კინეტიკური ქანდაკებები განსხვავებული, უცხო და გამორჩეული ნამუშევრებია, რომლებიც მძაფრ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს აღძრავს, ხან კი სიმშვიდისა და უშფოთველობის მომგვრელია.
კინეტიკური სკულპტურები მოძრაობს -ან აქვს მოძრავი ნაწილები - ძრავას ან ბუნების ძალის, ქარის ენერგიით. მე-20 საუკუნეში კინეტიკა, როგორც მოძრაობა, ქანდაკების მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა.
პირველი ასეთი სკულპტურა „მობილი“ იყო. ეს სახელი მარსელ დიუშანმა 1932 წელს პარიზის გამოფენაზე ალექსანდრ კალდერის ნამუშევრებს უწოდა. კალდერის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი ფერადი სფეროები იყო, რომლებიც ძრავათი ზემოთ და ქვემოთ სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობდა. მბრუნავი ნაწილები, მუდმივად ცვალებადი ფორმებით, ახალ ვიზუალურ გამოცდილებას ქმნიდა.
კინეტიკური მოქანდაკეების მიზანია, რომ მოძრაობა ნამუშევრის შემადგენელი ნაწილი იყოს, და არა ის, რომ უბრალოდ სტატიკური ფიგურები აამოძრაონ. როდესაც სკულპტურების შემადგენელ ნაწილებად სითხეს ან აირს იყენებენ, ფორმები და ნამუშევრის განზომილებები მუდმივად ტრანსფორმირდება.
თავისი ქანდაკებების დასამზადებლად ენტონი ჰოუი, ძირითადად, მეტალს იყენებს, ენერგიის წყაროდ კი - ქარს. მისი ნამუშევრების დიზაინის შექმნაში დიდ როლს კომპიუტერი ასრულებს, რადგან ის ჩანახატის გაცოცხლებისა და ნახევრად სამგანზომილებიან სივრცეში დანახვის საშუალებას აძლევს. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ნაწილების დამზადების შემდეგ, ხელით მუშაობას იწყებს და საქმეში მისი ინტუიცია და არაცნობიერი ერთვება; შექმნის პროცესში სხეულის ჩართულობა ხედვას უფრო შემოქმედებითს და მრავალფეროვანს ხდის.
ჰოუიმ კინეტიკურ სკულპტურებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გარშემო ყველაფერი სტატიკურის დანახვა მოსწყინდა. მას უნდოდა, რომ მოძრავი საგნები დაენახა.
ჰოუის სურს, ადამიანები იძულებული გახადოს, რომ „რაც უნდა ჰქონდეთ გონებაში, შეაჩერონ ნებისმიერი ფიქრის პროცესი და მხოლოდ ერთი წუთით განსხვავებული რეალობა განიცადონ“ - სწორედ ესაა მიზანი, რომლის მიღწევასაც თავისი ნამუშევრებით ცდილობს.
2019 წელს ენტონი ჰოუის სკულპტურა - „Omniverse“ პარიზის მოდის კვირეულზეც გამოჩნდა, დანიელი დიზაინერის კოლექციის ჩვენებაზე, სახელწოდებით - „ჰიპნოზი.“
ქანდაკებით ილუზიის შექმნას ახერხებს ჯულიან ვოს-ანდრეა, რომელიც სკულპტურის გაქრობის ილუზიით შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. გერმანელ მოქანდაკეს სამეცნიერო მიგნებები ბუნებაში ქანდაკების გზით გადმოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქანდაკებები არ მოძრაობს, მნახველის ხედვის კუთხის შეცვლით ისინი უჩინარდება. ანდრეას შთაგონების შეუჩერებელი წყარო კვანტური ფიზიკის ამოუხსნელი საიდუმლოებებია.
მოძრავი ქანდაკებების თვალსაჩინო ნიმუშია „K on Sun“, რომელიც ჩეხმა ხელოვანმა, დევიდ ჩერნიმ შექმნა. ნამუშევარი ფრანც კაფკას თავის ერთგვარი ბიუსტია, რომელიც მუდმივად მოძრაობს და იცვლება. ის პრაღაში იმ შენობის გვერდით დგას, სადაც კაფკა მდივნად მუშაობდა. კაფკასადმი მიძღვნილი სკულპტურა მნახველში ისეთივე ბუნდოვან, ცვალებად და გაურკვეველ განწყობას ტოვებს, როგორც თავად ფრანც კაფკას შემოქმედება და მისი წერის სტილი.
„კინეტიკური წვიმა“ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომლის ნახვაც სინგაპურში, ჩანგის აეროპორტშია შესაძლებელი. ბრინჯაოსგან დამზადებული 1000 წვიმის წვეთი სინქრონულად მოძრაობს და ესთეტიკურ მოძრავ სურათს ქმნის. ინსტალაცია 2012 წლის ივლისში დაამონტაჟეს და მის შექმნაზე გერმანული კომპანიის, „Art+Com“-ის ხელოვანებმა, ანიმატორებმა და პროგრამისტებმა იმუშავეს.
მოძრავი სკულპტურების ნახვისას, მათთან დიდხანს გაჩერება და მათი დაკვირვება გვინდება, ზოგ შემთხვევაში, გონების დაცარიელება და მხოლოდ უცნაური, განმეორებადი და მშვენიერი ფორმების ყურება, მათი ესთეტიკით ტკბობა და თუნდაც მცირე ხნით ილუზიების სამყაროში მოგზაურობა.
დაწერე კომენტარი