მოდის გავლენა კულტურულ სფეროებში დღითი დღე იზრდება, რაც ლოგიკურია მარტივი ჭეშმარიტების გავითვალისწინებით - სამოსი საკუთარი იდენტობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, სამოსით საკუთარი ხასიათის გამოხატვაზე უფრო დიდი გამოწვევა სხვისი პიროვნულობის ექსპრესიაა - რეჟისორებისთვის მათი პერსონაჟების ხასიათი ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხია და ყველანაირი რესურსით ცდილობენ მის სააშკარაოზე გამოტანას: მოკლედ მოგვითხრობენ მათ ყოველდღიურობაზე, გვიზიარებენ მათ მუსიკალურ გემოვნებას, გარდერობს, ფილოსოფიას, აზრებს და სხვა.
მოდასა და კინოინდუსტრიას ერთმანეთთან „თანამშრომლობის“ მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. ამ დროის მანძილზე მაყურებელმა უამრავი დასამახსოვრებელი სამოსი იხილა და საყვარელი პერსონაჟის ჩაცმულობა ბევრისთვის შთაგონების წყაროც კი გახდა: შეუძლებელია უყურო „საუზმეს ტიფანისთან“ და უგულებელყო ოდრი ჰეპბერნის ულამაზესი შავი კაბა; ნახო „მეხუთე ელემენტი“ და დაივიწყო ათასამდე დასამახსოვრებელი კოსტიუმი ან უყურადღებოდ დატოვო სამოსი „დიდი გეთსბიდან“... ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ დიზაინერებს, რომელთაც შექმნეს საკულტო კოსტიუმები ფილმისთვის.
Stage Fright (1950) - Dior
ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები კინოსამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტურია: გავიხსენოთ ტიპი ჰედრენის კოსტიუმი ფილმიდან „ჩიტები“, კიმ ნოვაკის შავი სამოსი „ვერტიგოში“ ან გრეის კელის კაბები „ქურდის დაჭერიდან“.
1950 წელს გადაღებული “სცენის შიშისთვის“ გერმანელმა მსახიობმა მარლენ დიტრიხმა პროდიუსერებს უთხრა: არ იქნება დიორი, არ იქნება დიტრიხი! საბოლოოდ, რეჟისორი დათანხმდა მსახიობს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა არა მარტო საკუთარი პერსონაჟის გარდერობზე, არამედ ფილმის უამრავ კადრზეც და მოიწვია ცნობილი დიზაინერი, რათა შეექმნა დახვეწილი კოსტიუმები.
And God Created Women (1956) — Pierre Balmain
ფრანგმა დიზაინერმა პიერ ბალმენმა იზრუნა ბრიჯიტ ბარდოს პერსონაჟის - ახალგაზრდა ჯულიეტას გარდერობზე, რომელიც შედგება ვიწროწელიანი კაბებისა და დიდი ზომის პერანგებისგან. მიუხედავად იმისა, რომ Balmain-ის მოდის სახლისთვის შთაგონების უმთავრესი წყარო ყოველთვის იქნება ქალის ფემინური და სექსუალური ბუნება, დიზაინერმა ფილმისთვის შექმნა სამოსი, რომელიც არ არის აშკარად სექსუალური, რაც უდანაშაულობის გრძნობით იყო ნაკარნახევი.
Breakfast at Tiffany's (1961) — Hubert de Givenchy
საღამოს კაბა ფართო ბეწვის ქუდითა და შავი ხელთათმანებით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქია მოდასა და კინოში. ჰოლის სამოსი ლეგენდარულმა დიზაინერმა ჰუბერტ დე ჟივანშიმ შექმნა. 60-იანი წლების განმსაზღვრელი შავი კაბა 2006 წელს აუქციონზე 467 200 ფუნტად გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოდრი ჰეპბერნი და ჟივანში ერთმანეთს პირველად 1954 წელს „საბრინას“ გადაღების დროს შეხვდნენ და მას შემდეგ სხვა ფილმებშიც ითანამშრომლეს.
Last Year in Marienbad (1961) — Coco Chanel
შავ-თეთრი Last Year in Marienbad - ოქროს ლომის გამარჯვებული ფრანგული დრამისთვის სამოსი კოკო შანელმა შექმნა. ფილმში საიდუმლოებით მოცული წყვილი ერთმანეთს ბაროკოს სტილის სასტუმროში შეხვდა. სერიგის ელეგანტური გარდერობი: პატარა შავი და გრძელი შიფონის კაბები კოკო შანელის ხელწერისთვის უცხო არაა.
კოკო შანელის სამოსი ფილმისთვის Last Year in Marienbad კარლ ლაგერფილდმა 2011 წელს კიდევ ერთხელ გააცოცხლა და გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მარინბადის ბაღის რეპლიკის ფონზე წარადგინა.
Arabesque (1966) - Dior
1966 წელს გადაღებულ ტრილერში წარმოდგენილი სამოსი სპეციალურად სოფია ლორენისთვის შექმნა მარკ ბოჰანმა. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სოფია ლორენის იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე შესაშურ გარდერობს არა მარტო დიორის მოდის სახლი, არამედ ივ სან ლორანიც ქმნიდა.
