რას არ შევხვდებით მის ნამუშევრებზე: ქალებს, რომლებიც ხან ჰაერში ლივლივებენ, ხან ცისფერი კაბითა და მკვდარი ჩიტით  ხელში დგანან,  ყუთებს მაიმუნებისთვის თუ ქარხანას, რომელიც იწვის... დევიდ ლინჩი იმ რეჟისორთა რიგებშია, რომელთა შემოქმედებაშიც კინემატოგრაფიასა და მხატვრობას შორის ზღვარი წაშლილია.  ის საზოგადოებას არ მხოლოდ მისტიკური და ამოუცნობი ესთეტიკის მქონე სიურრეალისტური ფილმებით, არამედ სწორედ ასეთივე მხატვრობითაც აოცებს. ლინჩი ადამიანურ გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურობის მიღმაა დაგროვილი და გრძნობებს, რომლის ზედაპირზე ამოტივტივებასაც იშვიათად ვცდილობთ, მრავალი წელია ქაღალდზე იდუმალების ენით ასახავს.




1960-იან წლებში დევიდ ლინჩი პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, იქ, სადაც ათწლეულების შემდეგ - 2015 წელს - მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა. დევიდ ლინჩის ხელოვნება შთაგონებულია როგორც ფრენსის ბეკონით, ასევე ფრანც კაფკას შემოქმედებითაც. მაგალითად, ლინჩის 2018 წელს შექმნილი ნამუშევრის, სახელწოდებით „მე ვიყავი თინეიჯერი მწერი“,  ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ნახატზე ფრანც კაფკას მოთხრობის, „მეტამორფოზას“ აშკარა გავლენა იგრძნობა. ნახატი, ისევე როგორც ლინჩის სხვა ნამუშევართა ძირითადი ნაწილი,  შერეული, სხვადასხვა მასალითაა შექმნილი და ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაზას ასახავს, რომელსაც ავტორი საკმაოდ თვითკრიტიკულად აღიქვამდა. ნახატზე დაკვირვებისას ლინჩის ეს დამოკიდებულება ნათელია, ვინაიდან ვხედავთ, რომ გამოყენებული მასალის ამგვარი კომბინაციით ავტორი  ამ ასაკის თანამდევ წინააღმდეგობებს წარმოაჩენს. გამოყენებული ყვითელი და შავი ფერების ქაოსურობით, რომელიც როგორც ფიგურას, ასევე ნახატზე წარწერასაც ფარავს, ის თითქოს სიბინძურის ვიზუალიზაციას ახდენს.




ამ ნამუშევრის მსგავსად ლინჩის მხატვრობის მახასიათებელი გაკრული, ბავშვის მიერ შესრულებული ნახაზების მსგავსი ხელწერაა, რომელიც ხშირად ღამის კოშმარებსა თუ ავბედით ამბებს გვახსენებს. საინტერესოა, რომ მის ყოველ ნახატზე ვხვდებით გარკვეულ წარწერას, რომლის მიუხედავადაც ხშირად ნამუშევარს შესაძლოა სათაური არ ჰქონდეს. რაც შეეხება წარწერებს, გაურკვეველ ფიგურებთან ერთად ისინიც უცნაური ფორმის ასოებითაა გამოსახული - ყოველ სიტყვას თავისი მაგია აქვს.





„Naming” -  ლოს-ანჯელესში 2014 წელს ჩატარებული დევიდ ლინჩის ერთ-ერთი გამოფენაა, რომლის კურატორიც ბრეტ ლიტმენი გახლდათ. ლიტმენი დაინტერესებული სწორედ რომ ლინჩის ნამუშევრებზე გამოსახული ფიგურებსა და ტექსტს შორის კავშირით იყო. კურატორმა ხელოვანის 61 ნამუშევარი გააერთიანა, რომლებიც  დროის სხვადასხვა პერიოდსა თუ სხვადასხვა მასალით იყო შესრულებული. როგორც აღმოჩნდა, ლინჩი სიტყვების ძალას სხვადასხვანაირად იყენებდა. მის მიერ გამოყვანილი ასოები ფიგურათა გარშემო ტივტივებენ ხოლმე. ლიტმენის აზრით, ხშირად გამოყენებულ სიტყვებსა თუ ფრაზებს არა ფიგურათა შინაარსის აღწერის, არამედ სრულიად განსხვავებულ იდეათა ექსპრესიის დანიშნულება ჰქონდათ. „ლინჩისათვის ნახატზე გამოსახული ჭიანჭველის ფიგურა და ამავე სიბრტყეზე დაწერილი სიტყვა „მწერი“ არასდროსაა თანასწორი დ
ურთიერთაღმწერი, - ამბობდა ლიტმენი.



დევიდ ლინჩის მხატვრობა ასევე  ცხოველებისა და ადამიანთა უცნაური კომბინაციებითაც გამოირჩევა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მისი ნამუშევარი „The Thoughts of Mr. Bee-Man“. როგორც ლინჩი ამბობს, ის ძალიანაა მოხიბლული ადამიანისა და ცხოველების ამგვარი შერწყმით - „მე მომწონს ძაღლები ადამიანის თავით, ადამიანს თავითვე დამიხატავს ცხვარიც“.




დევიდ ლინჩისათვის ხატვა ყოველდღიურობის ნაწილია. ხშირად ლინჩი იმ სტუდიაშია დაკავებული ტრანსცენდენტული მედიტაციის პრაქტიკით, სადაც ნამუშევრებს ქმნის, რაც მის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს. „ამგვარად იდეები უფრო მარტივად მომდის თავში და მუშაობის პროცესიც მეტად მაბედნიერებს.“ რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვხვდებით ლინჩის ნამუშევართა დიდი ნაწილში  სხვადასხვა მასალის ნარევს, რომელიც ხშირად ამაზრზენის ასოციაციას ტოვებს - ლინჩი გვპასუხობს, რომ ამას თავად „ორგანულ ფენომენს“ უწოდებს. ამბობს, სხვადასხვა მასალის ერთმანეთში არევა ხშირად საოცარი შედეგის მომტანიაო. საინტერესოა, რომ მასალად ლინჩი როგორც აკრილისა თუ ტემპერის საღებავებსა და წებოს, ასევე, მაგალითად, სიგარეტის ნამწვებსაც იყენებს.




ლინჩის მხატვრობა მისი ფილმებივით სიზმრისეულია. ერთგვარი ვიზუალიზაციაა ფსიქიკაში ღრმად დამარხული ფიქრების, შიშების თუ განცდებისა. მის მრავალფეროვან ნახატებზე ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ როგორც უარყოფითი მუხტის მატარებელი უშნო ფიგურები, ასევე უცნაურ წარწერათა ფონზე გაცოცხლებული მოგონებები. დევიდ ლინჩის მხატვრობა უნიკალურია - მას შეუძლია ერთ ზედაპირზე ზებრა, რომელსაც საათს ეკითხება, ცნობა ყოფილი შეყვარებულის თმის ფერის შესახებ  და ის სახლი დაატიოს, რომელშიც ცხოვრობდა.