მარსელ დუშანი დადასა და სიურრეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია და მიიჩნევა კონცეპტუალური ხელოვნების მამამთავრად, შეუფასებელია მისი გავლენა XX-XI საუკუნის ხელოვნებაზე. ის რეალობას იდეების შესაბამისად იყენებდა და ჩვეულებრივისგან ქმნიდა არაჩვეულებრივს, - „ნახატი უკვე აღარაა მისაღებ ოთახში ჩამოსაკიდი დეკორაცია. ჩვენ სხვა ნივთებს მოვუძებნეთ დეკორაციის ფუნქცია“. ყოფითი საგნებისთვის დანიშნულების შეცვლა, არა როგორც გაცვეთილი ტენდენცია, არამედ ხელოვნების დაუწერელი კანონების რღვევა მარსელ დუშანის შემოქმედების ლაიტმოტივად იქცა და განსაზღვრა მისი ადგილი მსოფლიო კულტურაში.



ანრი რობერტ მარსელ დუშანი დაიბადა საფრანგეთში, 1887 წლის 2 ოქტომბერს. მისი ბაბუა - ემილ ფრედერიკ ნიკოლი მხატვარი იყო და მთელი ოჯახი აზიარა ხელოვნებისა და მუსიკის მშვენიერებას. ევგენი და ლუსი დუშანების შვიდი შვილიდან ოთხმა საკუთარი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირა ხელოვნებას და ისინი წარმატებული მხატვრები გახდნენ.  



დუშანი სკოლაში არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა კარგად იცოდა მათემატიკა და 1903 წელს ორი სასკოლო პრიზი მოიგო ამ საგანში. იმავე წელს გაიმარჯვა სამხატვრო კონკურსში, ხოლო 1904 წელს მიღებულმა პირველმა პრემიამ უდიდესი ბიძგი მისცა ხელოვანს და მან საბოლოოდ გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი. რეალური მასწავლებელი ამ სფეროში იყო მისივე ძმა - ჟაკ ვილონი, რომლის ორიგინალური სტილიც შთააგონებდა მოზარდ დუშანს. 1909 წელს მისი სურათები წარმოდგენილი იყო შემოდგომის სალონში, სადაც ისინი გიიომ აპოლინერმა შეამჩნია. 




1917 წელს ნიუ-იორკში წარმოადგინა ეგრეთ წოდებული „Readymades” - ყოველდღიური გამოყენების საგნები შეცვლილი ვიზუალითა და ფუნქციებით. დუშანი პატივს სცემდა ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ნივთებს, რომლებიც, რეალურად, დიდად განაპირობებენ ადამიანის, როგორც ნამდვილი პერსონაჟის ბუნებას. ის დასცინოდა ხელოვნების კანონებს და მიიჩნევდა, რომ ყოფითი საგნები ხელოვნების ნიმუშები ხდებიან თავად ხელოვანის სურვილით, წარწერითა და ბოლოს - საგამოფენო სივრცეში განთავსებით.



„სავარცხელი“ ხელოვანის ერთ-ერთი ნამუშევარია „მზა მასალების“ სერიიდან. სხვა ნივთებისგან განსხვავებით „სავარცხელს“ განსაკუთრებული ადგილი ეკავა ხელოვანის გულში - მისი დანიშნულების გამო „სავარცხელი“ არასდროს მოუპარავთ: როდესაც 1916 წელს ნიუ-იორკის ბურჟუაზიულ გალერეაში სამი „მზა მასალა“ განათავსეს, დუშანმა დაჟინებით მოითხოვა, რომ „სავარცხელი“ ყველანაირი ცერემონიულობისა და წარწერის გარეშე დაეკიდათ საკიდზე, შესასვლელში, სადაც ვერც ერთმა დამთვალიერებელმა ის ვერ შენიშნა.  



გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1917 წელს ნიუ-იორკში დუშანმა  დამოუკიდებელი მხატვრების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენაზე შესასვლელად თანხა გადაიხადა. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ისინი გამოფენდნენ ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმს, თუკი  ავტორი გამოფენაზე შესასვლელ თანხას გადაიხდიდა, თუმცა მათ არ წარადგინეს დუშანის მიერ გაგზავნილი „შადრევანი“, რომელიც, სინამდვილეში იყო ამობრუნებული პისუარი, ხელმოწერილი  „R Mutt“ ფსევდონიმით. „შადრევანი“ გახდა დუშანის მხატვრული გატაცების სიმბოლო. ნამუშევართან დაკავშირებული ინციდენტი ხელოვანმა თავისავე სასიკეთოდ გამოიყენა და გაასაჯაროვა - გაზეთში განაცხადა, რომ შადრევანი არა მან, არამედ მისმა მეგობარმა ქალმა გაგზავნა. 



ფოტოგრაფი ალბერტ შტიგლიცი, რომელიც თანამშრომლობდა დუშანთან, აღნიშნავდა: „პისუარის ფოტოსურათი ნამდვილად საოცრებაა. ყველას, ვისაც კი ნამუშევარი უნახავს, ფიქრობს, რომ ნივთი მშვენიერია, და ეს სწორიცაა“. დუშანს არ მოსწონდა საგნისადმი ემოციური დამოკიდებულების კონცეფცია, ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ინდიფერენტულები მათ მიმართ, სანამ ნივთები კონკრეტულ დატვირთვას შეიძენდნენ. 

