მექსიკური სწრაფი კვების ახალი რესტორანი Ahorita თბილისში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იგი მომხმარებელს მექსიკური კულინარიისათვის დამახასიათებელ გემრიელ და მრავალფეროვან კერძებს სთავაზობს. კერძების წარმომავლობაზე თავად სახელწოდება – ’’Ahorita-ც“ მეტყველებს. ეს ორმაგი დატვირთვის მქონე  მექსიკური სიტყვა ქართულად ,,ახლავეს“ ან ,,დაუყოვნებლივს“ ნიშნავს. Ahorita-ს ბრენდის შეფუთვასა და ლოგოზე, დამფუძნებლებთან ერთად, Hammock Magazine-ის გუნდმაც იმუშავა. მისი ლოგო და ილუსტრაციები კი ქართველ ილუსტრატორსა და გრაფიკოს-დიზაინერს – Kvachi-ს კუთვნის, რომელმაც თავის ნამუშევრებში ბრენდის კონცეფცია საინტერესოდ და ორიგინალურად ასახა. მან სცადა, რომ მისი ილუსტრაციები მექსიკური სიმბოლოებით უხვად დაეტვირთა და გაეხალისებინა.




"Ahorita-ს შეფუთვაში  არ მინდოდა  გამოსახული ყოფილიყო პირდაპირ  ბურიტო ან კესადია, ამიტომ პატერნის დიზაინი თვალისთვის ცნობადი სხვადასხვა მექსიკური სიმბოლოებით შევკარი“.

Kvachi ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას ემოციურ ფაქტორს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგანაც ფიქრობს, რომ ასე აუდიტორიამდე უკეთ მიიტანს სათქმელს. ამიტომაც ცდილობს, ილუსტრაციებში თავისი ემოციები,  დამოკიდებულება და ინდივიდუალიზმი უხვად ჩააქსოვოს, რაც Ahorita-სთვის შექმნილ ილუსტრაციებშიც ნათლად არის გამოხატული. დიზაინერმა ბრენდის ლოგოსა და ილუსტრაციებში, კერძების წარმომავლობასთან ერთად, მექსიკის კულტურა და ტრადიციებიც ასახა. ბრენდინგზე მუშაობისას მისი შთაგონების წყარო სწორედ ეს კულტურა და ტრადიციები აღმოჩნდა.



,,მექსიკელებს საოცარი ფოლკლორი,  მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები აქვთ. ლოგოს იდეა მექსიკური ტრადიციული გულებიდან წამოვიდა. გული მექსიკური კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ამ ულამაზეს გულებს სხვადასხვა მასალისგან სხვადასხვა ხელოვანები ქმნიან. გულები განსხვავებული ფორმისაა და ხშირად გამოსახულია ცეცხლთან ან სინათლის სხივებთან ერთად, ასევე ფრთებით, მახვილით, ეკლებით და ასე შემდეგ“.

Kvachi ყოველი ნამუშევრის შესრულებისას ცდილობს, თავისი გამორჩეული ხედვა და სტილი გამოხატოს, Ahorita-ს ლოგოსა და პატერნის დიზაინში კი, მექსიკურ განწყობასთან ერთად, არტისტის ორიგინალური ხედვაც იკითხება, რაც  ილუსტრაციების სრულყოფილ ნამუშევრად ქცევას განაპირობებს. ,,ზოგადად, პატერნის დიზაინზე მუშაობა ძალიან მიყვარს. პატარ-პატარა განსხვავებული ელემენტების ხატვით ვიწყებ, შემდეგ ამ ელემენტებს ერთად ვალაგებ და მთლიან პატერნს ვკრავ. წინასწარ არასდროს  ვიცი, როგორ დალაგდებიან ერთმანეთთან ისინი. სწორედ ამიტომაცაა ჩემთვის ეს პროცესი ყოველთვის საინტერესო და სახალისო“.




Kvachi ძირითადად ვექტორულ ილუსტრაციებზე, პოსტერის დიზაინსა და პატერნის დიზაინზე მუშაობს. არტისტი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ამ საქმიანობით გატაცება იაპონურმა კულტურამ განაპირობა, რომლითაც იგი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაინტერესდა. იაპონური პოპ-კულტურა და პოპ-სიურრეალიზმი მისი საყვარელი ესთეტიკაა. ამიტომაც იაპონური გავლენა მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა.