ბერძენი რეჟისორი, იორგოს ლანთიმოსი ფართო საზოგადოებამ გასული დეკადის განმავლობაში გაიცნო. მისი პირქუში, ირონიული და ხშირად აბსურდული შემოქმედება კი ალბათ ათწლეულის კინოხელოვნების ყველაზე საინტერესო მოვლენაა.
ლანთიმოსი 1973 წელს ათენში დაიბადა, 1990-იანი წლებიდან მუშაობდა სარეკლამო და მუსიკალური კლიპების რეჟისორად. საბერძნეთში, სადაც კინოინდუსტრია არ არის განვითარებული, რთულია გახდე რეჟისორი, იორგოს ლანთიმოსიც არ ფიქრობდა, რომ კინორეჟისორი გახდებოდა და თავს უბრალოდ კინომოყვარულად მიიჩნევდა.
პირველი ფილმი Kinetta 2005 წელს გადაიღო. მიუხედავად სამხრეთული წარმოშობისა, მისი შემოქმედება სკადინავიურ კინოს მოგვაგონებს, მის ფილმებში ვერ იხილავთ საბერძნეთის მზიან გარემოსა და მკვეთრ, ნათელ ფერებს, თუმცა ქვეყანა მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ლანთიმოსის ფილმებში გვხვდება ბერძნული კულტურისა და მითოლოგიის გავლენები, ასევე ხშირად ვაწყდებით სიმბოლოებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მიგვითითებს.
იორგოს ლანთიმოსმა კინოში თავისებური, განსხვავებული სამყარო შექმნა, მისი ფილმები ჟანრობრივად ყველაზე ახლოს მაგიურ რეალიზმთან დგას, ლანთიმოსის სამყარო ბერძნულ მითოლოგიას მოგვაგონებს, სადაც ყოფით ამბებთან ერთად მაგიაც არსებობს, ძალაუფლების მქონე პირები სრულიად განკარგავენ უბრალო მოკვდავთა ცხოვრებას, დამნაშავეები კი სასტიკად ისჯებიან. მის ფილმებში წამოჭრილი თემები ერთი შეხედვით არარეალურია, თუმცა დაკვირვების შემდეგ ცხადი ხდება, რომ რეჟისორი გადაჭარბებულად ასახავს საზოგადოებაში არსებულ ყოველდღიურ პრობლემებსა და საკითხებს.
რეჟისორის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია „ეშვი“ (Dogtooth 2009), რომელიც მოგვითხრობს იზოლირებული ოჯახის ისტორიას.
ძირითადი ფაბულა დესპოტი მშობლებისა და გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი შვილების გარშემო ტრიალებს, ფილმი შეიძლება ბერძნული პატრიარქალური კულტურის კრიტიკად მივიჩნიოთ. ლანთიმოსის კინოს ნელი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა მიუხედავად ამისა, რეჟისორი ახერხებს, რომ პირველივე სცენიდან ჩაგვითრიოს სიუჟეტმა. “ეშვს” განსაკუთრებით საინტერესოს ხდის გადმოცემის ფორმა, მთავარმა პერსონაჟებმა არ იციან ზოგიერთი სიტყვის სწორი მნიშვნელობა და სასაუბრო ენას დაკარგული აქვს ძირითადი ფუნქცია. ლანთიმოსი მსგავს მეთოდს იყენებს ფილმში - “ლობსტერი” (The Lobster 2015), სადაც პერსონაჟები უსიტყვოდ, ჟესტიკულაციითა და შორისდებულებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. “ლობსტერი”, “ეშვის” მსგავსად, სიმბოლოებითაა აღსავსე, ამ შემთხვევაში რეჟისორი გვიჩვენებს საზოგადოებას, რომელშიც აუცილებელია პარტნიორის ყოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველად გაქცევენ, პარტნიორებს კი არა სიმპათიით, არამედ მსგავსი თვისებების მიხედვით ირჩევენ. აღსანიშნავია ის ფერთა პალიტრა, რომელიც ფილმში გვხვდება, გარშემო ყველაფერი გახუნებული და ცივია, პერსონაჟებს მუქი ფერის ტანსაცმელი აცვიათ, სამყაროში, სადაც სიყვარული აუცილებელ რუტინადაა ქცეული, მკვეთრი ფერების ადგილი არ არის.
ლანთიმოსის ყველაზე ბერძნული და ყველაზე გასაოცარი ფილმი „წმინდა ირმის მკვლელობაა“ (The Killing of a Sacred Deer 2017), რომელიც მთლიანად დაფუძნებულია აგამემნონისა და იფიგენიას მითზე და თანამედროვე რეალობაში გვიჩვენებს, თუ როგორ მძიმედ შეიძლება ისჯებოდეს მამის დანაშაულის გამო შვილი. შემზარავი სიუჟეტის მიუხედავად, ფილმში ჭარბობს ლანთიმოსისათვის დამახასიათებელი ირონიულობა და მსახიობების უემოციო შესრულება, რაც თხრობას განსაკუთრებულ შთამბეჭდაობას სძენს.
რეჟისორი ხშირად აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარია, კინო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს, მას არ სურს, რომ მაყურებელს საკუთარი აზრი მოახვიოს და ხშირად გადაღების პროცესში მსახიობებს არ მიუთითებს, როგორ უნდა ითამაშონ.
საბოლოო ჯამში იორგოს ლანთიმოსი საუკეთესოდ ართმევს თავს ჩანაფიქრს, ის იღებს ფილმებს, რომლებიც თავისუფალ სივრცეს ტოვებენ ფიქრისთვის, გვთავაზობს სიუჟეტებს, რომლებშიც ყველაფერი ცხადი არაა და ქმნის საკუთარ, მითურ სამყაროს, სადაც ძალიან უცნაური მოვლენებიც კი სრულიად ჩვეულებრივად აღიქმება.
დაწერე კომენტარი