UX/UI დიზაინერ ბექა ქვარცხავას მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა - Touch-ის ღონისძიება, რომელიც წელს უფრო მეტად ექსპერიმენტული და საინტერესო კონცეფციით არის წარმოდგენილი, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. მთაში, ტყეში, წყალთან და ქალაქში - ამ კონცეფციით დაგეგმილი 3 ღონისძიება საბოლოოდ Main Touch-ზე, თბილისში ბევრად მასშტაბურ კონფერენციაზე გაერთიანდება. Creative Touch, რომელსაც სასტუმრო Rooms Hotels Kazbegi მასპინძლობს, დღეს დაიწყო. კრეათონი შემოქმედებითი სფეროს ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ტრადიციული გარემოსგან განსხვავებით, აღმოჩნდებიან მთაში, მიიღებენ ახალ ცოდნას, გამოცდილებას, გაიცნობენ უცნობ ადამიანებს, გაერთობიან და დაბრუნდებიან სახლში ერთი საინტერესო ინტელექტუალური მოგზაურობიდან. წელს ღონისძიებაზე ისეთი დიდი კომპანიები ატარებენ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, როგორებიც არიან: DreamWorks Animation, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertaiment, Boiler Room, Smashing Magazine, Radioaktive Film… ყაზბეგს დღეს უკვე უამრავი ანიმატორი, გრაფიკული დიზაინერი, რეჟისორი და სხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი ესტუმრა. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, რას უნდა ველოდოთ წელს Touch-ის ღონისძიებებისგან, ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს საგანმანათლებლო პლატფორმა Touch-ის დამფუძნებელ ბექა ქვარცხავასთან.
ბექა, მოგვიყევი, როდის და როგორ აღმოჩნდით კრეატიულ ინდუსტრიაში?
ბავშვობიდან ვხატავდი, 14 წლიდან კი კონკრეტულად დიზაინზე მუშაობა დავიწყე. პროფესიით მსახიობი ვარ, თუმცა ეს ჩემი ჰობი იყო და სულ ვცდილობდი უფრო და უფრო დავხვეწილიყავი. შემდეგ უკვე ვებდიზაინში ჩავერთე, ახლა რომ UX/UI ჰქვია, და უკვე 15 წელია, რაც ამ სფეროში ვტრიალებ.
პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს?
მახსოვს პირველი ანაზღაურებული ნამუშევარი. ერთ-ერთი მუსიკალური საიტის პირველი გვერდის დიზაინი შევქმენი.
რა არის შენი შთაგონების წყარო?
შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც სულ ვითარდებიან.
შენი და Boiler Room-ის თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ მოგვიყევი უფრო ვრცლად…
Boiler Room-თან თანამშრომლობა ჩემთვის ბევრ კარგ მოგონებასთან ასოცირდება. განსაკუთრებით საინტერესო იყო ანსამბლ “ლაშარისა” და Boiler Room-ის ერთობლივი ნამუშევარი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე სოციალურ ქსელებში აზიარებენ “ჩაკრულოს” ჩანაწერს.
როგორ გეწვია Touch-ის შექმნის იდეა?
Touch-ის, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმის იდეა დამებადა მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ამ სფეროში არსებობს ისეთი ცოდნა და რესურსიც, რომელსაც ვერ ვიყენებთ სათანადოდ. მე და ჩემა მეგობრებმა პირველი ღონისძიება ზუსტად ერთ თვეში დავგეგმეთ, სადაც ისეთი ორგანიზაციის სტუმრები გვყავდა, როგორებიც არიან - Google, National Geographic. ჩვენი სურვილი იყო შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა საერთაშორისო დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. და ეს დღესაც ესეა.
რას უნდა ველოდოთ Creative Touch-ისგან წელს?
