მოგვიყევი შენს ბავშვობაზე

ძალიან ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, მაგრამ მგონია, რომ სადღაც ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და სულ ასე ვიქნები ალბათ. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც იზრდება, ვითარდება, მაგრამ ბავშვურ სილაღეს არ კარგავს. ჩემი სურვილია შევინარჩუნო ეს, სადამდეც შევძლებ. 




მოგვიყევი შენს ყოველდღიურობაზე…

გააჩნია პერიოდს. თუ გადაღებები მაქვს, არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. თუ სახლში ვარ და ვისვენებ, ვიწყებ ჩემთვის რაღაც ახალზე მუშაობას. დილას ადრე ვიღვიძებ და მთელი დღე შემიძლია ვიჯდე სამუშაო მაგიდასთან და  დრო დავუთმო მხოლოდ ერთ პატარა ნამუშევარს. ძალიან მიყვარს და მამშვიდებს სახლში ყოფნა. მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს გადაღებების პროცესი და ვინც  ამ სფეროში მუშაობს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან რთულია ამ ადრენალინის გარეშე დიდხანს ცხოვრება. 




რამ განაპირობა შენი კინოთი დაინტერესება?


შემთხვევით მოვხვდი კინოში. და სიმართლე რომ ვთქვა, თინეიჯერობის ასაკში დავიწყე ყურება, მანამდეც, რა თქმა უნდა, ვუყურებდი, მაგრამ ასეთი ინტერესი არ მქონია და თან ვერც ვიგებდი რაღაცებს, შესაბამისად ნაკლებად მაინტერესებდა. 

 


რომელმა რეჟისორმა იქონია შენზე ყველაზე დიდი გავლენა?

 

ძალიან ბევრმა. ამიტომ არ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთმა ნამუშევარმა განსაკუთრებით - Joachim trier-ის oslo august 31-მა.

რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კინოგმირი?

ალბათ Chritiane F. და Edward Scissorhands.

 
რომელი როლი იყო შენთვის ყველაზე ძვირფასი?

განსაკუთრებულად ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, ყველას სხვადასხვა გამოცდილება მოჰყვება და შესაბამისად ვერც შევადარებ.

 



რეჟისორი - რომელთანაც იმუშავებდი და რატომ? 

ჩემი დიდი ოცნებაა Michel gondry-სთან მუშაობა. არ მეგონა, ოდესმე თუ შეიძლებოდა ბორის ვიანის ეკრანიზაცია. მაინტერესებს, ამ ადამიანის თავში რა ხდება.  




როგორია შენი სამუშაო პროცესი? როგორ ქმნი პერსონაჟს? 

 

ძალიან მიყვარს როლზე მუშაობის  პროცესი, თუმცა რაღაც მომენტებში ხანდახან ინტერესსაც ვკარგავ, თუ არ მაქვს რაღაც გარკვეული თავისუფლება და  შეზღუდული ვარ. დამკვირვებელი უფრო ვარ და მომწონს, თუ ცოცხალი ადამიანის რეფერენსს ვპოულობ. სცენარის კითხვა ბევჯერ არ მიყვარს, ძალიან  მზღუდავს, მაგრამ თემის გარშემო, რა თქმა უნდა,  ვფიქრობ, პროცესი სხვაგვარად საინტერესო არაა.  

ასევე ხარ მხატვარი, როდის დაიწყე ხატვა..


რაც  ჩემი თავი მახსოვს, სულ ვხატავ. 


 

რა განსხვავებაა შემოქმედებით პროცესში, როდესაც ხატავ vs როდესაც თამაშობ? ერთ და იგივე რამეს ემსახურება ეს ორი პროცესი? 

 

აბსოლუტურად სხვადასხვა პროცესია. არ მესმის, როგორ შეიძლება შედარება. ერთადერთი, რაც  საერთო აქვთ, პროცესია, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენიც. და, რა თქმა უნდა, ემსახურება პროცესისგან სიამოვნების მიღებას. 

ერთი ფილმის ყურება, ერთი წიგნის წაკითხვა ან სიმღერის მოსმენა რომ შეგეძლოს ცხოვრების ბოლომდე, რას აირჩევდი? 

არც ერთს. მიყვარს სიახლეები,   უფრო სწორად, დამოკიდებული ვარ.



სამომავლო გეგმები…

შემდეგ წელს ვგეგმავ ჩემი ნამუშევრების გამოფენას. რაც შეეხება  კინოს,  ვფიქრობ დიდ პროექტებზე, ოღონდ  გამხელას ჯერ ვერ შევძლებ, მაგრამ  “გეგმა” როგორც ასეთი - არასდროს არ მაქვს.