კინემატოგრაფიას, ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით, ერთი უპირატესობა გააჩნია, კინოში არაფერია შეუძლებელი და ნებისმიერი რამ შეიძლება გამოხატვის ფორმად იქცეს. იქნება ეს მუსიკა, კოსტიუმები, ინტერიერი, თუ კონკრეტული ნივთი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ყველაზე საინტერესოა, როდესაც რეჟისორი თხრობის ძირითად ელემენტად ქალაქს აქცევს. ფილმის ყურებისას ალბათ ყველას გაგვჩენია შეგრძნება, რომ ქალაქი, სადაც მოქმედება ხდება, უბრალოდ ფონი არ არის და ის ერთგვარი პერსონაჟია.
Annie Hall (1977) - ნიუ-იორკი
ერთ-ერთი რეჟისორი, რომელიც ხშირად იყენებს ამ მეთოდს, ვუდი ალენია. ვუდი ალენს უყვარს ფილმებში ქალაქის გაპიროვნება, მის თითქმის ყველა ნამუშევარში იგრძნობა იმ ქალაქის მუხტი, სადაც მოქმედება ხდება, თუმცა ყველაზე საინტერესო “ენი ჰოლია”. მოქმედება ორ ქალაქში - ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ხდება. ქალაქების ცვლილებასთან ერთად, იცვლება ფილმის ფერები და მუსიკა. ფილმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიუ-იორკის გავლენა, ქალაქი მთავარი გმირების შთაგონების წყაროა, ნიუ-იორკი არის ის ძირითადი საფუძველი, რაზეც ფილმის თხრობაა დამყარებული. ვუდი ალენი გვიჩვენებს როგორია ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება ამ ქალაქში, ის არ მალავს ქალაქის სტრესულ, დაძაბულ გარემოს, თუმცა ამასთანავე გვიხსნის, თუ რატომ უყვარს ნიუ-იორკი, რომელიც ამერიკის კულტურული ცენტრია და რეჟისორისა და მთავარი გმირისთვის ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ადგილია სამყაროში.
Lost in Translation (2003) - ტოკიო
რომ არა ტოკიო, სოფია კოპოლას “თარგმანში დაკარგული” არ შეიქმნებოდა. ქალაქის არაადამიანური ტემპი, ნეონის განათებები და უცხო კულტურა ფილმის ყველაზე მშვიდ მომენტებშიც იგრძნობა, მთავარი გმირების დაახლოების მიზეზი კი - ქალაქის რეალობასთან გაუცხოებაა. ფილმის ყველაზე საინტერესო სცენები ქუჩაში ვითარდება, როდესაც პერსონაჟები ღამის ტოკიოში მიდი-მოდიან, გარშემო კი ყველაფერი კარუსელივით ტრიალებს და ქალაქი ყოველ ნაბიჯზე მომხმარებელზე გათვლილ ახალ ატრაქციონს სთავაზობს მათ. “თარგმანში დაკარგული” არ გვიჩვენებს ავთენტურ, იაპონურ ტოკიოს, ჩვენ მას უცხოელის თვალით ვხედავთ და საოცრად რეალურად ვგრძნობთ იმ გარემოს, რასაც ტოკიო ტურისტებისთვის ქმნის.
A Bout de Souffle (1960) - პარიზი
ჟან-ლუკ გოდარის “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” კინოხელოვნებისთვის ძალიან ნაცნობ ისტორიას გვიყვება, დამნაშავე მართლმსაჯულებას გაურბის და ამასთანავე რომანტიკულ თავგადასავალში ეხვევა. ისტორია ახალგაზრდა წყვილის გარშემო ვითარდება, თუმცა, გარდა ორი მთავარი გმირისა, ჰყავს მესამეც - პარიზი. ძირითადად მოქმედება ქუჩებში მიმდინარეობს, ჟან-პოლ ბელმონდოსა და ჯინ სიბერგის გმირები კი ძალიან ბუნებრივად ერწყმიან ქალაქის პეიზაჟს. ფილმი იდეალურად ასახავს 1968 წლის მაისის რევოლუციამდელ პერიოდს, პარიზისა და ფრანგი ახალგაზრდების განწყობას და იმ ბრაზს, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ პროტესტის ტალღა გამოიწვია.
Wings of Desire (1987) - ბერლინი
ვიმ ვენდერსის რომანტიკული ფენტეზი ორად გაყოფილ ბერლინში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება. მთავარ პერსონაჟებს ანგელოზები წარმოადგენენ, რომლებიც ქალაქს ციდან აკვირდებიან. ვიმ ვენდერსისთვის ფილმის გადაღებისას შთაგონების წყაროდ დასავლეთ ბერლინში, კედელსა და ქანდაკებაზე ხშირად გამოხატული ანგელოზები იქცა. ფილმში ძალიან ბუნებრივადაა გადმოცემული ბერლინის დინამიკა და ქალაქის მცხოვრებლების ცხოვრება ერთბაშად შეცვლილ ქალაქში, განსაკუთრებით ემოციურია სცენა, როდესაც კაცი ნანგრევებში ცდილობს პოტსდამერ პლაცის ამოცნობას. “Wings of Desire” ბერლინის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.
Don’t Look Now (1973) - ვენეცია
ნიკოლას როუგის “არ გამოიხედო” საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, ფილმი ცოლ-ქმრის ისტორიას გვიყვება, რომლებიც ტრაგედიის გადატანის შემდეგ ვენეციაში მიემგზავრებიან. თუ სოფია კოპოლა “თარგმანში დაკარგული” ტოკიოს ტურისტულ ვარიანტს წარმოგვიდგენს, ნიკოლას როუგი ფილმში ვენეციის მტკივნეულად რეალურ სახეს გვიჩვენებს. ნესტი, თხელი, ხშირად ყრუ კედლებით დასრულებული ქუჩები, არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც დანგრევის პირასაა მისული და ჩაძირვისთვის განწირული ქალაქის კლაუსტროფობიული გარემო ფილმის მთავარი ღერძია. ყველაფერი, რაც ფილმში გვაშინებს, სწორედ ამ ქალაქის აგონიურ, შემზარავ აურასთანაა დაკავშირებული.
დაწერე კომენტარი