Belle Du Jour (1967) — Yves Saint Laurent
როცა საქმე სევერინ სერიზს - ბურჟუაზიულ დიასახლისს ეხება, რომელიც შუადღეს მეძავად მუშაობაში ატარებს - ივ სან ლორანი ამ ქალბატონის გარდერობის შესაქმნელად საუკეთესო არჩევანია.
დიზაინერმა კეტრინ დენევის პერსონაჟის შავი ტანსაცმლით, ხალათებითა და ბეწვით გაფორმებული ტყავით, ნაცრისფერი მატყლითა და შავი ვინილით შემოსა. მართალია, ფილმი ნახევარი საუკუნის წინ გადაიღეს, აქ წარმოდგენილ სამოსს დღესაც თანამედროვეობის მუხტი აქვს.
Barbarella (1968) — Paco Rabanne
როცა საქმე კოსმოსური სამოსის შექმნას ეხება, პაკო რაბანის მოღვაწეობა და სტილი, ყველასთვის ცნობილია. შეგვიძლია გავიხსენოთ ოდრი ჰეპბერნის მოციმციმე დისკო კაბა 1967 წელს გადაღებულ კომედიაში „ორი გზა“. თუმცა ამ ჟანრში დიზაინერის Magnum Opus ერთხმად 1968 წელს გადაღებული „ბარბარელას“ კოსტიუმებია.
მოგვიანებით „ბარბარელას“ ფუტურისტული სამოსი საკულტო გახდა ისეთი დიზაინერებისთვის, როგორებიც არიან: ჟან პოლ გოტიე და კეიტ და ლაურა მულევები.
Mistress (1975) — Karl Lagerfeld
Mistress-ს გამოშვებისთანავე საპირისპირო რეაქციები მოჰყვა მაყურებლისგან სადომაზოხიზმის გრაფიკული გამომსახველობის გამო. 1975 წელს გადაღებულ ფილმში კოსტიუმებზე კარლ ლაგერფელდმა - იმ დროს Chloé-ს კრეატიულმა დირექტორმა - იზრუნა. დიზაინერის ნამუშევრებმა რადიკალური გახადა არიანეს პროვოკაციული ბუნება - მისი გარდერობი ხაზს უსვამდა პერსონაჟის ორ: ფემინურ და ბოჰემურ ბუნებას - ერთი მხრივ, მეწამული აბრეშუმი და მეორე მხრივ, ტყავის შავი სამოსი.
American Gigolo (1980) — Giorgio Armani
რიჩარდ გირის პერსონაჟის - მაღალი დონის, ნარცისი, საკუთარ თავზე შეყვარებული მამაკაცის პორტრეტი ფილმში - American Gigolo 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. ჯულიანის იდენტობა კარგადაა გამოხატული სამოსშიც, რომელზეც Giorgio Armani-მ იზრუნა - მოკლემკლავიანი პერანგები, დახვეწილი პიჯაკები და ტრადიციული ხალათები... მოგვიანებით მაყურებელი მსგავს სამოსს ხედავს პატრიკ ბეიტმენის გარდერობშიც, რომელიც სწორედ American Gigolo-ს შთაგონებით შეიქმნა.
A View to a Kill (1985) — Azzedine Alaïa
ბევრი ვერ დაიკვეხნის ისეთი დახვეწილი ჩაცმულობით, როგორც ბოროტი ქალი, რომლის როლსაც გრეის ჯონსი ასრულებდა ჯონ გლენის ფილმიდან A View to a Kill ანია რობერტსის პასტელურ ფერებში შეკერილი კაბები ჯონსის მეგობარმა - აზადინ ალაიამ - უკიდეგანო პერფექციონისტმა და თავისი საქმის ოსტატმა - შექმნა. კაპიუშონიან კაბაში გამოწყობილი May Day საუკეთესოდ შემოსილი ბოროტმოქმედია კინოსამყაროში.
Indecent Proposal (1993)
90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავი საღამოს კაბა დემი მურისთვის ფილმიდან - „Indecent Proposal“ დიზაინერმა ტერი მუგლერმა შექმნა. ფილმის გამოშვებისთანავე კაბამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია და გაუჩინა სურვილი საკუთარი თავი ენახა საღამოს შავ კაბაში. საკულტო კაბა კუთხოვანი ჭრილებით დღემდე არ კარგავს ხიბლს და უცვლელი წევრია ყველა იმ საუკეთესო საღამოს კაბის სიისა, რომლებსაც გავლენიანი გამოცემები ხშირად აქვეყნებენ.
ROMEO + JULIET (1996) – PRADA
თითქმის 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დანიელის წყვილი მაყურებელმა შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ უნიკალურ ადაპტაციაში იხილა. პრადას მიერ შექმნილ რომეოსა და ჯულიეტას სამოსის დეტალები - თეთრი კაბა და ფრთები, რომეოს საზღვაო კოსტიუმი, სუფთა ხაზები და მინიმალური შტრიხები, დღესაც დიდ როლს ასრულებს ისეთი მოდის სახლების კოლექციებში, როგორიცაა: Valentino, Vetements, Dolce & Gabanna, Dior Homme და სხვა.
