თეა მაქაცარიას და მისი მეუღლის მიერ შექმნილი ბრენდი - Me and Elvis 50-იანი წლების მოძველებულ ავეჯს რესტავრაციას უტარებს და თანამედროვე იერსახეს ანიჭებს. დღეს უკვე დაზიანებული და ხმარებიდან ამოღებული ავეჯი თანამედროვე რეალობაში შეცვლილი ფერებით და იერსახით ტრანსფორმირდება, თუმცა მისი პირვანდელი ხასიათი და გეომეტრიული ფორმები, ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე, კვლავაც ავთენტურად რჩება. Me and Elvis-ის დამფუძნებლები თეა მაქაცარია და მისი მეუღლე - ელვისი არიან, რომლებიც თავიანთი ბრენდისა და მათი უნიკალური ავეჯის შესახებ Hammock Magazine-ს ვრცლად ესაუბრნენ.
თეა, პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა თქვენი ბრენდის დაარსების იდეა და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც Me and Elvis-ს ქმნიან?
Me - ანუ მე ვარ, თეა მაქაცარია, Elvis ჩემი დიდი ხნის მეგობარი, მეუღლე და საქმიანი პარტნიორია. ერთად კი ჩვენ Me and Elvis ვართ. ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც პირველად საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინის შექმნა დავიწყე, შემდეგ ამ მიმართულებით გაჩნდა შეკვეთებიც. 2014 წელს ჩემს ორ მეგობართან ერთად დავაარსე ავეჯის სახელოსნო Baum, რომელმაც 4 წელი იარსება და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი და ნივთი დატოვა.
გვესაუბრეთ სამუშაო პროცესის შესახებ, ვიცით, რომ 50-60-იანი წლების რარიტეტულ ავეჯს რესტავრაციას უტარებთ, სად და როგორ ხდება სარეტავრაციო ავეჯის მოძიება და რა ეტაპებს გადის ნივთი, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს?
Elvis მრავალი წელი მუშაობდა მოტოციკლეტების რესტავრაციაზე. 2018 წელს გადავწყვიტეთ, ერთად შეგვექმნა ახალი ხაზი და ასე გაჩნდა Me and Elvis. ავეჯი, რომელზეც ვმუშაობთ, 50-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია დამზადებული. ამგვარმა ავეჯმა თითქმის ამოწურა თავისი პირვანდელი სახით არსებობა. ჩვენ ვპოულობთ დაზიანებულ მდგომარეობაში, რესტავრაციას ვუტარებთ, ვაცოცხლებთ, ვუცვლით ფერსა და იერსახეს, ამავდროულად, ვუნარჩუნებთ ავთენტურ უნიკალურ ფორმებს, ხაზების გეომეტრიას და ხასიათს. საბოლოოდ, როცა უმზერ და მოიხმარ, ხვდები, რომ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ეს მყარი და გამძლე ავეჯი არის ის, რაც ადრეც გინახავს, ოღონდ შეცვლილი და დღევანდელობაზეა მორგებული. სწორედ ამის გამო იწვევს ნდობას.
როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილსა და ესთეტიკას, რით არის განსაკუთრებული თქვენი დიზაინით რესტავრირებული ავეჯი?
ჩვენ ავეჯს არ ვამზადებთ სერიულად, თითოეული ნივთი უნიკალურია და მის დამზადებას დიდი დრო და რესურსები სჭირდება.
როგორ გესახებათ უახლოესი სამომავლო გეგმები ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით, ამჟამად სად შეუძლია დაინტერესებულ მომხმარებელს თქვენი ავეჯის შეძენა?
სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ავეჯის სრული ფუნქციური გარდასახვა-ტრანსფორმაცია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მუშაობის პროცესს. ამჟამად ჩვენი ავეჯი Me and Elvis-ის Facebook-ის გვერდზეა ხელმისაწვდომი, სწორედ აქ შეუძლიათ მომხმარებლებს მათი შეძენა.
დაწერე კომენტარი