წელს Touch უკვე მეოთხედ ტარდება და მისი ცნობადობაც ნელ-ნელა იზრდება. ყოველ წელს მაქსიმალურად ვცდილობთ მეტი რესურსის მობილიზებას. წელს ოთხი ღონისძიება, კონცეფციით - მთაში, ტყეში, წყალთან და ქალაქში - საქართველოს სხვადასხვა ადგილებშია დაგეგმილი - Creative Touch, Tech Touch, Startup Touch, Main Touch. Creative Touch აერთიანებს შემოქმედებითი სფეროს ადამიანებს - გრაფიკულ დიზაინერებს, UX/UI სპეციალისტებს, პროექტ და პროდუქტის მენეჯერებს, რეჟისორებს, VR/AR დეველოპერებს, ანიმატორებს, შინაარსის შემქმნელებს, რომლებიც ტრადიციული გარემოსგან განსხვავებით, აღმოჩნდებიან მთაში, მიიღებენ ახალ ცოდნას, გამოცდილებას, გაიცნობენ ადამიანებს, გაერთობიან და დაბრუნდებიან სახლში ერთი საინტერესო ინტელექტუალური მოგზაურობიდან. რაც შეეხება Tech Touch-სა და Startup Touch-ს, პირველი ტყესთან, ხოლო მეორე ზღვასთან ახლოს ჩატარდება, სადაც ადამიანები ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებულ და უჩვეულო გარემოში მოხვდებიან.
რა შესაძლებლობებს ქმნის Touch დღეს კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე დამწყები და უკვე პროფესიონალი ადამიანებისთვის?
ვფიქრობ, რომ Touch არის ისეთი პლატფორმა, სადაც დამსწრე ადამიანებს შეუძლიათ გაიზარდონ სწრაფად, დაიმუხტონ შემოქმედებითად, გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები, გაიცნონ უცნობი ადამიანები და შეიძინონ პარტნიორები. წელს Creative Touch-ზე ბევრი დიდი კომპანია - DreamWorks Animation, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertaiment, Boiler Room, Smashing Magazine, Radioaktive Film - ატარებს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ცოდნის გაზიარებისა და შესაძლებლობების წყარო გახდება.
შენი აზრით, როგორ განვითარდა კრეატიული ინდუსტრია საქართველოში დროთა განმავლობაში?
დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობებია და ვფიქრობ, იდეალური გარემოა იმისთვის, რომ შევქნათ და ვაკეთოთ უფრო მეტი საინტერესო პროექტი. შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსი რეალურად ძალიან დიდია საქართველოში, მთავარია მისი სწორად გამოყენება ვისწავლოთ.
რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდებს, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს კრეატიულ ინდუსტრიაში?
ჩემი რჩევაა იკითხონ უფრო მეტი, რადგან კითხვისას არა გამზადებული კონცეფციები, არამედ მათი ნააზრევი ერთგვარ კადრებად და ვიზუალებად ილექება. რაც მთავარია, თუ სჯერათ საკუთარი იდეების, არ უნდა გაჩერდნენ, რადგან ყველაფერი შესაძლებელია, თუკი მოვინდომებთ. პირველად, როდესაც Touch-ის ღონისძიებას ვგეგმავდით, თითქოს პესიმისტური დამოკიდებულებები იგრძნობოდა გარშემო მყოფებისგან, თუმცა დღეს უამრავი ადამიანი მეხმიანება და მეკითხება, როგორ შეიძლება ამ კონფერენციაზე დასწრება.
რა გხიბლავს ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?
შემოქმედებითი აზროვნება.
სამომავლო გეგმები…
გეგმები - ნაკლებად, უფრო სურვილები მაქვს ხოლმე. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ წავიდე სადმე სხვაგან, რომ იქ მოვყვე, როგორი საინტერესო ამბები ხდება აქ. ჩემი და Touch-ის მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი მასშტაბური პლატფორმა, რომელიც აქაურ შემოქმედებით რესურსს მთელ მსოფლიოს მიაწვდის.
დაწერე კომენტარი