The Fifth Element (1997) — Jean Paul Gaultier
ლუკ ბესონის ავანგარდული ხედვა მომავლის შესახებ „მეხუთე ელემენტში“, რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარში, გამოხატულია უმთავრესად ინტერ-ექსტერიერისა და პერსონაჟთა სამოსის საშუალებით. 23-ე საუკუნეში შექმნილი სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერისთვის კოსტიუმები ჟან პოლ გოტიემ შეკერა, უფრო კონკრეტულად - მან შემოსა ბრიუს ვილისი, გარი ოლდმენი, მილა იოვოვიჩი და კრის ტაკერი. გოტიეს შრომა უდავოდ დასაფასებელია, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი პერსონაჟის სამოსის გარდა მან 1000-მდე ლუქსა და დეტალზე იზრუნა. ალბათ შეუძლებელია, უყუროთ „მეხუთე ელემენტს“ და უგულებელყოთ მეორე და მესამეხარისხოვანი მსახიობების სამოსიც კი, განსაკუთრებით - კრის ტაკერის ტანსაცმელი ლეოპარდის პრინტით.
Marie Antoinette (2006) — Manolo Blahnik
სოფია კოპოლას ფილმის, „მარია ანტუანეტას“ სამოსზე კოსტიუმების დიზაინერმა მილენა კანონერომ იმუშავა, თუმცა ფეხსაცმლები მანოლო ბლანიკის დახმარებით შეიქმნა. ფილმში მარია ანტუანეტას როლს კრისტენ დანტსი ასრულებს და კარგად გამოხატავს დედოფლის ექტრავაგანტურ, ახირებულ ბუნებას, რაც არა მარტო პერსონაჟის მდიდრულ კაბებში, არამედ ფეხსაცმელშიც კარგად ჩანს. ამ ფაქტს რეჟისორმა ფილმში წარმოდგენილი ფეხსაცმლის არაერთი ახლო კადრით გაუსვა ხაზი.
I Am Love (2009) — Raf Simons for Jil Sander
ლუკა გუადანინოს მიერ 2009 წელს გადაღებულ ფილმში „მე ვარ სიყვარული“ მთავარი პერსონაჟის - ემა რეჩის როლს ტილდა სვინტონი ასრულებს. არასასურველ ქორწინებაში მყოფი ქალის ბუნება და ემოციები რაფ სიმონსმა - მაშინ Jil Sander-ის შემოქმედებითმა დირექტორმა - გრილი ექსტერიერის ფონზე დასამახსოვრებელი სამოსით გამოხატა.
თავდაპირველად ემა შემოსილია ელეგანტური მდუმარე ფერის კაბებით, რაც აბსოლუტურად იცვლება ახალგაზრდა მზარეულ ანტონიოსთან თანამშრომლობის შემდეგ - მდუმარე ფერებს ცვლის მყვირალა, მკვეთრი ფერების პალიტრა და აქსესუარები.
Black Swan (2010) — Rodarte
დარენ არონოფსკის „შავი გედი“, ნატალი პორტმანის შესანიშნავი შესრულებით, დღემდე არ კარგავს თავდაპირველ მაგიურ ემოციურობას. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბალერინას პერფექციონისტულ ხასიათზე და სრულდება ნატალი პორტმანის მიერ შესრულებული „გედების ტბით“, სადაც მსახიობს ლორა და ქეით მულვეის მიერ შექმნილი ბალერინას თეთრი და შავი კაბები აცვია, პორტმანმა რეჟისორს თავად წარუდგინა დიზაინერები და საბოლოოდ, ემი ვესკოტთან ერთად დებმაც იმუშავეს სამოსის შექმნაზე.
The Great Gatsby (2013) — Miuccia Prada
„დიდი გეტსბის“ მდიდრული სამყარო არაფერია ფილმში წარმოდგენილი ბრწყინვალე კაბებისა და კოსტიუმების გარეშე. 1920-იანი წლების ექსტრავაგანტურობას ფილმში მიუჩია პრადამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ბაზ ლურმანის საკულტო ფილმისთვის 40-მდე დასამახოვრებელი ლუქი შექმნა. წვეულებებზე დეიზი ბიუკინენი წარმოგვიდგება აბრეშუმის კაბითა და ბეწვის დეტალებით, მის კაბებს დიდი გავლენა ჰქონდათ იმდროინდელ სამყაროში და მალევე გახდნენ პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილი.
James Bond: Spectre (2015) — Tom Ford
საიდუმლო აგენტის გლუვი პიჯაკებსა და უზადო კოსტიუმებს ისე ვერავინ შეკერავდა, როგორც ეს ტომ ფორდმა გააკეთა. ჯეიმს ბონდის ტრადიციული და ამავდროულად, დახვეწილი სამოსი იდეალურად ერგება პერსონაჟის ხასიათს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ შესაძლებლობა მიეცემა, დიზაინერი მზადაა, კიდევ ერთხელ შემოსოს აგენტი 007.
დაწერე კომენტარი