ანა ჩადუნელის სოლო გამოფენა 16 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნება და დამთვალიერებელს 3 მარტამდე უმასპინძლებს.

როგორც გამოფენის პრესრელიზშია აღნიშნული, გამოფენა, სახელწოდებით Terrible Dreams (საზარელი სიზმრები), არის შოუ, სადაც მხატვარი ხელოვნურად ქმნის მიკროკოსმოსს, ლანდშაფტს გალერეის შუშის ფასადს მიღმა მოქცეულს, რომელსაც მაყურებელი გარედან აკვირდება, ისევე როგორც ვიდეოთამაშს მისი მოთამაშეები.

“არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, ჩვენი რეალობა რეალური არაა, რომ ის, რაც ნამდვილი გვგონია, უმაღლესი ინტელექტის მიერ შექმნილი კომპიუტერული სიმულაციაა.  ის შეიძლება ვიდეოთამაშსაც შევადაროთ, ისეთს, რომელიც არასდროს სრულდება, რომლის სცენარი, თუნდაც ყველაზე პრიმიტიული,  მუდმივად გრძელდება. თამაში შექმნილია მოთამაშისთვის, რომელიც შეძლებს იკვლიოს, იმოგზაუროს, აღმოაჩინოს, იგრძნოს... უსასრულოდ.

გამოფენის ნაწილია უდაბნოს ტიპის მცენარეები, რომლებიც მხატვრის მშობლიური ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ეს დედამიწისფერი მცენარეები, საგამოფენო სივრცეში გაბნეული მიწიდან და ვულკანური შავი მასიდან ამოსულნი, გამოფენის ცოცხალ ორგანიზმებად გარდაიქმნებიან და სივრცეს სათბურისა თუ ზოოპარკისმაგვარ, ადამიანის მიერ შექმნილი „ხელოვნური ბუნებრიობის“ ეფექტს ქმნიან. ამ ატმოსფეროში მცენარეები ტეხილი ხაზებითაა შემდგარი და მათი ერთმანეთში გადახლართული ჩრდილები ლაბირინთებს ქმნიან.”

მხატვრის პირველი სოლო შოუ The Why Not Gallery-ში 2019 წელს გაიმართა. არტისტი სხვა  ქვეყნებშიც მუშაობს - საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა, ნორვეგია და თურქეთი. 2014 წელს მას ვიზუალური ხელოვნების დარგში წინანდლის პრემია მიენიჭა. 

 

ივენთი: გამოფენა