საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. მის ნამუშევრებს გამოარჩევს ჰარმონიული კომპოზიცია და განსაკუთრებული ტექნიკა. ფაღავა პარიზული სკოლის წარმომადგენლად მიიჩნევა, თუმცა მის მხატვრობაში შეიმჩნევა ქართული გავლენები.
ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1920 წელს ოჯახი დროებით გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა საქართველოში ვეღარ დაბრუნდნენ და 1923 წელს საფრანგეთში, პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ვერა ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მხატვრობით, რასაც თბილისში, ნათესავების ოჯახებში შემორჩენილი მისი ნამუშევრები მოწმობს. საინტერესოა, რომ მხატვრის ბებია, დარია ფაღავა მიხაი ზიჩის ერთ-ერთი მუზა იყო “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების შექმნისას. ვერა ფაღავა ხელოვნების სკოლაში ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის, ანდრე ლიოტეს მოსწავლე იყო, შემდეგ კი, 1934-1939 წლებში, რანსონის აკადემიაში სწავლობდა. ამ წლებში ვერა ფაღავას მასწავლებელი მხატვარი როჟე ბისიერი იყო, რომელიც ცნობილია სხვადასხვა ეკლესიის ვიტრაჟების დიზაინით, ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ვიტრაჟებში იგრძნობა მასწავლებლის გავლენა. მისი ნამუშევრები პირველად 1944 წელს გალერისტმა ჟან ბიუშერმა გააცნო საზოგადოებას. გალერისტი აღფრთოვანებული იყო მისი შემოქმედებით, ამიტომ მან ვერა ფაღავა პიკასოს ცოლთან, დორა მაართან ერთად გამოფინა.
ამ პერიოდში ვერა ფაღავამ საკუთარი სტილის ძებნა დაიწყო, მისი შემოქმედება მოიცავს როგორც აბსტრაქტულ, ასევე ფიგურალურ ნახატებს, გრაფიკას, ფრესკებს და მინასა და ტექსტილზე შესრულებულ ნამუშევრებს. მიუხედავად მრავალფეროვანი სტილისა თუ ჟანრებისა, ვერა ფაღავას ყველა ნამუშევარს აერთიანებს მხატვრისთვის დამახასიათებელი ფაქიზი ტექნიკა და პასტელური ფერები. ფაღავას ადრეულ შემოქმედებაში გვხვდება ბატალური სცენები, რომლებიც მიუხედავად სიუჟეტისა, საოცარი სიმშვიდის მომგვრელია. ამ ნამუშევრებში ჯარისკაცების სხეულები იმდენადაა გადახლართული, რომ რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა, რითაც მხატვარი ახერხებს, რომ ომი არა უშუალო მონაწილის, არამედ დამკვირვებლის თვალით გვიჩვენოს. ძალიან საინტერესოა ვერა ფაღავას გრაფიკული ნამუშევრებიც, რომლებიც მინიმალისტურად, შავი წერტილებითაა შესრულებული. მხატვრის გრაფიკაში შავ ფერზე მეტად, ქაღალდის სითეთრე იქცევს ყურადღებას, რაც კომპოზიციის აღქმის საშუალებას გვაძლევს.
ვერა ფაღავას შემოქმედების ძირითად ნაწილს მაინც აბსტრაქცია იკავებს, ის ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ ყოველთვის აბსტრაქციონისტი იყო, მაშინაც კი, როდესაც ნატურმორტებს ხატავდა. მართლაც, მისი აბსტრაქციით დაინტერესება ადრეულ ნამუშევრებშიც შეიმჩნევა, ის რეალურ საგნებთან ერთად ხშირად იყენებს აბსტრაქტულ ფორმებს. ფაღავას აბსტრაქციები ძირითადად სხვადასხვა ფერისა და ფორმის გეომეტრიულ ფიგურებს შეისწავლის, მათ ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული და გამიჯნული რბილი კონტურები და პასტელური მშვიდი პალიტრა. საინტერესოა, რომ ხშირად ვერა ფაღავა საგნებს ერთ სიბრტყეზე ხატავდა, შემდეგ კი გამჭვირვალე ფერებისა და სინათლის საშუალებით ნახატს სივრცეს სძენდა, რის გამოც მისი ნახატების სიღრმე, ხშირად უსასრულობის ილუზიას ქმნის. მხატვარი დაინტერესებული იყო სინათლით და ამიტომ მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება შუქჩრდილების არაბუნებრივი განლაგება, ის ცდილობდა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა სინათლის სხივის წყალსა და გამჭვირვალე სხეულებში გარდატეხა.
ვერა ფაღავას ნამუშევრებს გამოარჩევს საინტერესო ტექნიკა, ნახატებში თითქმის არასდროს შეიმჩნევა ფუნჯის მონასმები, რის გამოც ისინი ერთგვაროვან, პრიალა ფაქტურად აღიქმება. მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს არასდროს არქმევდა რთულ სახელებს, რადგან თვლიდა, რომ დამთვალიერებელს არა სახელზე, არამედ ნახატზე უნდა ეფიქრა. ის 1936 წლიდან ხატავდა სხვადასხვა ეკლესიის ფრესკებს, 1987 წელს კი დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიის ვიტრაჟებზე იმუშავა. 1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარადგენდა, ბიენალეზე მის შემოქმედებას მთელი დარბაზი ეთმობოდა. ბიენალეს შემდეგ ფაღავას გამოფენები ჩატარდა ბრიუსელში, ტურინში, ბერლინში, რომში, ვენასა და ნიუ-იორკში. 1972 წელს მისი გამოფენით გაიხსნა ქართველი ემიგრანტის, თამარ წულაძის გალერეა “დარიალი”, ვერა ფაღავა მთელი ცხოვრების განმავლობაში თანამშრომლობდა “დარიალთან”. მხატვარი 1988 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. ვერამ ნამუშევრები გარდაცვალებამდე “დარიალს” გადასცა და ამჟამად ეს ნამუშევრები “ვერა ფაღავას ასოციაციის საკუთრებაშია”, მისი რამდენიმე ნამუშევარი ინახება პომპიდუს ცენტრში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკუთრებაშია ვერა ფაღავას სამი ნახატი. მხატვრის 60-იან წლებში აკვარელით შესრულებული სერია, ასევე გრაფიკული ნამუშევრები და ლითოგრაფიები კი გალერეა “შარდენში” შეგიძლიათ იხილოთ.
ვერა ფაღავას შემოქმედება გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვითა და განსაკუთრებული სტილით, მისი ნამუშევრების სიმეტრია, სიმშვიდე და მარტივი, გამჭვირვალე ფორმები კი დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
დაწერე კომენტარი