მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა ’’Comfort Zone’’, რომელშიც მოქმედება თბილისში მიმდინარეობს, Fashion Film Festival Milano-ს კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატიული ნამუშევრის კატეგორიაში გაიმარჯვა. საუკეთესო ფილმების დაჯილდოების ცერემონიალი 19 იანვარს გაიმართა.
კინორეჟისორ ჯორდან ბლეიდის ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც სულ 7 წუთი გრძელდება, მთავარ როლს ქართველი მსახიობი და პერფორმერი მათე ხიდაშელი, იგივე Matt Shally ასრულებს. ამ ვიდეოპროექტში მათე დაუფარავად საუბრობს იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რასთანაც ქვიარ საზოგადოებას საქართველოში ყოველდღიურად უწევს გამკლავება. ფილმის მთავარ მიზანს სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის მსხვრევა და დრეგ კულტურის წინ წამოწევა წარმოადგენს. ფილმი ასევე ვიზუალური და ესთეტიკური მიმართულებითაც გამოირჩევა. მსახიობის ორიგინალური კოსტიუმები დიზაინერ ლევან შველიძეს ეკუთვნის.
Fashion Film Festival Milano-ს კინოფესტივალზე გამარჯვების გარდა “Comfort Zone-მა“ სხვა საერთაშორისო ჯილდოებიც მოიპოვა. კერძოდ, გაიმარჯვა ბერლინის Commercial Awards-ზე Best Personal Work/Unscripted კატეგორიაში. ფილმი ასევე მოხვდა შემდეგ დაჯილდოებებზე: London Fashion Film Awards 2020, Aesthetica Film Festival 2020 და Here Kiev Short Fest 2020.
ფილმს “Comfort Zone” სრულიად სპონტანურად დაერქვა. მსახიობი მათე ხიდაშელი Hammock magazine-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ იგი ამ ფრაზას (comfort zone) საკუთარი კომფორტული მდგომარეობის გამოსახატავად ხშირად იყენებს და ამ სახელწოდების შერჩევა რეჟისორს სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ შთააგონა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ფრაზა არაერთგვაროვანი დატვირთვის მატარებელი იყო.
Fashion Film Festival Milano-ს ძირითად მიზანს წარმოადგენს ნიჭიერი კინემატოგრაფების ვიდეოპროექტები გააცნოს მსოფლიოს. აღნიშნული ვიდეოპროექტები მოკლემეტრაჟიანი ვიდეოებია, რომლებიც ძირითადად მოდაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკასა და ესთეტიკაზეა ფოკუსირებული. მილანის მოდის ეს სახლი, რომელიც კომერციული მიზნებისაგან შორს დგას, ციფრულ სამყაროში ახალი საკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც მოდას იყენებს იმისათვის, რომ გამოხატოს საკუთარი თავი.
დაწერე კომენტარი