როგორ ჩამოაყალიბა და შეცვალა შენი ცხოვრება და ხელოვნება 14 წლის ასაკში ამერიკაში ემიგრაციამ?
ალბათ ის, რომ ამერიკა ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაა და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძველი, რაღაცნაირად ილექება.
როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა ფოტოგრაფიასთან?
პატარა ვიყავი, გავიხედე კამერაში და იმის მერე სულ მინდოდა ყველაფრის კამერიდან დანახვა.
რაღაც პერიოდის განმავლობაში იყავი მოდელი. ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა შენს სამუშაოზე ამ პერიოდში კამერის მიღმა ყოფნას?
ალბათ კი, მაგრამ გამოცდილება იყო უფრო პროფესიონალიზმში, ხალხთან ურთიერთობაში და იმაში, რომ მოდელობის დროს ისეთი სქელი კანი გამიხდა, რომ დღეს ვინმეს ჩემი ნამუშევარი თუ არ მოსწონს, მე ამას დიდად არ განვიცდი.
ხშირად იყენებ მეთოდებს, რის საშუალებითაც შენს ფოტოებში ჩვეულებრივი ობიექტები განსაკუთრებული ხდება. საინტერესოა შენი მიდგომა ფოტოგრაფიის ტექნიკურ მხარესთან და შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურ მხარეს შენს ნამუშევრებში ისეთივე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, როგორც მოტივებს. როგორია შენი სამუშაო პროცესი?
ტექნიკური მხარე, ანუ რა კამერა გაქვს და როგორ ქაღალდზე ბეჭდავ, ეს არ მაინტერესებს, მაგრამ მაქვს ტექნიკური განათლება, რის წინააღმდეგაც ხშირად ვმუშაობ.
ნამუშევრებში ასევე იყენებ საკუთარ იმიჯს. I was no longer seeing myself ეხება 21-ე საუკუნის ტექნოლოგიას. შეგიძლია გვესაუბრო ამ თემაზე?
ზოგადად მაინტერესებს, როგორ იკვეთება analog და digital ტექნოლოგიები. მე თვითონ ვგრძნობ, რომ ვარ იმ თაობის, ვის თავზეც გადატყდა ეს ცვლილებები და ორივე სფეროში გემრიელად ვგრძნობ თავს.
შენი აზრით, როგორია თანამედროვე ხელოვანი ქალის როლი?
ქალის როლი დღეს ყველა სფეროში არის ის, რომ სხვა ქალებს დაეხმაროს და ერთმანეთი ზემოთ ავწიოთ. ერთმანეთს არ შევეჯიბროთ, მივხვდეთ, რომ ყველასთვის არის საკმარისი ადგილი.
არის რაიმე თემა, რომელსაც მუდმივად უბრუნდები?
ალბათ თვითონ ფოტოგრაფიას და ყვავილებს.
დღეს, როდესაც ფოტოგრაფია ადვილად მისაწვდომი დარგია, რითაა ის შენთვის საინტერესო?
მეც ჩემს თავს სულ ამას ვეკითხები.
რა გაძლევს ინსპირაციას დღეს?
თბილისი.
თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში, მწერალთა სახლი და აბრეშუმის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას , ელენე აბაშიძის კურატორობით ‘გამქრალია თორმეტი ქალი’, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ემიგრირებული ქალი ხელოვანების ნამუშევრებს. გამოფენაში მონაწილეობას იღებს ქეთუთა ალექსი მესხიშვილი.
მეტი თბილისი ხელოვნების ბაზრობაზე: tbilisiartfair.art
განსაკუთრებული მადლობა Pierrot Le Fou და Art Area Gallery
დაწერე კომენტარი