩვენს ერთ-ერთ შეხვედრების ოთახშია გამოყენებული, რომლის სივრცე ძირითადად შუშის კონსტრუქციაა. საერთო სამუშაო სივრცის დიზაინზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი ხმაურის თავიდან აცილებაზე ზრუნვაა. რადგანაც ხმაურის ასარიდებლად შეხვედრების ოთახში ხალიჩას ვერ გამოვიყენებდით, რუსტიკი ამისათვის საუკეთესო ალტერნატივა აღმოჩნდა. მას რბილი ხალიჩის ეფექტი აქვს და უხეში მოძრაობებისაგან წარმოქმნილ ხმაურს ანეიტრალებს. რუსტიკის იატაკი ყველა მომხმარებლისათვს ძალიან კომფორტულია. რატომღაც სულ ჰგონიათ, რომ რაღაც სხვაზე დააბიჯებენ, თუმცა რეალურად ეს ქვებისა და სილიკონის სინთეზის შედეგად შექმნილი იატაკია.

“ტერმინალი” ტერაცოს ტიპის იატაკებითაც გამოირჩევა, რომლებიც ქვებისაგან მზადდება და შემდეგ ცემენტის საშუალებით ისხმება. მაგალითისათვის, ტერაცო აქსისში გვაქვს გამოყენებული, რომელიც ზედაპირს მთლიანად ეფინება და ფილებად არ იყოფა. შესაბამისად, “ტერმინალში” ტერაცოს ტიპის იატაკი მთლიანობის შეგრძნებას ქმნის.

აგრეთვე გვაქვს პოლირებული იატაკებიც, რომლებსაც კონცეპტუალურად ბრენდინგთან მივყავართ. “ტერმინალზე” მხოლოდ ინტერიერის დიზაინის მხრივ არ ვმუშაობ და ბრენდინგიც, დასახელებაც და ლოგოც ჩემი სამუშაო პრაქტიკის ნაწილია. ამიტომაც ჩემთვის მთავარი იყო, რომ პოლირებული იატაკით, ასევე კედლებითა და ჭერით, რომლებიც “ტერმინალის” ბრენდის ფერია, საერთო სამუშაო სივრცეზე გამესვა ხაზი.


გვესაუბრეთ იმ მთავარ მახასიათებლებზე, რომლებიც „ტერმინალის“ დიზაინს სხვა თანამედროვე ქართული სივრცეებისაგან გამოარჩევს...

ვფიქრობ, რომ “ტერმინალი” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც თავისი ინდივიდუალური ხაზით ვითარდება. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ მომხმარებელთა პირადი მოთხოვნილებები, რაც ეხება სკამებისა და სამუშაო მაგიდების ფორმებს, განათებას, იატაკებსა და კიდევ ბევრ სხვა დეტალებს, “ტერმინალის” მთელი გუნდი ვცდილობთ, რომ ადამიანთა საჭიროებებსა და კომფორტზე ვიყოთ კონცენტრირებული და შესაბამისად, ჩვენი სამუშაო ქმედებებიც მხოლოდ მათ მოთხოვნებს ესადაგებოდეს.

პირველი “ტერმინალი” აკაკი ხორავას ქუჩაზე გავხსენით და უკვე ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ იქ, როგორც დიზაინერს, ყველაზე მეტი “შეცდომა” მაქვს დაშვებული, თუმცა ამავდროულად, ყველა აღტაცებით მეუბნება იმას, რომ ხორავას “ტერმინალი” ყველაზე მყუდრო და თბილია. ალბათ ეს იმან გამოიწვია, რომ “ტერმინალის” დიზაინის შექმნაზე მუშაობისას ფიზიკურადაც ვიყავი ჩართული. თავად ვღებავდი და ვამაგრებდი  თაროებს, ავდიოდი ხარაჩოებზე, ვაშალაშინებდი მაგიდებს, ვუსვამდი მათ ლაქს და ა.შ. საერთოდ, მუშაობას ყოველთვის შავი კარკასიდან ვიწყებ და ზედამხედველთან ერთად ყველაფერში ვარ ჩართული. ვცდილობ, რომ ხელოსნიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინერით დამთავრებული ყველანაირი საქმე მოვირგო და როდესაც ხორავას ფილიალზეა საუბარი, ეს ყველაფერი როგორღაც მაინც იგრძნობა. თუმცა როგორც უკვე ვახსენე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხორავას “ტერმინალი” პირველი შენობა იყო, სადაც საერთო სამუშაო სივრცეს ვქმნიდი, დღეს ვთვლი, რომ ზოგი დეტალი უკეთესად უნდა შესრულებულიყო. დროის სვლასთან ერთად დიზაინს თანდათან ვცვლით და ზოგ დეტალს ვასწორებთ კიდევაც. პანდემიის დროს დიზაინში ბევრი ცვლილება შევიტანეთ,  რითაც ძალიან ვამაყობ.