„მაშინ, როცა ლიტერატურული დადა ოპოზიციაში იყო, რადგანაც უპირისპირდებოდა რაღაცას, იმის კუდად იქცა, რასაც უპირისპირდებოდა პიკაბია და მე კი ვცდილობდი, სრული ინგორირებითა და ინდიფერენტულობით იმის მიმართ, რაც გაკეთდა ხელოვნებაში ჩვენამდე, გაგვეხსნა იუმორის კარი; გზა, რომელიც ვერ მოექცეოდა სიზმრის სამყაროში და ამრიგად ვერც სიურრეალიზმში“, - ფრანცის პიკაბია დუშანის შემოქმედებითი თანამგზავრი და თანამოაზრე იყო ადრეული წლებიდანვე, ისინი ერთად გაემგზავრნენ ამერიკაში და განუდგნენ პარიზული ავანგარდის ჩარჩოებს. ნიუ-იორკში პიკაბიასა და დუშანს უერთდება მან რეიც. ამერიკაში ტრიო ნიუიორკული დადაიზმის ერთგვარი ექსპრესიას წარმოადგენდა, რომელიც მალევე დაიშალა - დუშანი და რეი საფრანგეთში გაემგზავრნენ, პიკაბია - ესპანეთში.




Bicycle Wheel (1913) - „ველოსიპედის ბორბალი“ ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია “Readymades-ის“ სერიიდან. დუშანმა ორი უბრალო, ძველი საგანი შეცვალა და ამგვარად გახადა ხელოვნების ნიმუში, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ გადაწყვიტა ასე. ერთხელ, მარსელ დუშანმა შენიშნა: „ტექნიკის სწავლა შეიძლება, თუმცა ორიგინალური აზროვნების - არა“. ამ იდეითაა შთაგონებული მისი ყველა ნამუშევარი, განსაკუთრებით - „ველოსიპედის ბორბალი“. ამ ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მხატვრული ჟესტის შედეგებს დღესაც აქვს გავლენა ხელოვნებაში. დუშანზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მაიკლ ტეილორი ამბობს: „თქვენ ახლა ველოსიპედის ბორბალს ხედავთ და ეს ხედვა აღწევს არა მხოლოდ თქვენს თვალებში, არამედ 4 სანტიმეტრით ზევით - ტვინში, სადაც გებადებათ შეკითხვა: რა უნდა ველოსიპედის ბორბალს სკამზე?“ მართლაც, რა ესაქმება ველოსიპედის ბორბალს სკამზე?..



T um ’ (1918) - ავტობიოგრაფიასა და საღებავში თვითდაწვას ჰგავს. ის წიგნების თაროს თავზე ჩამოსაკიდად იყო გამიზნული, სწორედ ამით აიხსნება მისი ფორმა. ნახატში მარსელ დუშანმა ყურადღება გაამახვილა საკუთარ წარსულსა და შემოქმედებაზე: მარცხენა მხარეს ვხედავთ „ქუდის საკიდის“ , მარჯვნივ კი - ველოსიპედის ბორბლის ჩრდილს. ნამუშევრის საუკეთესო ელემენტია ნახატის მარჯვენა ნაწილში განთავსებული შავი ფორმა: ბოთლის ჯაგრისი, რომელიც ტილოდან გამოდის და საკუთარი თავის ჩრდილს ქმნის. T um ’ - ფრანგული ფრაზის შემოკლებული ალუზიაა და შემდეგი მნიშვნელობა აქვს: „თავს მაბეზრებ“.


 

L.H.O.O.Q. (1919) მარსელ დუშანის კიდევ ერთი სარკასტული ნამუშევარია - საფოსტო ბარათზე გამოსახულია ისტორიული „მონა ლიზა“ ულვაშებით. ორივე სქესის ნაზავი მის შემოქმედებაში სიახლე არ იყო, თუ გავიხსენებთ დუშანისავე ფსევდონიმს ქალის სახელით - Rrose Sélavy, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ეროს, ესაა სიცოცხლე”. ნამუშევარზე მკრთალად წაწერილ სათაურს - L.H.O.O.Q. ფრანგული დეკლარაციის ჟღერადობა აქვს და განიმარტება, როგორც: „მას სექსუალური უკანალი აქვს“.



Étant donnés: 1. La chute d’eau, 2. Le gaz d’éclairage (1946–66) - ხელოვანის გარდაცვალებამდე არავინ იცოდა, რომ დუშანი 20 წელი მუშაობდა ინსტალაციაზე Étant donnés, რომელიც ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ნაწარმოების ხილვა ორი პატარა ხვრელის საშუალებითაა შესაძლებელი: მინიატიურული ხეების ერთობლიობა ქმნის პატარა ტყეს, ანათებს გაზის ნათურა, ცენტრში კი წარმოდგენილია შიშველი ქალის სხეული, რომელიც მოგვაგონებს გუსტავ კურბეს ისტორიულ ნახატს - „სამყაროს წარმოშობა“.  

მარსელ დუშანის ნოვატორულმა ხედვამ ნივთების  აღქმის ახლებური, განსხვავებული კულტურა შექმნა და საკუთარი შემოქმედებითი გზა გაიარა ფოვიტებისა და სეზანის ხელოვნებიდან ანალიტიკურ კუბიზმამდე და ფუტურისტულ დინამიზმამდე.