თქვენთვის, როგორც დიზაინერისათვის, რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რომლებსაც პროცესის დროს აწყდებოდით?

გამოწვევებთან ბრძოლის პირველი პერიოდები, მართლაც რომ სტრესული იყო. ყოველთვის ვცდილობ, რომ დიზაინის შემადგენელი ელემენტები კომფორტულთან ერთად თვალისთვისაც სასიამოვნოდ აღიქმებოდეს. მახსოვს, ინტერიერის დიზაინზე მუშაობის ადრეულ ეტაპზე აკაკი ხორავას ფილიალისათვის სკამები შევუკვეთე, რომლებიც თვალისათვის სასიამოვნოდ კი გამოიყურებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომფორტის მხრივ ისინი საერთო სამუშაო სივრცეს ვერ წაადგებოდა. რადგანაც ყველა ადამიანი განსხვავებულ პარამეტრებს აკმაყოფილებს, სკამებიც განსხვავებული ტიპის უნდა შეგვერჩია. ამიტომაც სამასივე სკამის გამოცვლა მოგვიხდა. 

თუ აკაკი ხორავას ფილიალის კიბეებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ ისინი ფაქტობრივად ჰაერში არსებულ კონსტრუქციას წააგავს. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ მოაჯირების გამოყენებაზე კატეგორიული უარი ვთქვი. ამის მისაღწევად დიდი ბრძოლა დამჭირდა, რადგანაც მარწმუნებდნენ, რომ შეუძლებელი იყო კიბის არსებობა მოაჯირების გარეშე. მას შემდეგ კი უკვე ექვსი წელია გასული და ხორავას “ტერმინალის” კიბეები შესანიშნავად გამოიყურება. მაშინ, როდესაც ამგვარ ექსპერიმენტულ ცდებს ახორციელებ, ძალიან რთულია, რომ სხვებსაც აუხსნა შენი ხედვა და მით უმეტეს, დაარწმუნო ისინი. ამასთან, როცა ასაკობრივად უფროსი ადამიანები გვსტუმრობენ და ინტერიერის დიზაინს ათვალიერებენ, ჭერზე შეაჩერებენ ხოლმე მზერას. ხანდახან უკვირთ და ხუმრობით გვეუბნებიან, რომ ჭერი დასამთავრებელი დაგვრჩა, როცა რეალურად ბეტონის გარეცხვა და დამუშავება ბევრად უფრო ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე ინტერიერის დიზაინში თაბაშირ-მუყაოს გამოყენება.


გვიამბეთ ერთი ინსპირაციის შესახებ, რომლის დახმარებითაც “ტერმინალის” საერთო სამუშაო სივრცემ დამატებითი დატვირთვა შეიძინა...

თავიდან ვცდილობდი მაქსიმალურად სწორად გამეაზრებინა ის მთავარი კონცეფციები, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეებისთვის ზიარია.  დავდიოდი ბიბლიოთეკებში და უკვე არსებულ საერთო სამუშაო სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციებს ვაგროვებდი. შემდგომ ეტაპებზე კი, სიმართლე რომ გითხრათ, ინსპირაციებს სხვადასხვა გზიდან ვიღებდი და თბილისის ყველა “ტერმინალთან” დაკავშირებით სხვადასხვა ამბის მოყოლა შემიძლია. მაგალითად, ერთხელ, როდესაც საბურთალოს ფილიალის გეგმარებაზე ვმუშაობდი, მენეჯერთან უნდა მესაუბრა. მენეჯერს კი ამ დროს ურეკავენ და ცოტა ხანში მისგან ეს სიტყვები მესმის: “ეს არ არის ის ტერმინალი, სადაც თქვენი კონტეინერი ავეჯით ჩამოვიდა”. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ “ტერმინალის” ტელეფონის ნომერი საბაჟოს ტერმინალის ნომერია. ამ დროს ვიფიქრე, რომ რატომაც არა. რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს ტერმინალშიც ნამდვილი კონტეინერი ყოფილიყო-მეთქი. საბურთალოს ფილიალში ჩვენ მართლაც დავამზადეთ კონტეინერი, რომელსაც საგამოფენო დატვირთვა აქვს. იგი გარედან არტისტების მიერ იხატება, ხოლო შიგნიდან საგამოფენო სივრცედ წარმოდგება, რაც რეალურად დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ კონტეინერის წყალობით მხატვრები “ტერმინალის” აბაშიძის ფილიალს ხშირად სტუმრობენ. 

პირველი დეტალი, რომელსაც “ტერმინალის” მომხმარებლები შემოსვლისთანავე ამჩნევენ...

სავარაუდოდ, ეს არის ჩვენი ბრენდინგი, რადგან ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყვითელი ფერის დომინირებით მომხმარებლებს ბედნიერების აღქმა არ დავუკარგოთ.


„ტერმინალი“ ერთდროულად საქართველოში რამდენიმე ადგილას  ფუნქციონირებს. რა არის მათი დიზაინის საერთო და განმასხვავებელი ფაქტორები?

ვფიქრობ, რომ ფილიალების მიხედვით ჩემი პროფესიული ზრდაც იგრძნობა. ვცდილობთ, რომ ყველა ტერმინალს ჰქონდეს საერთო დამახასიათებელი ნიშანი, რათა ხაზი გაესვას იმას, რომ “ტერმინალის” ფილიალები ერთი დიდი სივრცის ნაწილია. “ტერმინალის” შენობები - ლოფტიდან დაწყებული, მოდერნით დასრულებული - სხვადასხვა ტიპის დიზაინს გვთავაზობს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ სასურველ ფილიალში ვიზიტი თავიანთი გემოვნების მიხედვით გადაწყვიტონ. 

პირველ “ტერმინალზე” მუშაობას ერთი წელი დასჭირდა. ბოლო “ტერმინალის” სივრცე, რომელიც ჭავჭავაძეზე, აქსის თაუერში მდებარეობს, 2800მ2-ს შეადგენს და პანდემიის დროს მასზე მუშაობას მხოლოდ ორი თვე მოვანდომეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ზუსტად ვიცი, თუ რა სჭირდება “ტერმინალსა” და ჩვენს მომხმარებლებს და შეძლება ითქვას, რომ უკვე თვალდახუჭულსაც შემიძლია მოქმედება.


სამომავლო გეგმები...

გვსურს, რომ თბილისს აუცილებლად გავცდეთ. არა მხოლოდ თბილისს, არამედ საქართველოსაც, რადგან “ტერმინალის” კონცეფცია ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის გათვალისწინებით მიჭირს სამომავლო გეგმებზე თამამად საუბარი, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ “ტერმინალის” ახალი ფილიალი მალე ბათუმშიც გაიხსნება და იქაც აქტიურად იმუშავებს.



რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?

დამწყებ დიზაინერებს აუცილებლად ვურჩევდი იმას, რომ ეძიონ ინსპირაციები. მუდმივად გაეცნონ დიზაინის სწორ მიმართულებას და ამასთან დაინტერესდნენ მცდარი პრინციპით აგებული დიზაინითაც, რათა სხვების შეცდომები თავიანთ პრაქტიკაში არ გაიმეორონ. დიზაინერად არ მიიჩნევა მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ხატვითაა გართული, რადგან დიზაინერს სხვა ბევრი დამატებითი ფაქტორის გათვალისწინება ევალება. მაგალითად, ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა, საიდან ამოდის და ჩადის მზე... ინსპირაციას, პირველ რიგში, სივრცისგან ვიღებ და ზუსტად ვიცი ხოლმე, თუ რა იქნება შედეგი. როდესაც შევდივარ ძალიან ნაცრისფერ, ცივ სივრცეში, უკვე 3D მხედველობა მივითარდება და ვხედავ, როგორ “ამოდის” კედლები და როგორ ფერადდება ისინი. ჩემს მაგალითზე დაყრდნობით, მაშინ როდესაც სულ რაღაც ორ თვეში ხედავ იმას, რაც ადრე გონებაში გქონდა, ძალიან ამაღელვებელია. ამ ბოლო პერიოდში ჩემი პროფესია ძალიან პოპულარული გახდა და რატომღაც ყველას ჰგონია, რომ დიზაინერობა ძალიან მარტივია. რეალურად კი ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ დიზაინერმა ინტერიერში ბოლო დეკორიც თავისი ხელით უნდა დადგას. თუ, რა თქმა უნდა, სურს მიაღწიოს იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, რადგანაც ქართული რეალობის მაგალითზე რთულია მიაღწიო იმას, რასაც ჩაიფიქრებ ხოლმე.